Thursday, October 6, 2011

მსოფლიოში არსებული ემოციონალური ზონები და მათ შორის დაპირისპირება

დღევანდელი ეპოქა არნახული არასტაბილურობისა და სწრაფი ცვლილებების ეპოქაა. ის, რაც აქამდე წარმატებული იყო, დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, აუცილებელია მუდმივი განახლება და სტრატეგიის გადაფასება. წარმატება არავისთვის გარანტირებული აღარ არის და ამავე დროს წარმატება შესაძლებელია ყველასთვის. სწრაფი გლობალიზაცია, ინფორმაციული და ტექნოლოგიური რევოლუცია სამყაროში ქმნიან ახალ რეალობას. ჩვენი სამყაროს მომავალი აღარ იქნება განპირობებული მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ შესაძლოა მოწმენი გავხდეთ ფაქტისა, რომ ცენტრალიზებული, არადემოკრატიული რეჟიმები, როგორიცაა ჩინეთი, უკეთ იყოს აღჭურვილი ეკონომიკური კრიზისის გადასალახავად, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

ჩვენ მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ დღევანდელ გეოპოლიტიკის შესახებ და ცივილიზაციების შეჯახებებზე, მაგრამ მანამდე ვისაუბრებთ საყაროში არსებული ემოციების შეჯახებებზე. მხედველობაში გვაქვს სამი ძირითადი ტიპის ემოცია: შიში, დამცირება და იმედი.

ალბათ ზოგიერთ მსმენელს გაუგია 90-იანი წლებში შემოთავაზებული სამუელ ჰანტინგტონის თეორია ცივილიზაციების შეჯახების შესახებ, რომლითაც იგი შეეცადა აეხსნა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები. იგი სამყაროში არსებულ დაპირისპირებას ძირითადად რელიგიური და კულტურული ნიშნით ხსნიდა. საინტერესო მოსაზრებების მიუხედავად, მრავალი მკვლევარის აზრით ეს თეორია სრულად ვერ ასახავდა ჩვენი სამყაროს შიგნით არსებული მოვლენების სირთულეს.

დღევანდელი გეოპოლიტიკა ხასიათდება არა იმდენად ცივილიზაციების შეჯახებით, არამედ უფრო ემოციების დაპირისპირებით. ჩვენ ვერ ჩავწვდებით და გავაცნობიერებთ ჩვენს სამყაროს თუ არ შევეცდებით გავაანალიზოთ ის ემოციები, რომლებიც დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ. მსმენელმა შეიძლება იკითხოს, სად პოლიტიკა და სად ემოცია, გეოპოლიტიკა ხომ რაციონალიზმს ეფუძნება? და მისი ძირითადი ფაქტორები ხომ მოსახლეობისა და ტერიტორიის სიდიდე, სამხედრო ძლიერება, ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკის განვითარების დონე, ემოციები კი ხომ სუბიექტური და სრულიად არარაციონალურია. მე კი მოგახსენებთ, რომ ემოციური განზომილების გარეშე მსოფლიო პოლიტიკის სრულყოფილი ანალიზი არასრულყოფილი და ზედაპირულია. მაგალითად, შეუძლებელია რუსეთის ავანტიურის ახსნა აგვისტოს ომის დროს მისი ემოციური მიზეზისა და საზრისის ანალიზის გარეშე. უკანასკნელმა აღმოჩენებმა, რომლებიც გაკეთდა ადამიანის გონების შემსწავლელი მეცნიერების, ფსიქოლოგიის, ბიჰეივიორული ეკონომიკის სფეროებში, დაგვარწმუნეს, რომ  ადამიანურ ემოციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ წარმოვიდგენთ, აღვიქვამთ და ვაფასებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს. ემოცია არ არის განცალკევებული რაციონალური გონებისგან. პირიქით, ემოცია რაციონალური გონების საფუძველია. ემოცია განაპირობებს ადამიანების განწყობას და ერების ქცევას.

როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სამ ძირათად ემოციაზე: შიში, დამცირება, და იმედი. სამივე ემოცია თვითრწმენასთან არის დაკავშირებული.


იშის ემოციას განაპირობებს თვითრწმენის სიმცირე. თუ საზოგადოების ცხოვრებაში შიში დომინანტი ემოციაა, მაშინ საზოგადოება შეშინებულია დღევანდელი დღით და მომავალი  კიდევ უფრო საშიშად წარმოუდგენია. ხშირად შიში საზოგადოების სრულ პარალიზებასაც კი იწვევს.

დამცირება არის  ემოცია, რომელიც ჩნდება საზოგადოებაში, სადაც თვითრწმენა დაკარგულია,  ამ ყველაფერს კი საზოგადოება სხვას აბრალებს, რომელიც წარსულში ამ საზოგადოებას უსამართლოდ მოექცა. ამის გამო საზოგადოება განრისხებულია, გაბოროტებულია.

იმედი კი გამოხატულებაა თვითრწმენის სიჭარბის. იმედი ეფუძნება საზოგადოებაში იმის განცდას, რომ დღევანდელი დღე უკეთესია, ვიდრე გუშინდელი და ხვალინდელი კი უფრო  უკეთესი იქნება.

თუ გადავხედავთ ამ ემოციების გეოგრაფიას, დავინახავთ რომ შიში ძირითადად დომინირებს დასავლეთში. დამცირება - ისლამურ სამყაროში, ხოლო იმედი კი აზიის უპირატისი ემოციაა.

ეს სამი ემოცია გამოხატავს თვითრწმენის დონეს, რაც უმნიშვნელოვანესია ინივიდისა და საზოგადოების წარმატებისთვის, თვითრწმენა საკუთარი პოტენციის გამოყენებისა და შესაძლებლობების ზრდის საშუალებას იძლევა.

მეცნიერები საზოგადოების თვითრწმენის დონეს ე.წ. ოპტიმიზმის ინდიკატორებით ზომავენ. ეს საკმაოდ საინტერესო საკითხებია და ოპტიმიზმის ინდიკატორებზე საუბარს მომავალ სტატიებში ვაპირებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს დასავლეთში ადამიანები ცხოვრობენ ძირითადად შიშის ემოციის ქვეშ. პირველად, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დასავლეთი აღარ არის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის ერთპიროვნული შემქმნელი. დასავლეთში წარმოდგენა იმისა, რომ დასავლური სამყარო ნაწილობრივ კარგავს დომინინტის როლს, საზოგადოებაში იწვევს მომავლის მიმართ შიშს და იდენტურობის კრიზისს. ისინი შეჩვეულნი იყვნენ კარგ ცხოვრებას, მათ შქმნეს თანამედროვე საზოგადოების მთავარი მიღწევები, მათი ღია საზოგადოება, დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა უფრო ეფექტური და დინამიური იყო, ვიდრე დანარჩენი მოსფლიოსი. დღეს კი ასე აშკარა აღარაა მათი უპირატესობა - დასავლეთის საზოგადოება დღემდე თვლიდა, რომ არადასავლელი ერები განვითარების გზაზე წარმატებას მიაღწევდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადმოიღებდნენ განვითარების დასავლურ მოდელს და აუცილებლად დამარცხდებოდნენ, თუკი ისინი გაყვებოდნენ განვითარების საკუთარ ტრადიციულ გზას. დღეს კი, როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება ესოდენ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, დასავლეთი მთლად დარწმუნებული აღარ არის საკუთარი გზის ეფექტურობაში, დასავლური მოდელის უპირატესობა და კეთილდღეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. დღევანდელი განწყობის შექმნაში დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ კრიზისს, უმუშევრობის მაღალ დონეს, ნავთობის ფასს, ენერგეტიკულ პრობლემებს, ბიუჯეტის მაღალ დეფიციტს, დიდ სახელმწიფო ვალს, საკვებზე ფასების ზრდას, აზიის დაწინაურებას. მსოფლიოში ლაპარაკია იმაზე, რომ თუ მეოცე საუკუნე იყო ამერიკის საუკუნე და იდეოლოგიების საუკუნე, 21-ე საუკუნე იქნება აზიისა და პრაგმატიზმის საუკუნე. სწორედ ამიტომ იმატა დასავლეთში შიშის ემოციამ, სწორედ ამიტომაა დასავლეთში ყველაზე აქტუალური თემატიკა ახალი სახელმწიფო მმართველობის ეფექტური მოდელის ჩამოყალიბება. სახელმწიფო მშენებლობა და ეფექტური მმართველობა თანამედროვე ამერიკის ნომერი პირველი პრიორიტეტია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ძირითადი ემოცია შიში, დამცირება და იმედი ციკლურ ხასიათს ატარებს და დროთა განმავლობაში გეოგრაფიულ მდებარეობას იცვლის ხოლმე. დასავლური სამყაროს აქვს მთელი რიგი ობიექტური ფაქტორები შექმნილი სიტუაციის შემოსაბრუნებლად და იმედის ემოციის დასაბრუნებლად.

