პირველად უახლეს ისტორიაში ჩვენი პლანეტის მომავალი აღარ იქნება განპირობებული მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.
მე სწორედ ამ მეგატრენდზე მსურს საუბარი, ანუ გავლენისა და სიმდიდრის დასავლეთიდან აზიისკენ გადანაწილებაზე, რასაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის მთელი რიგი შედეგები ექნება.
იმისათვის, რომ ეს გლობალური ცვლილება კარგად გავიაზროთ, უპრიანია ჯერ გლობალური ეკონომიკური განვითარების მოკლე ისტორია გავიხსენოთ.
ძალიან ბანალური იქნებოდა თქმა იმისა, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მათ მიერ გამოწვეული დესტაბილიზაციის ხანაში. ეს საშიშროებანი
ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში რეალურია. გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყოვლისმომცველია როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ევროზონის სახელმწიფო ვალის სიდიდე გლობალური ეკონომიკის ზრდას საფრთხეს უქმნის. გლობალური წესრიგიც ასევე გაურკვეველია. კეთილდღეობა და გავლენა იხრება ახალი გეოგრაფიული წერტილებისაკენ და ერებისაკენ. ძველი პოლიტიკური დოქტრინები და ერებს შორის ძალთა გადანაწილება შენარჩუნებადი აღარაა. ბუნებრივი გარემო, ტექნოლოგიები და მედია საშუალებები ჩვენს თვალწინ იცვლება, ეს კი, თავის მხრივ გამოიწვევს მთელ რიგ ცვლილებებს როგორც მთავრობებისა და ბიზნესებისათვის, ასევე ინდივიდუალური პიროვნებებისათვის.
1750 წელს
ადამიანების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ მსოფლიო ეკონომიკის კონფიგურაცია მუდმივია და ის აღარ შეიცვლება. ამის დასამტკიცებლად ფაქტები მათ გააჩნდათ - 1750 წლამდე ცვლილებები
და ეკონომიკური ზრდა მრავალი საუკუნის მანძილზე ძალიან უმნიშვნელო იყო.
რასაკვირველია მსოფლიო არ იყო მთლად სტატიკურ მდგომარეობაში, აშკარა იყო მეცნიერული პროგრესი. ფლორენციამ წარმოშვა რენესანსი ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ფინანსებში, კომერციაში, საბანკო საქმიანობაში, მეცნიერებასა და ინჟინერიაში. არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ადამიანის აზროვნებაში ადგილი აქვს ასეთი მასშტაბის გარღვევას და ადამიანის მოღვაწეობის ფართო სფეროებში დიდმასშტაბური ინოვაციები რეალიზდება. და მაინც, ეს ფენომენი კვლავაც მისტერიად რჩება და ბოლომდე არ არის ახსნილი, რატომ ხდება ხოლმე პერიოდულად ასეთი რანგის მოვლენები.
თუ ჩვენ ეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილის ცხოვრება რენესანსის მიღწევების მიუხედავად მაინც არ შეცვლილა. ეკონომიკის ზრდა იყო ძლიან მცირე. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ღატაკი, მცირედი მდიდარი ელიტის გამოკლებით. მხოლოდ ზოგან იყო მცირე კომერციაზე ორიენტირებული საშუალო ფენაც.
მე-18 საუკუნის დაახლოებით 50-იან წლებში ინგლისმა დაიწყო ინდუსტრიული რევოლუციის ახალი კურსი. ამას წინ უძღოდა აგრარული რევოლუცია და საკვები პროდუქტის ნამატის წარმოება. დაიწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა. ეკონომიკური ზრდა გაფართოვდა და უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად გახდა მდგრადი და სტაბილური. ეს მოდელი მე-19 საუკუნეში სწრაფად გავრცელდა კონტინენტალურ ევროპაში, შემდგომ კი ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ეს ეკონომიკური ზრდა 200 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. თანდათან ზრდის ტენდენცია არასრული ფორმით ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყნასაც შეეხო. ზრდის ტემპები წლიურად მხოლოდ 1-2%-ის ფარგლებში მერყეობდა. 200 წლის მანძილზე
არსებული ეკონომიკური ზრდა და მისი სამეცნიერო ტექნოლოგიური ბაზისი იყო უმთავრესი ფაქტორი, რამაც გამოიწვია კეთილდღეობაში უზარმაზარი განსხვავება დასავლურ, ინდუსტრიალურ მოწინავე ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.
200 წლიანი
ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის აქტიური დანერგვით წარმოებაში, ლოჯისტიკასა და კომუნიკაციებში, მენეჯმენტსა და ინსტიტუციონალურ ინოვაციაში, ქვეყნის მმართველობაში. ზრდა ასევე განაპირობა იმ მოდელებმა, რომლითაც პოლიტიკა და მთავრობა ურთიერთობდა ეკონომიკასთან.
