Monday, December 5, 2011

რუსეთი - შიშის, დამცირებისა და იმედის ნაზავის ემოციონალური ზონა (პირველი ნაწილი)

პოსტსაბჭოურ სივრცეში რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახელმწიფო, სადაც ძლიერად არის წარმოდგენილი შიშის, დამცირების და აგრეთვე იმედის ემოციები. სამივე ემოცია აღრეულია გრძნობებისა და იმპულსების მძლავრ ნარევში.


რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა დროის 11 ზონაზე გადაჭიმული დიდწილად აუთვისებელი ტერიტორიებით და 140 მილიონიანი მოსახლეობით (რომელშიც 20 მილიონი მუსულმანია), მძლავრი სამხედრო რესურსებით. რუსეთი ენერგეტიკული გიგანტია და მისი ნავთობისა და გაზის საბადოებს ანალოგი არ გააჩნიათ. რუსეთს აქვს პოტენცია წარმოადგენდეს ძალას როგორც სტაბილურობისათვის, ასევე არეულობებისა და უწესრიგობებიბის გამოწვევებისათვის. თუ როგორი მიმართულებით წავა რუსეთი, დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთის არჩევანზე, რამდენად ერთიანი იქნება იგი საზრიანი და ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში და რუსეთის აღქმისა და გაგების საქმეში.

1940 წელს ჩერჩილმა BBC-ის რადიოეთერში თქვა: "მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რუსეთის მომავალ ქმედებებს, იგი ლაბირინთია მისტერიაში გახვეული". ერთადერთი გასაღები ამ ლაბირინთისა არის რუსეთის ეროვნული ინტერესები და მისი, როგორც სახელმწიფოს სიამაყისა და დამცირების წყაროს ცოდნა.

დასავლეთში ხშირად კითხულობენ თუ რატომ არის, რომ ბოლო წლების რუსეთის ეკონომიკური პროგრესის მიუხედავად, რუსები შეპყრობილნი არიან თავიანთი ტრაგიკული მარცხის განცდით? რა არის ისეთი მათ გეოგრაფიაში, ისტორიაში, კულტურასა და რელიგიაში, რაც იწვევს ერთდოულად მათ უზომო სიამაყეს, მედიდურობას და ამავე დროს სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას?

გარკვეული ახსნა ალბათ იქიდანაც მოდის, რომ რუსეთში ისტორიულად არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა საკუთარ ბუნებრივ და საბოლოო საზღვარზე. სად მთავრდება მათი იმპერია? - ამაზე არ არსებობს მკაფიო პასუხი. არის უკრაინა, ბელორუსია რუსეთის ნაწილი? ის რთული ხლართი ემოციებისა, რომელიც ახასიათებს რუსებს, შეიძლება აიხსნას მხოლოდ როგორც შედეგი მათი ისტორიისა.

რუსეთის ემოციური მდგომარეობის ეს ნარევი ასევე განპირობებულია შემდეგი პარადოქსითაც: ერთის მხრივ რუსებისათვის დასავლეთი მიმზიდველია, ხოლო მეორეს მხრივ დასავლეთი მათთვის მიუღებელია, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ რუსები არ თვლიან საკუთრ თავს დასავლეთის ბუნებრივ ნაწილად. მე იგივე პარადოქსს ჩემს, ქართულ საზოგადოებაშიც მოჭარბებულად ვხედავ.

ცნობილი დებატები დასავლეთსა და სლავინოფილებს შორის თან სდევს თანამედროვე რუსეთის ისტორიას ჯერ კიდევ პეტრე დიდიდან მოყოლებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი რუსული იდენტურობის, რომელიც არის სამუდამოდ გახლეჩილი ერთის მხრივ დასავლეთის მატერიალიზმსა და დახვეწილობას და მეორეს მხრივ აღმოსავლეთის უხმო სტოიციზმსა და სულიერებას შორის. სლავინოფილები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის სული, მისი ეროვნული ხასიათი და ბედი ძევს მისტიურ აღმოსავლეთში და არა რაციონალურ დასავლეთში.

