Saturday, November 26, 2011

დამცირების ემოციონალური ზონა

დამცირება იმ უძლურების შეგრძნებაა, როდესაც ინდივიდი, კოლექტივი ან ერი გრძობს, რომ ის აღარ არის საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული პირობები სხვის მიერ არის ნაკარნახევი და თავსმოხვეული.

დამცირების ემოცია გარკვეულწილად ყველა საზოგადოებაში არსებობს და ზოგჯერ ის შესაძლებელია სტიმულადაც კი იქცეს სოციალური სტიმულირებისა და წარმატებისათვის - ”მე განახებ რისი გამკეთებელიც ვარ!”.

მიჩნეულია, რომ 70-ნი, 80-ნი წლების პირველი აზიური ეკონომიკური საოცრება იყო წარმატებული რეაქცია იმ ეროვნული დამცირების ემოციისა, რაც მაშინ სამხრეთ კორეასა და ტაივანს გააჩნდათ და სურდათ ყოფილი მჩაგვრელისათვის (იაპონია) ეჩვენებინათ, რომ მათაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა გლობალურ ეკონომიკურ არენაზე. არდანებების მსგავსი განცდა ასევე ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი გახლდათ დღევანდელი ჩინური რენესანსისა

დამცირების ემოცია, რომელიც აზიის რეგიონში იაპონიის დომინანტი როლის საპასუხოდ გავრცელდა, დღესაც მუშობს, როგორც მასტიმულირებელი და ენერგიის მიმცემი საშუალება. თავის მხრივ დამცირების ემოცია დღეს უკვე იაპონელებშიც არსებობს ჩინელების დაწინაურების გამო.

იმისათვის, რათა დამცირების ემოცია მასტიმულირებელ ფაქტორად იქცეს, აუცილებელია იმედის მარცვალის არსებობაც - იმედისმომცემი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც შესწევს უნარი უკეთესი მომავლის იმედის დროშის ქვეშ დარაზმოს საკუთარი ხალხი.

დამცირების ემოციას იმედის მარცვალის გარეშე მივყავართ სასოწარკვეთილებამდე და შურისძიებისაკენ, რაც შესაძლოა ნგრევის იმპულსად იქცეს. დღეს, ამ ფორმით დამცირების ემოცია დომინირებს  მეტწილად ახლო აღმოსავლეთის არაბულ ისლამურ სამყაროში. რაღა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ისლამურ სამყაროზე როგორც ერთ მონოლითურ ერთეულზე. ისლამური სამყარო მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ და კულტურულ ნაირსახეობებს: შიიტები სუნიტების წინააღმდეგ, ზომიერები რადიკალების წინააღმდეგ, ახლოაღმოსავლელები აზიელების წინააღმდეგ. რეგიონი გდაჭიმულია დასავლეთით მაროკოდან აღმოსავლეთით კი  პაკისტანსა და ავღანეთამდე. ისლამური სამყარო ექსტრემალურად დაყოფილი და განსხვავებულია. ირანელებს არანაირი კავშირი არა აქვთ არაბებთან და თურქებთან. თურქები თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობით უცილობლად ახლო აღმოსავლეთ მიეკუთვნება, მაგრამ თურქული ელიტა თავს ევროპელად თვლის და სურს ევროკავშირში გაერთიანება.