ეკონომიკური ზრდის ეს სიკეთე პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეეხებოდა. 1950 წლისათვის საშუალო
შემოსავალი ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 20-ჯერ გაიზარდა (დაახლოებით 500 დოლარიდან 10 000 დოლარამდე), მრავალ,
უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში კი გაცილებით მეტადაც. მსოფლიო მოსახლეობის დანარჩენი 85% განიცდიდა მცირე ან სრულიად ნულოვან გაუმჯობესებას, ხოლო ზოგან მდგომარეობა კიდე უფრო გაუარესდა. ხალხთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებული იყო ნატურალური მეურნეობით და ცხოვრობდა სოფლად.
1750 წლამდე,
მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 100% იყო იგივე მდგომარეობაში, როგორშიც მსოფლიო მოსახლეობის 85% 1950 წლისათვის. ისინი
იყვნენ ღარიბნი და ცხოვრობდნენ გარემოში, რომელიც იყო ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ჩამორჩენილი და სტაგნაციაში მყოფი. რა თქმა უნდა არსებობდა მცირე ჯგუფი მდიდრებისა, რომელთაც ეკუთვნოდათ მიწა და ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლება. 1750 წლამდე ქვეყნებს
შორის განსხვავებაც იყო მცირე. კონტინენტური ევროპა და ჩინეთი ეკონომიკური ნიშნით დიდად არ განსხვავდებიდნენ ერთმანეთისაგან, უფრო მეტიც, მინგ დინასტიის დროს (დაახლოებით 1600 წლები) მკვლევართა აზრით ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მცირედით მეტი იყო ვიდრე ევროპელი მოსახლისა.
1950 წლისთვის
მსოფლიო ეკონომიკის სურათი იყო დასავლეთის 200 წლიანი უპრეცედენტო ეკონომიკური ისტორიის შედეგი. 740 მილიონო ადამიანი
ცხოვრობდა ინდუსტრიულ ქვეყნებში და 4 მილიარდზე მეტი მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობისა - ჩამორჩენილობასა და სიდუხჭირეში. მსოფლიოს მანამდე არ ახსოვს ასეთი კონტრასტი და განსხვავება.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან კი ტენდენცია შეიცვალა, თუმცა კი მაშინ ძნელი იყო მისთვის მეგატრენდი გეწოდებინა. განვითარებული ქვეყნების მსგავსად დანარჩენმა სამყარომ, ანუ განვითარებადმა ქვეყნებმაც დაიწყეს ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ამ ქვეყნების რაოდენობა იყო მცირე და ადგილი ჰქონდა ზრდის მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებს. მოგვიანებით კი ზრდის ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა და დაჩქარდა. დასავლეთელ მეცნიერთა აზრით ამით დაიწყო ერთ საუკუნოვანი სვლა გლობალური ეკონომიკისადმი, რომლის ბოლო წერტილი და დანიშნულების ადგილიც ალბათ უნდა იყოს 2050 წლისათვის ის მსოფლიო, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 75% იცხოვრებს განვითარებულ ქვეყნებში აქედან გამომდინარე ყველა შედეგით: შემოსავლების გაზრდილი დონე, ენერგიისა და მოხმარების ზრდა, ბუნებასა და ეკოლოგიურ რესურსებზე გაზრდილი პრესინგი და საშიშროება. ეკონომიკური ზრდის მრავალ ქვეყანაზე გავრცელებას ასევე თან ახლავს უჩვეულო სისწრაფე. მაღალი ეკონომიკური ზრდის განვითარებადი ქვეყნები ახერხებენ 25-30 წლიან ზრდის
პერიოდს, სადაც წლიურად 7%-ს და უფრო მეტ ზრდას აქვს ადგილი. ეს შევადაროთ დასავლური ქვეყნების 200 წლიან ზრდას - წლიურად 1,5-2%, ზოგჯერ 2,5%.
1750 წელს
ევროპელისათვის რომ გვეთქვა, რომ 200 წლის შემდეგ ევროპას ექნებოდა შემოსავალი დაახლოებით 40-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აზიასო, ჩვენ ალბათ შეურაცხად ადამიანებად მიგვიჩნევდნენ. იგივე ლოგიკით, 1950 წელს რომ
გეთქვათ რომ 100 წელიწადში შემოსავლები აზიასა და დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში გაუთანაბრდება დასავლური ქვეყნების შემოსავლების დონესო, ამ შემთხვევაშიც აბუჩად აგდება არ აგვცდებოდა. დღეს კი ფაქტია, რომ მოძრაობა სწორედ ამ ტრაექტორიაზე ხდება და მანძილის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. მიმდინარე პერიოდში წარმოიშობა კითხვები, რომელთა კანონზომიერ პასუხებზეც იქნება დამოკიდებული პროცესის ეფექტურობა. ასეთ კითხვათა რიგს განეკუთვნებიან:
- რამ განაპირობა მსოფლიოს მოსახლეობის დამატებით 60%-ის კეთილდღეობის გზაზე დაყენების პროცესის დაწყება?