დამცირების ემოცია დღეს ისლამურ სამყაროში დომინირებს, თუმცა დამცირება, ისევე როგორც დანარჩენი ორი ემოცია გარკვეული დოზით ყველა საზოგადოებაში არსებობს. 70-იანი  წლების პირველი შორეული აზიის ეკონომიკური საოცრების განხორციელება სწორედ დამცირების ემოციის საპასუხოდ, მასზე გამარჯვების სურვილით გახდა შესაძლებელი. ქვეყნებს, როგორებიცაა იაპონია, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ კორეა და ტაივანი სურდათ დასავლეთისათვის დაემტკიცებინათ, რომ მათაც შეეძლოთ გლობალურ ეკონომიკურ არენაზე წარმატების მიღწევა. დამცირების ემოცია იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩინური ეკონომიკური რენესანსისა. თუმცა, იმისათვის, რომ დამცირების ემოციამ საზოგადოებას მასზე გამარჯვების ქმედებისაკენ უბიძგოს, აუცილებელია გარკვეული მინიმალური თვითრწმენის არსებობა, იმედისმომცემი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი და ეფექტური ეროვნული ლიდერები, რომელთაც ძალუძთ საზოგადოების მობილიზება.

ისლამურ სამყაროში, თვითრწმენის, იმედისმომცემი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის და ადეკვატური ლიდერების არარსებობის გამო დამცირების ემოცია დომინირებს, ეს ემოცია საზოგადოების გაბოროტებაში გამოიხატება, ეს ის საზოგადოებაა, რომელსაც უკვე მკაფიოდ ჰყავს განსაზღვრული დამნაშავეები, დასავლეთი, ისრაელი. ამ საზოგადოებას მიაჩნია, რომ არაბულ-ისლამური სამყაროს დაკნინება მე-19 და მე-20 საუკუნეების დასავლური იმპერიალიზმის ქმედებებით იქნა გამოწვეული. ისინი თვლიან, რომ ნავთობის უზარმაზარი რესურსები არაეფექტურად იქნა გამოყენებული. დამცირების ემოცია კიდევ უფრო გამძაფრდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოების ვერშექმნის გამო. ამ ემოციის საპასუხოდ ისლამურ სამყაროში არაბული გაზაფხული დაიწყო.

რაღა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ემოციების მიხედვით დაყოფაზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს სამი მთავარი ემოცია გარკვეული დოზით ყველა ქვეყანას გააჩნია, აქ მხოლოდ ლაპარაკია დომინანტ ემოციაზე. ასევე უნდა ითქვას, რომ შიში, დამცირება და იმედი  ბუნებრივი და საჭირო ემოციებია ადამიანისთვის, მაგრამ ადამიანისა და საზოგადოების სიჯანსაღე დამოკიდებულია ამ სამი ემოციის ოპტიმალურ თანაფარდობასა და ბალანსზე. მაგალითად, შიში გარკვეული კომპონენტით აუცილებელია საშიშროებისგან თავდასაცავად. იმედი, რაღა თქმა უნდა, ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძრავაა. დამცირების განცდაც კი ძალიან პატარა დოზით შეიძლება იქცეს მასტიმულირებელ ფაქტორად, რათა ადამიანმა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების კონცენტრირება და შემდგომი ცდა გაცილებით უკეთესი შედეგით დაამთავროს. მთავარია ზომიერება, გადაჭარბებული ან არასაკმარისი ამ ემოციების რომელიმე კომპონენტი არის საშიში ადამიანისა და საზოგადოების სიჯანსაღისთვის.