დამცირების ემოცია გავრცელებულია მუსულმანური საზოგადოების ყველა ფენაში - ღარიბებიდან დაწყებული დამთავრებული ყველაზე მდიდრებით და ვესტერნიზირებული ადამიანებით. ახალი მომძლავრებული და რადიკალიზებული ისლამური იდენტურობა სწრაფი ტემპით ვითარდება. ხშირად კითხულობენ რა არის წყარო და საზრისი ამ ახლადწარმოჩენილი ისლამური იდენტურობისა? - ის სათავეს იღებს ღრმა ისტორიიდან, ისლამი არის რელიგია, რომელიც მე-7 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა ბიზანტიისა და სასანიდების იმპერიის მიჯნაზე, რომლებიც მაშინ დომინირებდნენ დასავლურ სამყაროს. ამ ახალი რელიგიის სახელით არაბებმა დააარსეს ახალი იმპერია, ხალიფატი, რომელიც შუა აზიიდან ესპანეთამდე იყო გადაჭიმული. სულ მალე ამ იმპერიის ხელისუფლების ცენტრმა არაბეთის ნახევარკუნძულიდან მაროკოში გადაინაცვლა იქიდან კი ბაღდათში აბასიდების ბატონობის დროს. ამ მოვლენების პარალელურად არაბული ენა გავრცელდა და გადაიქცა კულტურის გავრცელების საშუალებად, რომელიც მუსულმანურ სამყაროს გასცდა. არაბული ენა გახდა ლათინურის ექვივალენტი, რომელიც იგივე როლს რომის იმპერიის დროს ასრულებდა, არაბული ენა იმ ეპოქაში თითქმის იგივე ფუნქციას ასრულებდა, რასაც თანამედროვე ეპოქაში ინგლისური ენა ასრულებს. არაბული იქცა უნივერსალურ ენად - Lingua Franca - რომელსაც იყენებდნენ მუსულმანებიც, ებრაელებიც და ქრისტიანებიც. მკვლევარები დღესაც კი ვერ საზღვრავენ დაბეჯითებით იმ პერიოდის ზოგიერთი მეცნიერული და ფილოსოფიურ ნაშრომთა ავტორების რელიგიურ მიკუთვნებულობას, რომლებიც წერდნენ და აზროვნებდნენ არაბულად. არაბულ ენაზე მოღვაწეობა არ ნიშნავდა ავტომატურად ავტორის მუსულმანობას. რამდენიმე წლის წინ კაიროში ისტორიული გამოფენაც კი მოეწყო სათაურით "როცა მეცნიერება ლაპარაკობდა არაბულად".

ოტომანთა ხანა მე-16-18 საუკუნეებში იყო ბოლო დიდი გამოვლინება ისლამური სამყაროს ბრწყინვალებისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს ხანა იყო დასაწყისი მუსულმანური სამყაროს დაკნინებისა და დაღმასვლის. ამ დროისათვის მუსულმანური ცივილიზაციის მმართველი ოჯახი ლაპარაკობდა უკვე თურქულად. ამ დროისათვის დასავლეთი უკვე მუსულმანურ სამყაროს მიმართ შეტევაზე ხოლო ოტომანები კი თავს დაცვაზე იყვნენ გადასულნი. მე-18 საუკუნეში დაწყებული ისლამის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური დაკნინება  დღესაც გრძელდება.

დღეისათვის მუსულმანი მოსახლეობის ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობაში შეიძლება იზრდება კიდეც, მაგრამ ისლამურ სამყაროში დომინირებს პოლიტიკური და კულტურული დამცირების განცდა, შესაბამისად გაძლიერებულია მოთხოვნა ღირსების აღდგენისა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურადაც. თაობიდან თაობაში ისლამური სამყაროს უმრავლესობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იცვლება - საკუთარი უპასუხისმგებლო ლიდერებით წახალისებულნი, იმის ნაცვლად, რომ შეეცადონ საკუთარი საზოგადოების თვითანალიზი და გამოსავალსაც  საკუთარ წიაღში მიეგნონ, ისინი იოლ გამოსავალს სჯერდებიან და განტევების ვაცს დასავლეთის, ამერიკისა და ისრაელის სახით აღმოაჩენენ ხოლმე. საკუთარი საზოგადოების წარუმატებლობა სხვას ბრალდება.

განა საქართველოშიც იგივე არ ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენც სხვას ვაბრალებთ ჩვენს უუნარობას?!

დამცირების ემოციის დომინირებას ისლამურ სამყაროში მრავალი წყარო აქვს, უმთავრესი მაინც ისტორიული დაკნინების განცდაა. ისლამისტური ფანტაზიების მთავარი გენერატორი დაკნინების შიშია - ემოცია, რომელიც უჩნდება ყველა ცივილიზაციას, იმპერიას, ერსა და საზოგადოებას სხვადასხვა ინტენსიურობითა და პერიოდულობით. ოსმალოები, მაგალითისათვის, ბოლო სამი საუკუნე შეპყრობილნი იყვნენ საკუთარი დაკნინების განცდით. მე-19 საუკუნის მანძილზე მათ ევროპის ჩლექიან კაცსაც კი ეძახდნენ -"Sick man of Europe".
ევროპელებიც კი ალაპარაკდნენ საკუთარ დაკნინებაზე პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისეთი მოაზროვნეების პირით, როგორებიც სპენგლერი და ტოინბი იყვნენ, "ჩვენ, ცივილიზაციებმა ვისწავლეთ, რომ ჩვენ ვართ მოკვდავნი" - 20-იან წლებში წერდა ფრანგი პოეტი და ფილოსოფოსი პოლ ვალერი.