21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთი კვლავაც საკუთარი როლის ძიებაში მყოფი სახელმწიფოა. რუსეთის ისტორია არის ისტორია მუდმივი სწრაფვისა ტერიტორიული გაფართოებისაკენ. რუსეთი რეგულარულად ისწრაფოდა საზღვრისპირა ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ და ამ საქმეში ადგილობრივი ძალების გამოყენება მისი ნაცადი ხერხია. გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა რუსეთის ერთი მთავარი ლტოლვა - გაფართოვდნენ მათი არსებული საზღვრების მიღმა. ისტორიულმა ბედმა რუსეთს მისცა ისეთი საზღვრები, რომელიც ბუნებრივად არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, არასტაბილურია, მწირად დასახლებულია და მუდმივი კონფლიქტის საგანია მის მეტოქეებთან. ისტორიულად რუსეთისთვის ვერც დამატებითი ტერიტორიების შემოერთება, დაპყრობა და ვერც კოლონიზაცია ამ პრობლემას ვერ წყვეტდა.

რაც უფრო ღრმად, მისი მეზობლების წიაღში, გადასწევდა რუსეთი თავის სტრატეგიულ პერიმეტრს, უფრო მეტ და ძლიერ მეტოქეებს აწყდებოდა ახალი საზღვრების გასწვრივ. რუსეთის პოლიტიკაც, შესაბამისად მიმართული იყო სასაზღვრო ზონის გამაგრებისკენ, სხვაგვარად ის თავად იქცეოდა უცხოური აგრესიის პლატფორმად. ამიტომ, რუსეთის მმართველნი, დრო და ჟამის შესაბამისად, საზღვრისპირა ქვეყნებში ან მარიონეტულ რეჟიმებს ქმნიდნენ (და ამ ბუფერული ზონებით საკუთარ ტერიტორიას იცავდნენ) ან ახდენდნენ საზღვრისპირა ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსიფიკაციას. ხშირად ამასაც არ სჯერდებოდნენ და საზღვრისპირა ტერიტორიების ეთნიკურ წმენდას ახდენდნენ. ამის მკაფიო მაგალითია სტალინის მიერ ჩატარებული საზღვრისპირა ”არასანდო ერების” მასიური დეპორტაციები. ასევე პოსტსაბჭოური პერიოდის ლიდერების მიერ წახალისებული და ადმინისტრირებული ქართველების ეთნოწმენდა საქართველო-რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში.

ამიტომ, რუსეთი კვლავაც ჩათვლის მისი საზღვრის მთელ პერიმეტრზე არსებულ ტერიტორიას მისი სპეციალური გავლენის სფეროდ და შეეცდება მიმდებარე სახელმწიფოების კონტროლს, როგორც საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების აუცილებელ პირობას. სასაზღვრო სახელმწიფოებში რუსეთი ეცდება მეგობრული რეჟიმების წახალისებას.

საქართველოში რუსეთის ინტერესების აგრესიული ფორმით დაცვა სრულიად ადვილად განჭვრეტადი და ახსნადი მოვლენა გახლდათ.

კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით და ექსპანსია ქვეყნის გარეთ იყო რუსეთის ძირითადი საშუალება დაეცვა თავი მტრული მეზობლებისაგან საუკუნეების მანძილზე. ადვილად დასაცავი ბუნებრივი საზღვრების არარსებობის გამო რუსეთის ისტორიული სტრატეგია იყო ბუფერული ზონების დაარსება მასსა და მის მეტოქეებს შორის. უკრაინა იყო ასეთი ზონა თათრებისა და თურქების წინააღმდეგ საუკუნეების მანძილზე. პოლონეთი ასრულებდა ამ როლს გერმანიის წინააღმდეგ მე-19 საუკუნში და ასევე, 1939 წლის საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის დადებული პაქტის შემდეგ. ცივი ომის დროს კი  საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთევროპული სატელიტები თამაშობდნენ ბუფერის როლს.

რუსეთისათვის დღესაც უმთავრესი თავისტკივილია ყოფილი საბჭოური რესპუბლიკების რუსეთისათვის მტრულ ძალებთან ალიანსებში შესვლა. რუსეთის მმართველი ელიტა თვლს, რომ მათი ქვეყანა არის ისტორიულად და გეოგრაფიულად ერთ-ერთი მთავარი გარანტორი მსოფლიო წესრიგისა და მათი ეს ”გრანდ” სტრატეგია იქნება რუსული პოლიტიკის წარმმარველი წლების განმავლობაში. რუსეთი მსოფლიო როლის თვალსაზრისით, საკუთარ თავს ამერიკის თანასწორად განიხილავს. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოლიტიკა აგრძელებს კონცენტრირებას საერთაშორისო ურთიერთობების ისეთ სისტემაზე, სადაც მთავარი, სუპერსახელმწიფოები არიან ძირითადი გარანტორები გლობალური წესრიგის, მათ აქვთ უფლება უზრუნველყონ საკუთარი ეროვნული ინტერესები ისე, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ, პატივს სცემენ რუსეთის პრიმატს მათთვის მიკუთვნებულ გავლენის სფეროებზე და შეინარჩენებენ ზოგად ძალთა ბალანსს ერთმანეთს შორის.

