Sunday, November 13, 2011

გავლენისა და სიმდიდრის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადასვლა (გაგრძელება)

ჩვენ ვაგრძელებთ თემას მსოფლიოში დღეისათვის არსებული ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მეგატრენდის შესახებ, რაც სიმდიდრისა და გავლენის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაადგილებაში გამოიხატება.


ვთქვით, რომ ძირითადად სამი ემოციური ზონაა მსოფლიოში: იმედი, შიში,  დამცირება.


ვთქვით ისიც, რომ იმედის ძირითადი ჰებითატი აზია გახლავთ, სადაც სოციალური და  კონომიკური გაუმჯობესების მაღალი ტემპია გაბატონებული. დიდი უმრავლესობა აზიის საშუალო ფენისა, არამარტო იღწვის იქით, რომ დაეწიოს დასავლეთს, არამედ სრულად არიან დარწმუნებულნი, რომ ეს მალე მოხდება. იმედი ეფუძნება იმას, რომ შენ აწმყოში აუმჯობესებ შენს მდგომარეობას და არა მხოლოდ რწმენას იმისას, რომ ოდესღაც მომავალში უკეთესად იქნება საქმე, ანუ იმედი არის არსებული რეალობა აწმყოში, ამ წუთას, აქ შენს გარემოში უკვე  განხორციელებული უკეთესობა. ამგვარად, აზიური სამყარო არა მხოლოდ თანმიმდევრულად სცილდება უკეთესი მომავლისადმი რწმენას, არამედ ამყარებს პირდაპირ და ცოცხალ იმედს  მატერიალურ პროგრესსა და გაუმჯობესებაზე, რომელსაც  ხედავენ, ესმით, ისმენენ, გრძნობენ, სინჯავენ და განიცდიან მათ ირგვლივ სწრაფად ცვალებადი სამყაროს პირობებში.

აღმშენებლობის პროცესი იქ უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ის რაც ამერიკაში ერთ წელზე მეტ ხანს მოითხოვს, ჩინეთში ერთ კვირაში მთავრდება. ყველაზე საწყენი ისაა, რომ თითქოს ამერიკელები შეეჩვივნენ კიდეც აზრს, რომ ამერიკის საუკეთესო ხანა წარსულში იყო და ჩინეთისა  მომავალშია. ეს განცდა მეტად გავრცელებულია მთელ ამერიკაში, პოპულარული აზრია, რომ თუკი მე-19 საუკუნე ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს, მეოცე - ამერიკას, 21-ე იქნება ჩინეთის.

მომდევნო გადაცემებში ამას გამოვკვეთავთ, მაგრამ ამ აზრის დასაბუთებისათვის მრავალი ემპირიული მონაცემი არსებობს. თუმც კი, მე მჯერა ამერიკული საზოგადოების შემომქმედი და გამომგონებლური ბუნების, მისი უზომო ნიჭის, მისი მოქნილი ეკონომიკის, მისი შრომის კულტურისა და ინოვაციური სულისკვეთების. ეს ყველაფერი არის წამყვანი ფაქტორები იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს წარმატებული ამ ცვლილებებით აღსავსე სამყაროში, მაგრამ დღეს სახეზეა ამერიკა, ქვეყანა ამოუწურავი შესაძლებლობებისა და პოტენციისა, რომელიც იმედგაცრუების, პოლიტიკური პარალიზებისა და ქაოსის მდგომარეობაშია და მომავლისადმი სკეპტიკური განცდითაა.