ისლამურმა წარმოდგენამ საკუთარ დაკნინებაზე, რომლიც დაიწყო მე-17 საუკუნის ბოლოდან, ახალ სიღრმესა და გაქანებას მიაღწია მე-20 საუკუნეში. მე-7 საუკუნეში არაბებმა შექმნეს ცივილიზაცია, სადაც სხვა ხალხებს იზიდავდნენ და რთავდნენ, მე-19 მე-20 საუკუნეებში კი ისინი თავად აღმოჩდნენ შესრუტული და ჩართულნი ახალ სამყაროში, სხვის ცივილიზაციაში, რომელიც დასავლითის მიერ შეიქმნა. არაბებმა თითქოს უკვე შეასრულეს საკუთარი მისია ძველი ბერძნული ნააზრევისა და ფილოსოფიის კაცობრიობისათვის შენარჩუნებით და ცივილიზაციის ესტაფეტა დასავლეთს გადასცეს. ამ კონტექსტში არაბების ცნობილი მარცხი 1967 წლის ე.წ. ექვსდღიან ომში ებრაელებთან მათ მიერ აღქმული იყო არა მხოლოდ როგორც სამხედრო მარცხი, არამედ როგორც უფრო საფუძვლიანი, ზნეობრივი მარცხი და დაკნინება. არაბებმა დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა და ეს იყო აღქმული როგორც მთავარი პრობლემა არაბული სამყაროსი. პრობლემა იყო უფრო მეტად კულტურული და მორალური ხასიათის, ვიდრე პოლიტიკური ან ეკონომიკური, ეს იყო ისტორიული შეურაცყოფა-დამცირება.

ძნელია ბოლომდე ჩაწვდე ისლამურ სამყაროში დაკნინების განცდის წარმოშობის ყველა მიზეზს. ის დრო, როდესაც ქრისტიანულმა დასავლეთმა დაიწყო საკუთარი რენესანსი ემთხვევა ისლამის დაქვეითების დაწყებას. გარდატეხის მომენტად ხშირად სახელდება 1683 წელი, როდესაც ოსმალოებმა ვერ შეძლეს ალყაშემორტყმული ვენის აღება. მათ გააცნობიერეს, რომ ისტორია - აქამდე მათ სასარგებლოდ წარმართული - უკვე მიმართულებას იცვლიდა. მათ სჯეროდათ, რომ კონსტანტინეპოლის აღებით 1453 წელს ისინი იტორიის რჩეულნი გახდნენ.  მაგრამ მათი უუნარობა შეენარჩუნებინათ უპირატესობა ქრისტიანულ ევროპაზე სამხედრო ტექნოლოგიისა და განსაკუთრებით კი თოფის წამლის და იარაღის კუთხით, აღმოჩნდა ძირითადი ფაქტორი ძალაუფლებისა და გავლენის ისლამური სამყაროდან დასავლეთისკენ გადასვლის საქმეში.

ისლამურ სამყაროში არსებულ დამცირების ემოციის უმთავრესი გამომწვევი მიზეზებია:

  • მათი ისტორიული დაქვეითების განცდა
  • მათი დაქვემდებარება დასავლური იმპერიალიზმისადმი
  • მათი ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობის გამო არსებული იმედების არგამართლება
  • ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მისი წარმატებები
  • ისლამური სამყაროს ლიდერების უუნარობა
  • გლობალიზაციის პროცესით გამოწვეული იმედგაცრუება
  • ნავთობის როგორც იარაღის ეფექტურად ვერგამოყენება

ისრაელის სახელმწიფოს არსებობა ისტორიული, კულტურული, დემოგრაფიული და რელიგიური მიზეზების გამო იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ისლამური სამყაროს დამცირების განცდის არსებობაში . ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება 1948 წელს იყო სიმბოლური შოკი არაბული სამყაროსათვის. ეს მათ თვალში იყო სრული მტკიცებულება საკუთარი უუნარობისა. დასავლეთში ზოგს ეს განცდა შეიძლება გადაჭრბებულადაც კი მოეჩვენოს, რადგან ისრაელი უზარმაზარ ისლამურ რეგიონში პატარა ტერიტორიას იკავებს, მაგრამ არაბებისათვის ამ შემთხვევაში, არა ტერიტორიის სიდიდე, არამედ ამ პატარა ტერიტორიის არსია მნიშვნელოვანი - იერუსალიმი ხომ ისლამის ერთ-ერთ წმინდა ადგილად ითვლება!

