Sunday, November 13, 2011

გავლენისა და სიმდიდრის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადასვლა (გაგრძელება)

ჩვენ ვაგრძელებთ თემას მსოფლიოში დღეისათვის არსებული ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მეგატრენდის შესახებ, რაც სიმდიდრისა და გავლენის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაადგილებაში გამოიხატება.


ვთქვით, რომ ძირითადად სამი ემოციური ზონაა მსოფლიოში: იმედი, შიში,  დამცირება.


ვთქვით ისიც, რომ იმედის ძირითადი ჰებითატი აზია გახლავთ, სადაც სოციალური და  კონომიკური გაუმჯობესების მაღალი ტემპია გაბატონებული. დიდი უმრავლესობა აზიის საშუალო ფენისა, არამარტო იღწვის იქით, რომ დაეწიოს დასავლეთს, არამედ სრულად არიან დარწმუნებულნი, რომ ეს მალე მოხდება. იმედი ეფუძნება იმას, რომ შენ აწმყოში აუმჯობესებ შენს მდგომარეობას და არა მხოლოდ რწმენას იმისას, რომ ოდესღაც მომავალში უკეთესად იქნება საქმე, ანუ იმედი არის არსებული რეალობა აწმყოში, ამ წუთას, აქ შენს გარემოში უკვე  განხორციელებული უკეთესობა. ამგვარად, აზიური სამყარო არა მხოლოდ თანმიმდევრულად სცილდება უკეთესი მომავლისადმი რწმენას, არამედ ამყარებს პირდაპირ და ცოცხალ იმედს  მატერიალურ პროგრესსა და გაუმჯობესებაზე, რომელსაც  ხედავენ, ესმით, ისმენენ, გრძნობენ, სინჯავენ და განიცდიან მათ ირგვლივ სწრაფად ცვალებადი სამყაროს პირობებში.

აღმშენებლობის პროცესი იქ უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ის რაც ამერიკაში ერთ წელზე მეტ ხანს მოითხოვს, ჩინეთში ერთ კვირაში მთავრდება. ყველაზე საწყენი ისაა, რომ თითქოს ამერიკელები შეეჩვივნენ კიდეც აზრს, რომ ამერიკის საუკეთესო ხანა წარსულში იყო და ჩინეთისა  მომავალშია. ეს განცდა მეტად გავრცელებულია მთელ ამერიკაში, პოპულარული აზრია, რომ თუკი მე-19 საუკუნე ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს, მეოცე - ამერიკას, 21-ე იქნება ჩინეთის.

მომდევნო გადაცემებში ამას გამოვკვეთავთ, მაგრამ ამ აზრის დასაბუთებისათვის მრავალი ემპირიული მონაცემი არსებობს. თუმც კი, მე მჯერა ამერიკული საზოგადოების შემომქმედი და გამომგონებლური ბუნების, მისი უზომო ნიჭის, მისი მოქნილი ეკონომიკის, მისი შრომის კულტურისა და ინოვაციური სულისკვეთების. ეს ყველაფერი არის წამყვანი ფაქტორები იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს წარმატებული ამ ცვლილებებით აღსავსე სამყაროში, მაგრამ დღეს სახეზეა ამერიკა, ქვეყანა ამოუწურავი შესაძლებლობებისა და პოტენციისა, რომელიც იმედგაცრუების, პოლიტიკური პარალიზებისა და ქაოსის მდგომარეობაშია და მომავლისადმი სკეპტიკური განცდითაა.

250 წლის მანძილზე პირველად  დასავლეთი უკვე ერთპიროვნულად ვეღარ წყვეტს კაცობრიობის ბედსა და პრიორიტეტებს. ცენტრალური როლის შეფარდებითი დაკარგვის ეს განცდა, დასავლეთში შიშის გამომწვევ გარკვეულ იდენტურობის კრიზისს იწვევს. ეს განცდა აერთიანებს დასავლური ცივილიზაციის ორ ტოტს - ამერიკულსა და ევროპულს. როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს მათში, ეს ორივე შტო ერთი და იგივე გამოწვევის წინაშეა - გლობალიზაცია ექსკლუზიურად მათ უკვე   აღარ ეკუთვნით.  განცდა რეალობისა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი საკუთარი მომავლისა არის შიშის მთავარი წყარო, რომელსაც დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა იზიარებს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დასავლური პოლიტიკური პროცესის პარალიზება, შემოსავლებს შორის არნახული დიფერენციაცია, სიმდიდრის უსამართლოდ და დაუმსახურებლად არათანაბარი განაწილება მოქალაქეებს დასავლეთის ორივე შტოს წარმომადგენელ ქვეყნებში უქმნის თავიანთი დემოკრატიული მოდელის, დემოკრატიული იდეალების გაუფასურების განცდას. ეს მოზღვავებული შიშის განცდა და კულტურა ამცირებს იმ ხარისხობრივ უპირატესობას, რაც ერთ დროს დემოკრატიულ რეჟიმებს ჰქონდათ არადემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებაში.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ევროპა  პრობლემის გადაჭრის  წყაროს ნაცვლად თავად ხდება პრობლემის წყარო. არადა სულ ცოტა ხნის წინად 1989 წლის ბერლინის კედლის დაცემა იყო სიმბოლური კულმინაცია ევროპის იმედის განცდისა და კულტურისა, როდესაც ევროპის მთელს კონტინენტზე ზეიმობდნენ იმ კედლის დაცემას, რომელიც ევროპას ყოფდა ორად. დღეს კი, სამწუხაროდ იქმნება იმის განცდა,  რომ ევროპელებს კვლავაც სურთ კედლის აღდგენა, რომელიც მათ დაიცავდა დანარჩენი სამყაროსგან,  დაიცავდა ევროპას გარე სამყაროსთან კონკურენციისაგან, სამხრეთული ქვეყნებიდან იმიგრაციისაგან, ისლამური ტერორიზმისაგან და ა.შ. მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპას კვლავაც აქვს ნიშური ბრწყინვალების სფეროები, ეკონომიკური სიძლიერის არეები, როგორიცაა: ფუფუნებისა და მაღალხარისხიანი საგნების ინდუსტრია; ატომური ენერგეტიკა საფრანგეთში; ზუსტი ხელსაწყოების, დანადგარების და მანქანათმშენებლობა გერმანიაში; საერთაშორისო მაღალი ფინანსები ლონდონში; საოჯახო ბიზნესის დინამიზმი იტალიაში. საკითხავია, თუ იქნება ეს საკმარისი ევროპული კონტინენტის ეკონომიკური დაკნინებისაგან დასაცავად? რომც მოახერხონ ევროპელებმა მეორე დიდი დეპრესიის თავიდან არიდება, მომავალი თანმიმდევრული დაღმასვლა თითქმის გარდაუვალია.  მე სულ ერთი კვირაა რაც ლონდონიდან დავბრუნდი და გამიჩნდა განცდა იმისა, რომ არის სრული გაურკვევლობა და შეშფოთება იმაზე, თუ რას ემსგავსება ევროპა. იქ არის შიში განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებიდან, ჩრდილო აფრიკიდან მომავალი ღარიბი მასების ემიგრაციისა.