250 წლის მანძილზე პირველად  დასავლეთი უკვე ერთპიროვნულად ვეღარ წყვეტს კაცობრიობის ბედსა და პრიორიტეტებს. ცენტრალური როლის შეფარდებითი დაკარგვის ეს განცდა, დასავლეთში შიშის გამომწვევ გარკვეულ იდენტურობის კრიზისს იწვევს. ეს განცდა აერთიანებს დასავლური ცივილიზაციის ორ ტოტს - ამერიკულსა და ევროპულს. როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს მათში, ეს ორივე შტო ერთი და იგივე გამოწვევის წინაშეა - გლობალიზაცია ექსკლუზიურად მათ უკვე   აღარ ეკუთვნით.  განცდა რეალობისა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი საკუთარი მომავლისა არის შიშის მთავარი წყარო, რომელსაც დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა იზიარებს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დასავლური პოლიტიკური პროცესის პარალიზება, შემოსავლებს შორის არნახული დიფერენციაცია, სიმდიდრის უსამართლოდ და დაუმსახურებლად არათანაბარი განაწილება მოქალაქეებს დასავლეთის ორივე შტოს წარმომადგენელ ქვეყნებში უქმნის თავიანთი დემოკრატიული მოდელის, დემოკრატიული იდეალების გაუფასურების განცდას. ეს მოზღვავებული შიშის განცდა და კულტურა ამცირებს იმ ხარისხობრივ უპირატესობას, რაც ერთ დროს დემოკრატიულ რეჟიმებს ჰქონდათ არადემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებაში.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ევროპა  პრობლემის გადაჭრის  წყაროს ნაცვლად თავად ხდება პრობლემის წყარო. არადა სულ ცოტა ხნის წინად 1989 წლის ბერლინის კედლის დაცემა იყო სიმბოლური კულმინაცია ევროპის იმედის განცდისა და კულტურისა, როდესაც ევროპის მთელს კონტინენტზე ზეიმობდნენ იმ კედლის დაცემას, რომელიც ევროპას ყოფდა ორად. დღეს კი, სამწუხაროდ იქმნება იმის განცდა,  რომ ევროპელებს კვლავაც სურთ კედლის აღდგენა, რომელიც მათ დაიცავდა დანარჩენი სამყაროსგან,  დაიცავდა ევროპას გარე სამყაროსთან კონკურენციისაგან, სამხრეთული ქვეყნებიდან იმიგრაციისაგან, ისლამური ტერორიზმისაგან და ა.შ. მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპას კვლავაც აქვს ნიშური ბრწყინვალების სფეროები, ეკონომიკური სიძლიერის არეები, როგორიცაა: ფუფუნებისა და მაღალხარისხიანი საგნების ინდუსტრია; ატომური ენერგეტიკა საფრანგეთში; ზუსტი ხელსაწყოების, დანადგარების და მანქანათმშენებლობა გერმანიაში; საერთაშორისო მაღალი ფინანსები ლონდონში; საოჯახო ბიზნესის დინამიზმი იტალიაში. საკითხავია, თუ იქნება ეს საკმარისი ევროპული კონტინენტის ეკონომიკური დაკნინებისაგან დასაცავად? რომც მოახერხონ ევროპელებმა მეორე დიდი დეპრესიის თავიდან არიდება, მომავალი თანმიმდევრული დაღმასვლა თითქმის გარდაუვალია.  მე სულ ერთი კვირაა რაც ლონდონიდან დავბრუნდი და გამიჩნდა განცდა იმისა, რომ არის სრული გაურკვევლობა და შეშფოთება იმაზე, თუ რას ემსგავსება ევროპა. იქ არის შიში განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებიდან, ჩრდილო აფრიკიდან მომავალი ღარიბი მასების ემიგრაციისა.

მრავალი ევროპელის გონებაში ბარბაროსები არამარტო მოადგნენ ევროპის კარებს, არამედ უკვე ციხესიმაგრის კედლებზეც გადაცოცდნენ, კალიებივით შემოესივნენ და სამარადისოდ ცვლიან ევროპულ საზოგადოებას. როცა მე აღვწერ ამერიკული შიშისა და კულტურის განცდას, გათვალისწინებულია ჩემი პიროვნული მიდგომა ამერიკასთან. მე იქ მივიღე განათლება და ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. ამერიკა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ვიდრე მხოლოდ განათლების წყარო და ადგილი, რადგან ამერიკამ პოლიტიკურ ლტოლვილობაში ყოფნისას მაჩუქა სიცოცხლე, მომცა იმედი, სასოება, ოჯახი და შვილები, ოცნებების აღსრულება. ჩემი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის წლებმა  ჩემი ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალა. ჩემდა სამწუხაროდ,  2001-2008 წლების ამერიკა არ ჰგავს 90-იანი წლების დასაწყისის ამერიკას, რომელმაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. ამიტომ ამერიკის შემთხვევაში არ ვარ ნეიტრალური დამკვირვებელი და მაინც ვიტყვი, რომ ამერიკაც ევროპასთან ერთად არის დაეჭვებული და შიშით აღსავსე. იქ ხშირად კითხულობენ: დავკარგეთ ჩვენი მორალური უპირატესობა? დავკარგეთ ჩვენი უნიკლური ეროვნული მისია და ჩვენი ადგილი მსოფლიოში? დაიწყო ჩვენი დაღმასვლა? ისინი უკვე ეჭვის ქვეშ აყენებენ თავიანთი მოდელისა და სისტემის უნივერსალისზმსა და ეფექტურობას. ტრადიციულად ამერიკული ოპტიმიზმი, იდეალიზმი, ინდივიდუალიზმი, გამომგონებლობა, პროფესიონალიზმის კულტი, რწმენა საკუთარი უნიკალურობისა და ამერიკული ოცნებისა, წარმოადგენდა ამერიკული წარმატების სტრატეგიის მთავარ შემადგენელს. ახლა ამერიკელების ნაწილი ამ ამერიკული ღირებულებების უნიკალლურობაში ბზარს ხედავს. ამასთანავე ობიექტურად  ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული დინამიზმი, ბრწყინვალების კულტი, სიტუაციის გამოსწორების დიდი ტრადიცია, სოციალური და ეკონომიკური სიძნელეებიდან თავის დაღწევის უნარი, გაცილებით ძლიერია ვიდრე ევროპაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, ამერიკის დაქვეითების  რეალობა ნათელია.