ეგვიპტე ალბათ ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად იყო შეურაცყოფილი და დამცირებული ისრაელის არსებობით. ექვს დღიანმა ომმა დაამსხვრია პრეზიდენტ ნასერის არაბული ნაციონალიზმის ამბიცია. იგი მანამდე, 1956 წელს წინ აღუდგა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ისრაელის ნეოიმპერიალისტურ საომარ ქმედებას და სუეცის არხის ნაციონალიზაცია და ექსპროპრიაცია მოახდინა, არხი მანამდე ბრიტანელების ხელში იყო. ნასერი ამ საქმეში ამირიკისა და საბჭოთა კავშირის დახმარებასაც კი ოსტატურად იყენებდა.მაგამ 1967 წელს 3 მილიონიანმა პატარა ქვეყანამ საჰერო უპირატესობის წყალობით სრულიად გააცამტვერა ნასერის სამხედრო ძალები. რაც ეგვიპტის  ჭრილობებს მარილს უმატებდა იყო ის, რომ ისრაელი იჩემებდა ეგვიპტის ყოფილი მონების სულიერ მემკვიდრეობას, იმ მონების, რომლებიც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა. როგორ მოხდა, რომ ამ მონებმა თავად დაამცირეს ფარაონ რამზეს მეორის მემკვიდრეები?

რაღა თქმა უნდა აქვე უნდა ითქვას, რომ ისრაელმა თავადაც შეუწყო ხელი ისლამურ სამყაროში დამცირების ემოციის დამკვიდრებას, მათი დასახლებების განუწყვეტელი გაფართოებით პალესტინის სიღრმეში. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული არაერთი დაპირების მიუხედავად, ისრაელელებმა აჩვენეს უგულისყურო დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა განაწილდეს პალესტინელებზეც, ებრაელებზეც, არაბ პოლიტიკურ ლიდერებზეც და საერთაშორისო საზოგადოებრიობაზეც.

მუსულმანები ხშირად დამცირების ემოციას მთელს მსოფლიოში ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოვლინებითა და ტერორიზმით  პასუხობენ. განსაკუთრებულად ამერიკას ადანაშაულებენ, ასევე მათი რისხვა და იმედგაცრუება მიმართულია საკუთარი კორუმპირებული მთავრობებისკენ, რომლებიც ამერიკის მოკავშირენი და კლიენტები არიან.

ისლამური სამყარო კარგად ხედავს თუ რაოდენ კარგად იყენებენ გლობალიზაციის პროცესს აზიური და დასავლური ქვეყნები თავიანთ სასარგებლოდ მაშინ როდესაც თავად ისლამური სამყარო ამას ვერ ახერხებს. ისინი უკიდურესად მცირე ინვესტიციებს დებენ განათლებასა და მეცნიერულ კვლევებში. ისლამურ სამყაროში ადამიანური განვითარების ინდექსის დაბალი დონეა, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის დეფიციტია, დემოკრატიის პროგრესის არქონაა, მზარდი დიფერენციაციაა ღარიბთა და მდიდართა შორის და ეს ფაქტორები კიდევ უფრო ამძლავრებს მათში დამცირების ემოციას.


იბადება კითხვა: ნუთუ ისლამი არათავსებადია თანამედროვეობასთან, კაპიტალიზმთან და დემოკრატიასთან? შესაძლებელია იქ ჭეშმარიტად დემოკრატიული საარჩევნო პროცესი? მაშინ, როდესაც არ არსებობს ზოგადად დემოკრატიული კულტურა და მძლავრი საშუალო ფენა, არჩევნებია გარდაუვლად დააწინაურებს არადემოკრატიულ ძალებს, როგორც პალესტინაში ჰამასის გამარჯვებამ ხოლო ირანში ე.წ. ზომიერების დამარცხებამ ნათლად გვიჩვენა.მაგრამ ამავე დროს ჩვენი მეზობელი თურქეთი არის ბრწყინვალე მაგალითი ამ წინააღმდეგობის დაძლევისა. მათი გზა გარკვეულწილად დასავლურისა და აზიურის ჰიბრიდია, რომელსაც ბოლომდე ჩამოყალიბებული მოდელის სახე ჯერ არც კი მიუღია.

