Monday, October 3, 2011

აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვმონაწილეობ!

თითქმის ორ-ნახევარი წელია საქართველოდან მოშორებულს, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა აღარ მიმიღია. ამერიკაში გატარებული ეს წლები უმთავრესად გახლდათ დრო განსჯის და საკუთარი შეხედულებების გარკვეული გადაფასებების. ამ დროის განმავლობაში ვაწარმოებდი სამეცნიერო პრაქტიკულ კვლევებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ცვლილებების ფონზე თანამედროვე სახელმწიფო მართვის ახალი მოდელების შექმნის მიმართულებით. ამ მოდელების პრეზენტირებას სისტემატიურად ვახდენდი შეერთებული შტატების ექსპერტული საზოგადოების წინაშე. ამასთან ერთად, არასოდეს შემიწყვეტია ფიქრი ჩემი ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების ძიების მიმართულებით.

მსურს ჩემი ნააზრევი  თქვენც გაგიზიაროთ. ეს ყველაფერი ჩემი რამდენიმე ბლოგის საშუალებით მინდა განვახორციელო. პირველ ბლოგსმეგატრენდივუწოდეთ. ამ ბლოგში ძირითადად მეგატრენდებზე გვექნება საუბარი. მეგატრენდები მსოფლიოში მიმდინარე უმთავრესი პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციებია. პოლიტიკა და ეკონომიკა, განათლებასთნ ერთად  ყოველთვის გახლდათ ჩემი ინტერესის სფეროები.


მიმზიდველია ეკონომიკა, რომელსაც შესწევს უნარი საზოგადოების  სიღატაკიდან ამოყვანის, ეკონომიკა სადაც მონაწილენი წარმატებას აღწევენ შრომისა და გაწეული ძალისხმევის საფუძველზე და არა მათი სიმდიდრისა და კონტაქტების გამო, სადაც ბიზნეს-გარემო სამართლიანია და ყველაზე თანაბრად ვრცელდება. ეკონომიკა, რომელსაც შესწევს უნარი მოახდინოს პატარა ქვეყნის კატაპულტირება ყველაზე მდიდარ ქვეყნების რიგში.

ღრმად მწამს, რომ თანამედროვეობის პირობებში ეროვნული განათლების სისტემა ეროვნული უშიშროების ტოლფასია. დღევანდელი ულტრაკონკურენციის პირობებში მჯერა, რომ საქართველოს წარმატების ფორმულა არის განათლების სისტემა, რომელიც ეფუძნება პარტნიორობას მასწავლებელს, მშობელსა და სახელმწიფოს შორის. მოწაფის ეფექტური განათლების მიღებაზე პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულებაც ამ სამ ძირითად მხარეზე უნდა გადანაწილდეს.

მიმზიდველია პოლიტიკა, სადაც იდეების, პრობლემების გადაჭრის მექანიზმებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარების სხვადასხვა შესაძლო მიმართულებებს შორის დებატებს აქვს ადგილი. ასეთი დებატები საზოგადოების საუკეთესო მასწავლებელია, უკეთესი ქვეყნის აშენების წინაპირობაა. პოლიტიკა უმთავრეს კითხვას უნდა სცემდეს პასუხს - როგორ ქვეყანაში სურს საზოგადოებას ცხოვრება და რა როლი უნდა ითამაშოს მისმა  ქვეყანამ მსოფლიოში? მოსაწონია პოლიტიკა არა ტრივილური, ჭორაობაზე აგებული, არამედ პოლიტიკა დიდი ხედვის შესახებ, ქვეყნის სტრატეგიის შესახებ, ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შესახებ. სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს შორის შეთანხმება, კოოპერირება და სინერგიის მიღწევა - ეს არის ნამდვილი პოლიტიკა! მხოლოდ ასეთი პოლიტიკა შობს ჯანსაღ საზოგადოებას. უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ ასეთ პოლიტიკაში წარჩინებული ადამიანებიც აქტიურად მონაწილეობენ! საქართველოში კი პოლიტიკა ნებისმიერი არაპროფესიონალის ასპარეზის სფეროდ იქცა, ეს უკიდურესად ნეგატიური ლოკალური ტრენდია და ქვეყანას მაღალ შედეგებამდე ვერასოდეს მიიყვანს.

პოლიტიკური საქმიანობა დიდი იდეებისა და ამოცანების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს. მოსაწონია პოლიტიკა, რომელსაც განასახიერებდნენ რუზველტი, კენედი, რეიგანი, დე გოლი და არა ადამიანები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ეგოისტური კინკლაობა და  ჩუმი გარიგებებია, არცერთი ქვეყნისათვის არ მოუტანია ასეთსაქმიანობასწარმატება!