მსოფლიოს დაყოფა ემოციების დინებებზე დაფუძნებულ რეგიონებად საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ემოციების გლობალური რუკის დახაზვა აუცილებელია. რუკაზე აზიას აქვს შედარებით ნათელი ფერები, რაც წარმატების მანიშნებელია, დასავლური სამყაროს ფერები შედარებით მუქია, ხოლო მუსლიმურ სამყაროს რუკაზე შავი ფერები დომინირებს.

ემოცია არ არის განცალკევებული რაციონალური გონებისგან, არამედ ის არის საფუძველი რაციონალური გონების. ემოცია განაპირობებს ადამიანების განწყობასა და დამოკიდებულებას, ერების ქცევას. არცერთ სერიოზულ ლიდერს არ შეუძლია ამის იგნორირება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთავრობისა სწორად ისაა, რომ შეისწავლოს თავისი საზოგადოებისა და ხალხის ემოციური მდგომარეობა, მოახდინოს ქვეყნის სასარგებლოდ მისი გამოყენება თუკი ემოციები საზოგადოებაში დადებითია (მაგალითად სამომხმარებლო და სინვესტიციო ოპტიმიზმი). ასევე ეცადოს სიტუაციის შემობრუნებას თუკი საზოგადოებაში ნეგატიური ემოციებია გაბატონებული. მთავრობის ეს მოვალეობა მოითხოვს უპირველესად სწორი დიაგნოზის დასმას მოსახლეობის ემოციური განწყობის  შესახებ. იგივე პასუხისმგებლობა აქვთ ოჯახის უფროსებს - ცოდნა ოჯახის წევრების ემოციური განწყობისა, რა ემოციები დომინირებს ოჯახის შიგნით, რამდენად მაღალია საკუთარი თავის რწმენა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც ზედმიწევნით კარგად უნდ იცოდეს ორგანიზაციის ემოციური მდგომარეობა, რათა მიიღოს ყველა ზომა ოპტიმიზმისა, იმედიანობისა და ნდობის განწყობის შესაქმნელად.

ემოციები ხშირად ციკლური ხასიათისაა, ციკლი შეიძლება იყოს მოკლევადიანი და ასევე გრძელვადიანი. ეს დამოკიდებულია მსოფლიო მოვლენებზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე, საზოგადოების ჩვევებსა და ყოველდღიურ კულტურაზე, ერის ისტორიაზე.
იმედის ემოციის ძირითადი გეოგრაფიული ჰებიტატი დღს შორეულ აზიაში. იქ არის განცდა იმისა, რომ ისინი იმყოფებიან განვითარების ზრდად ტრაექტორიაზე და სულ მალე  დაეწევიან განვითარებულ დასავლეთს.