სუპერსახელმწიფოების მიერ დომინირებულ საერთაშორისო სისტემაში, რუსეთის აზრით, პატარა სახელმწიფოები, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები -  მსოფლიო თანამეგობრობის არასრულფასოვანი წევრები, მოკრძალებულად უნდა იქცეოდნენ მაშინ, როდესაც დიდი სახელმწიფოები პოზიციონირებენ ერთმანეთში, რათა გაინაწილონ დომინანტი როლი პატარა სახელმწიფოებზე.

რუსეთის პოლიტიკა მკაფიოდ იკვეთება და იგი არის მიმართული რუსეთის გაძლიერებისაკენ. როგორც ძირითადი საერთაშორისო მოთამაშე, მისი მიზანია დომინირება პოსტსაბჭოურ სივრცეზე და პრაგმატული კოოპერირება დასავლეთთან იმდენად, რამდენადაც ეს რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შევა. ამავე დროს, რუსეთი ცდილობს არ მისცეს საერთაშორისო ნორმებსა და ინსტიტუტებს საშუალება რამენაირად შეზღუდს რუსული პოლიტიკა. რუსეთი ორიენტირებულია გააკონტროლოს ე.წ. ახლო საზღვარგარეთი და არ დაუშვას მეტოქის მიერ იქ გავლენის ზონების შექმნა.

დასავლეთის პოლიტიკური ტრადიციისაგან განსხვავებით, სადაც ძალაუფლება ეფუძნება რაციონალურ იდეებსა და ინსტიტუტებს, ბიზანტიური ტრადიცია ყოველთვის უკავშირებდა ძალაუფლებას რაღაც ირეალურს, არარაციონალურსა და პიროვნულს. მმართველობის ასეთი მოდელის პირობებში მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ლიდერის ხელში - ეს იქნება იმპერატორი, გენერალური მდივანი, კეისარი თუ პრეზიდენტი, რომელიც ხდება ეროვნული სიმბოლო, მისი არბიტრი და სტაბილურობის გარანტორი. რუსეთი საუკუნეების მანძილზე იყო სახლემწიფო ევროპაში, მაგრამ იგი არ ჰგავდა შინაგანად ევროპულ სახელმწიფოს.

რუსეთის იმპერატორებს პეტრეს და ეკატერინეს სჯეროდათ, რომ რუსეთს შეეძლო ევროპული მოდელის მორგება რუსულ პირობებზე ევროპული იდეების გადმოღების გარეშე. მათ უნდოდათ ევროპა ევროპული განმანათლებლური იდეების გარეშე.

პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რელიგიური ტოლერანტობა, წარმომადგენლობითი მთავრობა, მმართველის ძალუფლების შეზღუდვა იყო ის, რამაც საშუალო ფენაზე დაყრდნობით შესაძლო გახადა ევროპული საზოგადოების დაწინაურება. მაგრამ მთელი ისტორიის მანძილზე საშუალო ფენა არ არსებობდა რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. რუსული ინტელიგენცია ვერ ასრულებდა რუსეთში იმ როლს, რასაც საშუალო ფენა დასავლეთში.

პუტინიც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი მოდერნიზატორები, ძირითადად კონცენტრირებულია რუსეთის ეფექტურ და პროდუქტიულ ქვეყნად გადაქცევაზე და არა მისი პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციაზე. ამიტომაც, რუსეთი ყოველთვის იყო ევროპელებისათვის ანტიმოდელი, ანტითეზა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს განმანათლებლური საზოგადოება.

თავად მარქსიზმის გადმოთარგმნა საბჭოთა სინამდვილეში, კომუნიზმის იდოლოგია და ინსტიტუციებიც იქცნენ ტრანსფორმირებულნი, სადაც უნიკალურად და გამოკვეთილად რუსულ, ავტორიტარულ და არა უფრო დემოკრატიულ, ევროპულ სოციალიზმად. ნახევარი ევროპის კონტროლმა ვერ გააევროპელა რუსეთის შიდა პოლიტიკური ევოლუცია, არამედ პირიქით, მან აქცია აღმოსავლეთ ევროპა ნაკლებ ევროპულად.