- როგორ არის შესაძლებელი 10%-იანი ზრდის ტემპი, როდესაც წინა განვითარების ტემპი 2%-ს არ გასცილებია?
- რა დრო სჭირდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას სრული გარდაქმნისა და მოწინავე ქვეყნის სტატუსში გადასვლისათვის?
- არსებობს ბუნებრივი მუხრუჭები, რომლებიც გარდაუვლად შეაფერხებენ ამ პროცესს, ან მთლიანად შეაჩერებენ მას?
- რა განაპირობებს ზრდას მოწინავე ქვეყნებში და იმუშავებს თუ არა იგივე ფაქტორები განვითარებად ქვეყნებშიც?
- არის თუ არა დღევანდელი ფინანსური და გლობალური ეკონომიკური კრიზისი წინამორბედი იმ დესტრუქციული არასტაბილურობისა, რომელიც ჩემს მიერ დახატულ ტენდენციას შეაფერხებს ან მთლიანად დაამსხვრევს?
- რა დაემართება ჩვენს ბუნებას და შეძლებს თუ არა ჩვენი ეკოსისტემა გაუძლოს 4-ჯერ გაზრდილ პრესინგს მსოფლიოს გამდიდრებული მოსახლეობის მხრიდან?
- შევძლებთ კი საჭირო საკვებისა და ენერგიის წარმოებას, რაც დააკმაყოფილებს მდიდარი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას?
- ის მენეჯმენტი და მმართველობა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის, რაც დღესაა ეფექტური იქნება მომავალშიც თუ საჭირო გახდება მისი ფუნდამენტური ცვლილება?
ჩემი მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარების დინამიკა და სტრატეგია უფრო გასაგები გავხადო ჩვენი მკითხველისათვის. 2008 წლის მსოფლიო
ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დღესაც გრძელდება თითქმის მეორე დიდ დეპრესიაში გადაიზარდა, მხოლოდ მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების ეფექტურმა ჩარევამ განაპირობა ამ კატასტროფის არდაშვება.
განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკამ დაძლია ეს კრიზისი მართლაც განსაცვიფრებელი სისწრაფით, ვიდრე დასავლეთის მოწინავე ეკონომიკებმა. დღეისათვის სწორედ ისინი წარმოადგენენ გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი გენერატორს. დასავლეთის მოწინავე ქვეყნები კი შედარებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უმუშევრობის მაღალი დონით და დაბალი ეკონომიკური ზრდით. მათ მაღალი სახელმწიფო სესხი და ბიუჯეტის უკონტროლო დეფიციტი აქვთ. ამ რთულ გარემოში მოწინავე ერები ცდილობენ შეთანხმებული კოლექტიური ქმედებებით შეძლონ გლობალური ეკონომიკის დაბალანსება-სტაბილიზირება, რათა დაუბრუნდნენ იმ პირობებს, სადაც კვლავ მიეცემათ ეკონომიკური ზრდის საშუალება.
ამ კრიზისამდე საერთაშორისო კოოპერირების პრიორიტეტებს სახავდა დიდი შვიდეული ე.წ. G7, რომლებიც მოწინავე ქვეყნებს წარმოადგენდნენ. კრიზისის შემდეგ კი პრიორიტეტებს უკვე ე.წ. G20 აყალიბებს. აქ უკვე შედიან ზოგიერთი დიდი სახელმწიფო და ასევე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნები.
მთავარი შეკითხვა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგება შემდეგია:
შეძლებს თუ არა ”დიდი ოცეული” შეინარჩუნოს გლობალური ეკონომიკის ღია ხასიათი, საფინანსო სისტემის ეფექტურ რეგულირებას, თავიდან აიცილოს დამანგრეველი დეფლაციური ციკლი, შექმნას ეფექტური საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ და შეამსუბუქებენ მომავალ შოკებს.
ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად შეძლებს G20 ამ ამოცანების გადაჭრას. ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ პირველად ისტორიაში, თანამშრომლობის ატმოსფეროში ერთობლივ
მუშაობას მოწინავე და სწრაფად განვითარებადი ქვეყნები.
No comments:
Post a Comment