იმედის რეგიონის მთავარი წარმომადგენლები არიან ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ინდონეზია, მალაიზია, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, სხვა სამხეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სამხრეთ აფრიკა, სკანდინავიელები. აღსანიშნავია, რომ იმედის რეგიონს გარკვეულწილად უკვე რუსეთი და ყაზახეთიც უერთდებიან. საბჭოთა კავშირის დაშლამ, ეკონიმიკურმა კოლაფსმა, ქაოსმა, უკანონობამ, კორუფციამ, ჩეჩნეთის პირველ ომში განცდილმა მარცხმა რუსეთის საზოგადოებაში დომინანტად დამცირების ემოცია აქცია. რუსეთში ეკონომიკური კატასტროფა და შიში გადაითარგმნა იმპერიის დანგრევით გამოწვეულ შეურაცხოფაში. დღეს კი მატერიალური კეთილდღეობის გამოსწორების ფონზე იმედის ემოცია მკვიდრდება. რუსეთის ეკონომიკა ბოლო 10 წლის მანძილზე წლიურ 7%-იან ზრდას განიცდის, რუსების უმრავლესობა თვლის და ამაყობს იმით, რომ დედა რუსეთი მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე პოზიციებს იბრუნებს. რუსეთის ეკონიმიკური და სამხედრო ძლიერება რუსულ მასებში ზრდის იმიედიანობას. რაღა თქმა უნდა გაზისა და ნავთობის ფასების ზრდა დიდად უწყობს ამას ხელს. აგვისტოს ომის შემდეგ, პუტინის რუსეთის მთავარი მესიჯი დასავლეთისადმი შემდეგია: „რუსეთის დამცირება ვეღარ მოხდება“. რენე დეკარტის ფრთიანი გამონათქვამი „მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ“ რუსების მიერ შემდეგნაირად არის პერიფრაზირებული: „შენ ჩემი გეშინია, მაშასადამე მე ვარსებობ“.

ბუნებრივია ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და საინტერესო შეკითხვაა თუ რომელ ემოციურ რეგიონს განეკუთვნება დღევანდელი საქართველო? ძვირფასო მეგობრებო, მოდით ამ თემაზე მომდევნო სტატიებში ვისაუბროთ. ახლა კი გეტყვით მხოლოდ იმას, რომ საქართველოსაც აქვს პოტენცია დაიმკვიდროს ადგილი იმედის რეგიონში. როგორ? სწორედ ამაზე გვექნება საუბარი თითქმის ყველა სტატიაში.

Monday, October 3, 2011

აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვმონაწილეობ!

თითქმის ორ-ნახევარი წელია საქართველოდან მოშორებულს, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა აღარ მიმიღია. ამერიკაში გატარებული ეს წლები უმთავრესად გახლდათ დრო განსჯის და საკუთარი შეხედულებების გარკვეული გადაფასებების. ამ დროის განმავლობაში ვაწარმოებდი სამეცნიერო პრაქტიკულ კვლევებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ცვლილებების ფონზე თანამედროვე სახელმწიფო მართვის ახალი მოდელების შექმნის მიმართულებით. ამ მოდელების პრეზენტირებას სისტემატიურად ვახდენდი შეერთებული შტატების ექსპერტული საზოგადოების წინაშე. ამასთან ერთად, არასოდეს შემიწყვეტია ფიქრი ჩემი ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების ძიების მიმართულებით.

მსურს ჩემი ნააზრევი  თქვენც გაგიზიაროთ. ეს ყველაფერი ჩემი რამდენიმე ბლოგის საშუალებით მინდა განვახორციელო. პირველ ბლოგსმეგატრენდივუწოდეთ. ამ ბლოგში ძირითადად მეგატრენდებზე გვექნება საუბარი. მეგატრენდები მსოფლიოში მიმდინარე უმთავრესი პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციებია. პოლიტიკა და ეკონომიკა, განათლებასთნ ერთად  ყოველთვის გახლდათ ჩემი ინტერესის სფეროები.


მიმზიდველია ეკონომიკა, რომელსაც შესწევს უნარი საზოგადოების  სიღატაკიდან ამოყვანის, ეკონომიკა სადაც მონაწილენი წარმატებას აღწევენ შრომისა და გაწეული ძალისხმევის საფუძველზე და არა მათი სიმდიდრისა და კონტაქტების გამო, სადაც ბიზნეს-გარემო სამართლიანია და ყველაზე თანაბრად ვრცელდება. ეკონომიკა, რომელსაც შესწევს უნარი მოახდინოს პატარა ქვეყნის კატაპულტირება ყველაზე მდიდარ ქვეყნების რიგში.