დიდი ხანია ვფიქრობ გამოსავალზე. მომავალში, ჩვენი საზოგადოების შინაგანი ევოლუციის და ქვეყნის მომავლის პერსპექტივების შესახებ მსურს შევქმნა ფუნდამენტური ნაშრომი. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ნაშრომი დააინტერესებს და შეძლებს მის პრაქტიკულ გამოყენებას. ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ფართო აუდიტორიამდე მიტანას წინა წლებში მე პოლიტიკური ტრიბუნიდანაც შევეცადე, მაგრამ მაშინ შედეგი არცთუ სახარბიელო იყო. ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ასპარეზიდან, მაშინ როდესაც, მე რომელიმე პოლიტიკური თანამდებობაზე კონკურენტად არავინ განმიხილავს, უფრო შესაძლებელი იქნება ამ საკითხების მეტად აქტუალიზება და საზოგადოების ინფორმირება და მომზადება 21- საუკუნისთვის. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება - აღარ ვმონაწილეობ აქტიურ პოლიტიკაში და კონცენტრირებას ვაკეთებ განათლების სფეროზე!

დღეს გამუდმებით ისმის გულისტკივილი - როდის გამოჩნდება ჩვენი გადამრჩენელი?" ჩვენი საზოგადოება მუდმივად ეძებს ხსნას სხვაში, გადამრჩენი კი ამდენი საუკუნეა არ ჩანს, რადგან ნამდვილი ლიდერები ციდან არ ჩამოდიან. ისინი საზოგადოებამ უნდა შვას და დააწინაუროს. მერწმუნეთ, პოლიტიკის გაჯანსაღება საზოგადოების გაჯანსაღებით იწყება. ისტორიულად, მცირე გამონაკლისების გარდა, როგორიც იყო საზოგადოება, ისეთივე იყო მისი რჩეულიც.

ნუ ვიწუწუნებთ, მოდით მიზეზებზე და გამოსავალზე ვიმსჯელოთ. ამ ბლოგის საშუალებით მე ვაპირებ მოგაწოდოთ საკუთარი მოსაზრებების მთელი სერიალი, სადაც მსურს თქვენთან ერთად გავაანალიზო მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში არსებული გლობალური მოვლენები და ტენდენციები. შევეცადოთ ერთად შევაფასოთ ამ გლობალური ტენდენციების (მეგატრენდების) პოტენციური გავლენა ჩვენს ქვეყნასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. იმედი მაქვს, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ექნება პოზიტიურ გამოხმაურებებს და საკითხებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას. ბოღმით აღსავსე ადამიანებს წინასწარ ვეტყვი, აქ ლანძღვა-გინების და ჭორაობის ადგილი არ იქნება, ეს არ არის გართობის და "ჩეთის" მსურველი ხალხის ტერიტორია. აქ ქვეყანაზე და საკუთარი პიროვნების ზრდაზე მოფიქრალი ხალხის ადგილია. ახლო მომავალში ვაპირებ შევქმნათ რადიოგადაცემამეგატრენდი”, სადაც ასევე მეგატრენდებზე გვექნება საუბარი. იქნებ მოხერხდეს და მომავალში ანალოგიური შინაარსის სატელევიზიო გადაცემაც შევქმნათ.

ბლოგშიმეგატენდიასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ ესოდენ სწრაფი ცვლილებების გარემოში რომელი ქვეყნები, საზოგადოებები, ორგანიზაციები და ინდივიდუალური პიროვნებები წინაურდებიან, რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც წარმატებულ სუბიექტს განასხვავებს ყველა სხვა დანარჩენისგან, რა შეიძლება მათგან ვისწავლოთ, როგორია ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი საზოგადოების გამარჯვების საწინდარია. ამავე დროს, იმედი მაქვს, ამ ბლოგის მეშვეობით შევქმნათ სოციალური ქსელი, თანამოაზრეთა საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს შეაგულიანებს, შთააგონებს და წაახალისებს. ბლოგზე განთავსებული მასალები განთავსდება ფეისბუქზეც.

ბლოგიმეგატრენდისპარალელურად, უახლოეს მომავალში წავუძღვები მეორე ბლოგსამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები”. ალბათ არაერთხელ გაგიგიათ ფიგურალური გამონათქვამი, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დანარჩენ მსოფლიოსაც უნდა ჰქონდეს  ხმის მიცემის უფლება. მართლაც, ამ არჩევნების შედეგები ხომ უდიდეს გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოზე! ამიტომ, სასურველია, ეს არჩევნები გამოვიყენოთ როგორც იარაღი და საშუალება ეკონომიკის, პოლიტიკის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობის ნიუანსების კონტექსტის შესასწავლად. ჩვენ სიღრმისეულად გავეცნობით თითოეულ კანდიდატს, მათ პოზიციებს, მათ ძლიერსა და სუსტ მხარეებს. დეტალურად განვიხილავთ უმნიშვნელოვანესი პრობლემატიკის ჩამოყალიბებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც კანდიდატების მიერ იქნება შემოთავაზებული. ვეცდებით ეს ყველაფერი მივუსადაგოთ საქართველოს პრობლემატიკის კონტექსტს და რეალობას. ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების დეტალური განმხილვა ჩვენთვის პოლიტიკის, ეკონომიკის და საერთოდ, სახელმწიფო მშენებლობის სწავლის საშუალებად უნდა იქცეს.

No comments:

Post a Comment