ამერიკის ძალაუფლება და სიძლიერე აქამდე მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელის მიმზიდველობაში იყო. თუ კი ეს მოდელი აღარ არის ძველებურად მიმზიდველი და მას ყავლი გაუვიდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მაშინ მსოფლიოს ლიბერალური დემოკრატიის პოზიცია ნათელი აღარ არის. ამერიკა განიცდის თანდათანობით შედარებით დაღმასვლას, ჩვენ ვიმყოფებით ხანგრძლივ პერიოდში პოსტდასავლური მსოფლიოსაკენ. ეს არის მსოფლიო, სადაც დასავლური დიდი სახელმწიფოები ერთპიროვნულად უკვე ვეღარ მართავენ მსოფლიოს, ერთპიროვნულად ვეღარ აყალიბებენ მსოფლიო პროცესებს. ეს არ ნიშნავს მარტივ წარმოდგენას ამერიკული სამყაროს დასასრულის და მისი ჩინური საუკუნით ჩანაცვლებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება მსოფლიო, სადაც განსხვავებული ინტერესების მქონე მეგა სახელმწიფოებიიქნებიან ერთმანეთთან კონკურენციულ დაპირისპირებაში. აზიაში ჩინეთი შეეცდება ჰეგემონის როლის შეძენას და ეს იქნება ამერიკის პირდაპირი გამოწვევა. ამ შემთხვევაში გაჩნდება შეკითხვა - დაუშვებს თუ არა ამერიკა ჩინეთის ჰეგემონის როლს აზიაში? და თუ შეიარაღებული კონფლიქტის აუცილებლობის ალბათობა არსებობს, ის სადღაც აზიაში იქნება. გადავხედოთ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, სადაც ჩინეთი აცხადებს ტერიტორიულ მოთხოვნებს ამ წყლებში, ჯერ კი მხოლოდ 2011 წელია. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ჩინეთის სრული ძალა. დავუშვათ ჩინეთი შეუტევს მის ტრადიციულ გეოპოლიტიკურ მეტოქეს ვიეტნამს, როგორი იქნება ამაზე ამერიკის რეაქცია?

დიდი სახელმწიფონი არიან დიდნი მათი ექსპანსიური ბუნების გამო, ისინი სხვა ხალხების ტერიტორიების ექსპანსიასა და დაპყრობას აწარმოებენ და ამ ტერიტორიების ინკორპორირებას ახდენენ საკუთარ იმპერიაში. ამიტომაც არის, რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი იმპერიები გამოირჩევიან დიდი მრავალეთნიკურობით და მრავალეროვნულობით. ყველა მათგანს აქვს გავლენის სფეროები და აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიები. ეს კი, როგორც წესი კონფლიქტის პროვოცირების წყარო შეიძლება იყოს. ამიტომ, ჩვენ შევდივართ ძალიან საშიშ და არასტაბილურ ხანაში. დიდი სახლმწიფოების აღზევება-დაღმასვლაში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს და ასპარეზზე ახალი სუპერ სახელმწიფოების გამოჩენას ჩვეულებრივ, ომი მოსდევს ხოლმე, ასეთია ისტორიული რეალობა. ამიტომ დასავლეთის საერთაშორისო პოლიტიკა სწორედ ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს მიმართული. ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა წარიმართოს იქით, რომ მოხდეს დიდი სახელმწიფოების შემოყვანა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის სტრუქტურებში. ჩვენ უნდა გვსურდეს მათი ხილვა მოლაპარაკებების უმთავრეს მაგიდასთან, ე.წ G20 დიდ ოცელულში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ა.შ. რაღა თქმა უნდა ამის შემდეგ პრობლემა იქნება როგორ დაბალანსდეს საკუთარი ღირებულებები და უსაფრთხოების ინტერესები. საგარეო პოლიტიკა არის განუწყვეტელი ბალანსი რეალიზმსა და იდეალიზმს, ინტერესებსა და ღირებულებებს შორის, რომლებიც ძლიან იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.