ღრმად მწამს, რომ თანამედროვეობის პირობებში ეროვნული განათლების სისტემა ეროვნული უშიშროების ტოლფასია. დღევანდელი ულტრაკონკურენციის პირობებში მჯერა, რომ საქართველოს წარმატების ფორმულა არის განათლების სისტემა, რომელიც ეფუძნება პარტნიორობას მასწავლებელს, მშობელსა და სახელმწიფოს შორის. მოწაფის ეფექტური განათლების მიღებაზე პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულებაც ამ სამ ძირითად მხარეზე უნდა გადანაწილდეს.

მიმზიდველია პოლიტიკა, სადაც იდეების, პრობლემების გადაჭრის მექანიზმებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარების სხვადასხვა შესაძლო მიმართულებებს შორის დებატებს აქვს ადგილი. ასეთი დებატები საზოგადოების საუკეთესო მასწავლებელია, უკეთესი ქვეყნის აშენების წინაპირობაა. პოლიტიკა უმთავრეს კითხვას უნდა სცემდეს პასუხს - როგორ ქვეყანაში სურს საზოგადოებას ცხოვრება და რა როლი უნდა ითამაშოს მისმა  ქვეყანამ მსოფლიოში? მოსაწონია პოლიტიკა არა ტრივილური, ჭორაობაზე აგებული, არამედ პოლიტიკა დიდი ხედვის შესახებ, ქვეყნის სტრატეგიის შესახებ, ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შესახებ. სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს შორის შეთანხმება, კოოპერირება და სინერგიის მიღწევა - ეს არის ნამდვილი პოლიტიკა! მხოლოდ ასეთი პოლიტიკა შობს ჯანსაღ საზოგადოებას. უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ ასეთ პოლიტიკაში წარჩინებული ადამიანებიც აქტიურად მონაწილეობენ! საქართველოში კი პოლიტიკა ნებისმიერი არაპროფესიონალის ასპარეზის სფეროდ იქცა, ეს უკიდურესად ნეგატიური ლოკალური ტრენდია და ქვეყანას მაღალ შედეგებამდე ვერასოდეს მიიყვანს.

პოლიტიკური საქმიანობა დიდი იდეებისა და ამოცანების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს. მოსაწონია პოლიტიკა, რომელსაც განასახიერებდნენ რუზველტი, კენედი, რეიგანი, დე გოლი და არა ადამიანები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ეგოისტური კინკლაობა და  ჩუმი გარიგებებია, არცერთი ქვეყნისათვის არ მოუტანია ასეთსაქმიანობასწარმატება!

დიდი ხანია ვფიქრობ გამოსავალზე. მომავალში, ჩვენი საზოგადოების შინაგანი ევოლუციის და ქვეყნის მომავლის პერსპექტივების შესახებ მსურს შევქმნა ფუნდამენტური ნაშრომი. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ნაშრომი დააინტერესებს და შეძლებს მის პრაქტიკულ გამოყენებას. ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ფართო აუდიტორიამდე მიტანას წინა წლებში მე პოლიტიკური ტრიბუნიდანაც შევეცადე, მაგრამ მაშინ შედეგი არცთუ სახარბიელო იყო. ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ასპარეზიდან, მაშინ როდესაც, მე რომელიმე პოლიტიკური თანამდებობაზე კონკურენტად არავინ განმიხილავს, უფრო შესაძლებელი იქნება ამ საკითხების მეტად აქტუალიზება და საზოგადოების ინფორმირება და მომზადება 21- საუკუნისთვის. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება - აღარ ვმონაწილეობ აქტიურ პოლიტიკაში და კონცენტრირებას ვაკეთებ განათლების სფეროზე!