ისტორიულად, და ეს არც არის გასაკვირი რუსეთის გეოგრაფიის მქონე ქვეყნისათვის, ამ სახელმწიფოს მთავარი აქცენტი კეთდებოდა ძალაუფლებასა და კონტროლზე. ტრადიციულად მთავარი მოთხოვნა რუსეთის პოლიტიკური ლიდერებისადმი იყო ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენა-შენარჩუნება, მისი ინტერესების აგრესიულად დაცვა, როგორც გლობალურად, ასევე მის სამეზობლოში, გავლენის ზონებში. დღესაც, ვისაც სურს რუსეთის სახელმწიფოს ქმედებების გათვლა, უნდა გაითვალისწინოს, რომ აგერ უკვე ორი დეკადის მანძილზე რუსეთის ძირითადი მიზანია ერთპოლუსიანი, ამერიკის მიერ დომინირებული მსოფლიო შეიცვალოს საერთაშორისო სამართლით მართულ რამდენიმე პოლუსიანი მსოფლიოთი, სადაც რამდენიმე ზესახელმწიფო ერთმანეთთან ურთიერთობით გადაწყვეტს პრობლემებს.

ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თანამედროვე რუსეთისა საბჭოთა კავშირისაგან არის ის, რომ რუსეთის მთავარი ვალუტა არის ენერგეტიკა - ნავთობი და გაზი. საბჭოთა კავშირის მთავარი ვალუტა კი იყო სამხედრო ძლიერება, ნავთობი და გაზი ამ დარგის განვითარებას ხმარდებოდა. პუტინის რუსეთი მზარდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკურ ფაქტორებს, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების მთავარ კომპონენტს. პუტინი სამართლიანად ამტკიცებს, რომ სამხედრო უსაფრთხოების დონე პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების ტემპზე. გაზპრომიც, და უფრო ნაკლები ხარისხით როსნეფტიც, არიან გარკვეულწილად ეკონომიკური იარაღი, რითიც კრემლი მოძრაობს საკუთარი დიპლომატიური მიზნების მიმართულებით.

საინტერესოა რამდენად მყარია გრძელვადიანად რუსეთის ასეთი აგრესიული საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუკი რუსეთმა ვერ მოახერხა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირების ტემპის გაზრდა.

რუსეთში კარგად აცნობიერებენ, რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია ენერგომატარებლებზე არსებულ ფასებზე და ის არის მძევალი გლობალური ენერგო ბაზრის რყევების. რუსეთს სურს ბარელზე 70 დოლარი და უფრო მეტი სტაბილური ფასი ნავთობის მაგრამ, ამავე დროს, არც თუ ისე ბევრად მაღალი, რადგან მომხმარებელი ქვეყნები ნავთობის მაღალი ფასების პირობებში იძულებულნი იქნებიანალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიება დაიწყონ. პუტინმა იცის, თუ რაოდენ დიდადაა რუსეთი დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკაზე (საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით) და რაოდენ სწრაფად შეიძლება ეს ახლად დაგროვებული რუსული სიმდიდრე ხელიდან იქნეს გამოცლილი. მან იცის, რომ ნავთობი და გაზი შეიძლება იყოს მხოლოდ ხიდი უფრო ფართო და დივერსიფიცირებული ეკონომიკისაკენ.

მთლიანად ეკონომიკა დღეს რუსეთში კვლავაც მოუქნელი და არაკონკურენტუნარიანია. ფიზიკური ინფრასტრუქტურა დაძველებულია, სამხედრო სფერო ღრმად კორუმპირებული და არაეფექტურია, ქსენოფობია საზოგადოებაში ჰყვავის და იზრდება. უფრო მეტად კი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა შეიძლება იქცეს მთავარ ბარიერად რუსეთის გრძელვადიანი შესაძებლობების რეალიზებისას.

ზემოთჩამოთვლილი სუსტი მხარეები შეზღუდავენ რუსეთის მცდელობას გლობალურ ასპარეზზე აგრესიულად თავის დაკვიდრებაში, მაგრამ ამავე დროს, ამ სისუსტეების გავლენა მოკლე და საშუალო ვადაში იქნება მაინც მინიმალური. და მაინც, რუსეთი არსებული ბუნებრივი, ფიზიკური, სამხედრო, გეოგრაფიული რესურსით არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და ვისაც ეს დაავიწყდება, მეზობელი იქნება თუ მისი ავისმსურველი, საკუთარ თავზე გამოცდის ასეთი უგუნურების შედეგებს. ეს კარგად გამოჩნდა ჩვენი ავადსახსენებელი აგვისტოს ომის დროსაც.


საქართველო ამ დასკვნამდე მხოლოდ საკუთარი გაჩანაგებისა და დამარცხების ხარჯზე მივიდა.

No comments:

Post a Comment