ასეთ პირობებში ამერიკის პრობლემაა ის, თუ როგორ მართოს საკუთარი დაქვეითების და დაღმასვლის ურთულესი პროცესი. საერთაშორისო წესრიგის ყველაზე დიდმა ბურჯმა რყევა დაიწყო და დანარჩენი სამყარო საგონებელშია ამ დაქვეითების შესაძლო შედეგების გააზრებისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 5 წეილწადში, 2016 წელს ჩინეთი გაასწრებს ამერიკას ერთობლივი ეროვნული შემოსავლით, ანუ ჩინეთის ეკონომიკა 5 წელიწადში გადაასწრებს ამერიკის ეკონომიკას. მაგალითისათვის, ამერიკას სჭირდება 7  წელი იმისათვის, რომ ნიუ-იორკში მეტროს ახალი ხაზი გაიყვანოს, ხოლო ჩინეთი 1 წელიწადში აშენებს მეტროს მთელ სისტემას, ერთ ხაზს კი არა, 200 კმ სიგრძის ლიანდაგის მქონე სრულ სისტემას!

ამერიკის პოლიტიკური სისტემა პარალიზებულია, რაც ამერიკის მთავრობას არ აძლევს საშუალებას განახორციელოს ეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ახლა ამერიკის მმართველობა და იქ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად განჭვრეტადია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ამის გამო ამერიკაში დომინირებს შიშის ემოცია, ამიტომ ადამიანებს აღარ გააჩნიათ მკაფიო მოსაზრებები აქტუალური საკითხების ირგვლივ. მე მჯერა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამერიკა თავს დააღწევს ამ კრიზისსა და შეჭირვებას. მის პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ფიქრი ჩემი ინტერესის სფეროა, მაგრამ არა მგონია აქ ამ თემის გაშლის და დეტალებზე საუბრის აუცილებლიბა იყოს. გავიმეორებ მხოლოდ იმას, რომ ძველი წესრიგი, რომელიც დომინირებდა ამერიკისა და ევროპის მხრიდან, იცვლება წესრიგით, სადაც ძალაუფლება მძლავრად არის გაზიარებული არადასავლური მზარდი სახელმწიფოების მონაწილეობით. სახეზეა მარტივი სურათი:

ძველი წესრიგი - G7; ახალი წესრიგი - G20.

ამერიკა კვლავ რჩება ამ წესრიგის მთავარ ბურჯად და მისი დაღმასვლა, ჩემის აზრით დროებითია და მან უნდა შეძლოს მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ მისი შედარებითი გავლენა მაინც შემცირდება, რადგან არადასავლური სახელმწიფოები იზრდებიან და ვითარდებიან. ერთი მეტად ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ნურიელ რუბინის ფრთიანი გამონათქვამი მინდა გავიხსენო: ”ამერიკა დღეს არის ყველაზე მაღალი ლილიპუტი - სილამაზის კონკურსში ყველაზე ნაკლებად მახინჯი. ის არის ლიდერი არა იმიტომ, რომ ის საუკეთესოა, არამედ იმიტომ, რომ სხვები არიან ძალიან ცუდნი”.

ეს გამონათქვამი ცოტა ხნის წინათ არსებულ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას მაგონებს. მიშა იყო შედარებით მაღალრეიტინგული არა იმიტომ, რომ იგი მართლა მაგარია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია იყო მთლად წყალწაღებული და მის მიერვე დიდწილად მოსყიდული. დღეს კი საქართველოში სიტუაცია იცვლება. ცნობილი გამონათქვამის შესაბამისი განცდა მაქვს ”დრონი მეფობენ და არა მეფენი”.

შემდეგი სტატია იმედის ემოციის მქონე ქვეყნებზე გვექნება, ჩინეთი, ინდოეთი, ე.წ. ჩინდია!

No comments:

Post a Comment