უახლოესი ისტორია იმას გვიჩვენებს, რომ არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი მოდერნისტული და დემოკრატიული ისლამის გამოკვეთისა და აღმოცენების. ურთიერთობა ისლამსა და პოლიტიკას შორის ფუნდამენტალურად განსხვავდება ურთიერთობისაგან ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის. მაგრამ ეს ავრომატურად მაინც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დემოკრატია ისლამისათვის სრულიად მიუღებელია. დიდი რაოდენობა მეცნიერებისა და მოაზროვნეების ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, მალაიზია, ინდონეზია იკვლევენ თუ როგორ მოხერხდეს თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად გატარდეს ისლამის ორაგნულად ბუნებრივი ღირებულებები - პლურალიზმი, ტოლერანტობა და სამოქალაქო მონაწილეობა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი მკვლევარის აზრით პრობლემები თავად ისლამის რელიგიაშია. პირველი პრობლემა ისაა, რომ ამ მკვლევარების აზრით მუსულმანისათვის დამოკიდებულება ღმერთთან არის შიშზე აგებული და ნაკლებად სიყვარულზე. მეორე პრობლემა ისაა, რომ მათივე მტკიცებით, ისლამმა იცის ზნეობრიობის მხოლოდ ერთი წყარო - შეუცდომელი წინასწარმეტყველი მუჰამედი. მესამე პრობლემა ისაა, რომ ისლამში მძლავრად დომინირებს სექსუალური მორალი, რომელიც მომდინარეობს მუჰამედის დროინდელი არაბული ტომობრივი ღირებულებიდან, რომლებიც ამ მკვლევართა აზრით, შეუსაბამოა თანამედროვეობასთან. მათი აზრით სწორედ ეს ელემენტებია რაც განაპირობებს ისლამის ჩამორჩენას დასავლეთისგან და ახლა უკვე აზიისგანაც.

დღეს სრულიად ნათელია, რომ ქალის, როგორც თანასწორის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების გარეშე ვერც-ერთი საზოგადოება ვერ მიაღწევს საკუთარი შესაძლებლობების სრულ გამოვლენას. გლობალური კონკურენციის პირობებში განა ძალუძთ მუსულმანურ ქვეყნებს კონკურენციაში შევიდნენ სხვასთან საკუთარი მოსახლეობის მხოლოდ ნახევარის პოტენციის გამოყენებით?

მზარდი რაოდენობა განათლებული ქალებისა ევროპაში, ამერიკასა და თავად ისლამურ სახელმწიფოებში იბრძვიან ქალთა უფლებებისათვის ისლამის შიგნით. ეს მოძრაობა შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რევოლუციად და ცვლილებების მომტანად ისლამურ სამყაროში. კულტურათა ურთიერთ გამდიდრება სწრაფად ვითარდება დარაღა თქმა უნდა დღეს, გლობალური კომუნიკაციების ქსელების ხანაში ვერც-ერთი კულტურა ვერ იქნება იზოლირებული სხვა კულტურების გავლენისაგან.

ასევე პოლიგამიის საკითხი არის ნათელი მაგალითი იმ უზარმაზარი სხვაობისა, რაც წარმოდგენებშია ტრადიციულ ისლამსა და დასავლეთს შორის. დასავლეთისთვის სრულიად მიუღებელია პოლიგამია, მრავალცოლიანობა. ხოლო მართლმორწმუნე მუსულმანისთვის, ეს ისლამური კანონისა და ადათის დიდი მიღწევაა. დასავლელების მიერ პოლიგამიის დაგმობა მუსულმანისათვის შეურაცყოფის მიყენებაა. მუსულმანები თანამედროვე დასავლური საერთაშორისო წესრიგისა და კანონის ქვეშ ცხოვრობენ და ამ დასავლურ თანამედროვეობასთან ისინი შეუსაბამობაში მოდიან. ამიტომაცაა, რომ ისლამურ სამყაროში თანამედროვე კულტურა ნაკელბად წახალისებულია და ხშირად იდევნება კიდეც. ასეთ პირობებში საშიშია იყო მოაზროვნე, ინტელექტუალი ან ხელოვანი, სადაც მმართველ დესპოტებსა და რელიგიურ ფუნდამენტალისტებს საერთო ინტერესები აქვს - ჩაახშონ და აკრძალონ კრეატიულობისა და შემოქმედების თავისუფალი გამოხატვა.

რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქვეყნებში მხოლოდ ღმერთია პასუხი მათ წარუმატებლობის დაძლევაზე. ეს კი არის გზა საბოლოო დამარცხებისა, რადგან ის არ სთავაზობს არანაირ აზრიან სტრატეგიას თანამედროვე პრობლემატიკის დასაძლევად. ღმერთი - როგორც ერთადერთი პასუხი წარუმატებლობიდან ამოსასვლელად - არის პასიურობის, უმოქმედობის, საკუთარი შინაგანი პოტენციის არგამოყენების, ფუნდამენტალიზმისა და უვიცობის გზა.

”ხელი გაანძრიე და ღმერთიც მაშინ გიშველისო!” - ქართველ კაცს უთქვამს და მეც ამ რჩევით ვამთავრებ ამ სტატიას.

No comments:

Post a Comment