დღეს გამუდმებით ისმის გულისტკივილი - როდის გამოჩნდება ჩვენი გადამრჩენელი?" ჩვენი საზოგადოება მუდმივად ეძებს ხსნას სხვაში, გადამრჩენი კი ამდენი საუკუნეა არ ჩანს, რადგან ნამდვილი ლიდერები ციდან არ ჩამოდიან. ისინი საზოგადოებამ უნდა შვას და დააწინაუროს. მერწმუნეთ, პოლიტიკის გაჯანსაღება საზოგადოების გაჯანსაღებით იწყება. ისტორიულად, მცირე გამონაკლისების გარდა, როგორიც იყო საზოგადოება, ისეთივე იყო მისი რჩეულიც.

ნუ ვიწუწუნებთ, მოდით მიზეზებზე და გამოსავალზე ვიმსჯელოთ. ამ ბლოგის საშუალებით მე ვაპირებ მოგაწოდოთ საკუთარი მოსაზრებების მთელი სერიალი, სადაც მსურს თქვენთან ერთად გავაანალიზო მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში არსებული გლობალური მოვლენები და ტენდენციები. შევეცადოთ ერთად შევაფასოთ ამ გლობალური ტენდენციების (მეგატრენდების) პოტენციური გავლენა ჩვენს ქვეყნასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. იმედი მაქვს, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ექნება პოზიტიურ გამოხმაურებებს და საკითხებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას. ბოღმით აღსავსე ადამიანებს წინასწარ ვეტყვი, აქ ლანძღვა-გინების და ჭორაობის ადგილი არ იქნება, ეს არ არის გართობის და "ჩეთის" მსურველი ხალხის ტერიტორია. აქ ქვეყანაზე და საკუთარი პიროვნების ზრდაზე მოფიქრალი ხალხის ადგილია. ახლო მომავალში ვაპირებ შევქმნათ რადიოგადაცემამეგატრენდი”, სადაც ასევე მეგატრენდებზე გვექნება საუბარი. იქნებ მოხერხდეს და მომავალში ანალოგიური შინაარსის სატელევიზიო გადაცემაც შევქმნათ.

ბლოგშიმეგატენდიასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ ესოდენ სწრაფი ცვლილებების გარემოში რომელი ქვეყნები, საზოგადოებები, ორგანიზაციები და ინდივიდუალური პიროვნებები წინაურდებიან, რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც წარმატებულ სუბიექტს განასხვავებს ყველა სხვა დანარჩენისგან, რა შეიძლება მათგან ვისწავლოთ, როგორია ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი საზოგადოების გამარჯვების საწინდარია. ამავე დროს, იმედი მაქვს, ამ ბლოგის მეშვეობით შევქმნათ სოციალური ქსელი, თანამოაზრეთა საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს შეაგულიანებს, შთააგონებს და წაახალისებს. ბლოგზე განთავსებული მასალები განთავსდება ფეისბუქზეც.

ბლოგიმეგატრენდისპარალელურად, უახლოეს მომავალში წავუძღვები მეორე ბლოგსამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები”. ალბათ არაერთხელ გაგიგიათ ფიგურალური გამონათქვამი, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დანარჩენ მსოფლიოსაც უნდა ჰქონდეს  ხმის მიცემის უფლება. მართლაც, ამ არჩევნების შედეგები ხომ უდიდეს გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოზე! ამიტომ, სასურველია, ეს არჩევნები გამოვიყენოთ როგორც იარაღი და საშუალება ეკონომიკის, პოლიტიკის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობის ნიუანსების კონტექსტის შესასწავლად. ჩვენ სიღრმისეულად გავეცნობით თითოეულ კანდიდატს, მათ პოზიციებს, მათ ძლიერსა და სუსტ მხარეებს. დეტალურად განვიხილავთ უმნიშვნელოვანესი პრობლემატიკის ჩამოყალიბებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც კანდიდატების მიერ იქნება შემოთავაზებული. ვეცდებით ეს ყველაფერი მივუსადაგოთ საქართველოს პრობლემატიკის კონტექსტს და რეალობას. ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების დეტალური განმხილვა ჩვენთვის პოლიტიკის, ეკონომიკის და საერთოდ, სახელმწიფო მშენებლობის სწავლის საშუალებად უნდა იქცეს.