მრავალი ევროპელის გონებაში ბარბაროსები არამარტო მოადგნენ ევროპის კარებს, არამედ უკვე ციხესიმაგრის კედლებზეც გადაცოცდნენ, კალიებივით შემოესივნენ და სამარადისოდ ცვლიან ევროპულ საზოგადოებას. როცა მე აღვწერ ამერიკული შიშისა და კულტურის განცდას, გათვალისწინებულია ჩემი პიროვნული მიდგომა ამერიკასთან. მე იქ მივიღე განათლება და ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. ამერიკა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ვიდრე მხოლოდ განათლების წყარო და ადგილი, რადგან ამერიკამ პოლიტიკურ ლტოლვილობაში ყოფნისას მაჩუქა სიცოცხლე, მომცა იმედი, სასოება, ოჯახი და შვილები, ოცნებების აღსრულება. ჩემი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის წლებმა  ჩემი ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალა. ჩემდა სამწუხაროდ,  2001-2008 წლების ამერიკა არ ჰგავს 90-იანი წლების დასაწყისის ამერიკას, რომელმაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. ამიტომ ამერიკის შემთხვევაში არ ვარ ნეიტრალური დამკვირვებელი და მაინც ვიტყვი, რომ ამერიკაც ევროპასთან ერთად არის დაეჭვებული და შიშით აღსავსე. იქ ხშირად კითხულობენ: დავკარგეთ ჩვენი მორალური უპირატესობა? დავკარგეთ ჩვენი უნიკლური ეროვნული მისია და ჩვენი ადგილი მსოფლიოში? დაიწყო ჩვენი დაღმასვლა? ისინი უკვე ეჭვის ქვეშ აყენებენ თავიანთი მოდელისა და სისტემის უნივერსალისზმსა და ეფექტურობას. ტრადიციულად ამერიკული ოპტიმიზმი, იდეალიზმი, ინდივიდუალიზმი, გამომგონებლობა, პროფესიონალიზმის კულტი, რწმენა საკუთარი უნიკალურობისა და ამერიკული ოცნებისა, წარმოადგენდა ამერიკული წარმატების სტრატეგიის მთავარ შემადგენელს. ახლა ამერიკელების ნაწილი ამ ამერიკული ღირებულებების უნიკალლურობაში ბზარს ხედავს. ამასთანავე ობიექტურად  ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული დინამიზმი, ბრწყინვალების კულტი, სიტუაციის გამოსწორების დიდი ტრადიცია, სოციალური და ეკონომიკური სიძნელეებიდან თავის დაღწევის უნარი, გაცილებით ძლიერია ვიდრე ევროპაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, ამერიკის დაქვეითების  რეალობა ნათელია.

ამერიკის ძალაუფლება და სიძლიერე აქამდე მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელის მიმზიდველობაში იყო. თუ კი ეს მოდელი აღარ არის ძველებურად მიმზიდველი და მას ყავლი გაუვიდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მაშინ მსოფლიოს ლიბერალური დემოკრატიის პოზიცია ნათელი აღარ არის. ამერიკა განიცდის თანდათანობით შედარებით დაღმასვლას, ჩვენ ვიმყოფებით ხანგრძლივ პერიოდში პოსტდასავლური მსოფლიოსაკენ. ეს არის მსოფლიო, სადაც დასავლური დიდი სახელმწიფოები ერთპიროვნულად უკვე ვეღარ მართავენ მსოფლიოს, ერთპიროვნულად ვეღარ აყალიბებენ მსოფლიო პროცესებს. ეს არ ნიშნავს მარტივ წარმოდგენას ამერიკული სამყაროს დასასრულის და მისი ჩინური საუკუნით ჩანაცვლებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება მსოფლიო, სადაც განსხვავებული ინტერესების მქონე მეგა სახელმწიფოებიიქნებიან ერთმანეთთან კონკურენციულ დაპირისპირებაში. აზიაში ჩინეთი შეეცდება ჰეგემონის როლის შეძენას და ეს იქნება ამერიკის პირდაპირი გამოწვევა. ამ შემთხვევაში გაჩნდება შეკითხვა - დაუშვებს თუ არა ამერიკა ჩინეთის ჰეგემონის როლს აზიაში? და თუ შეიარაღებული კონფლიქტის აუცილებლობის ალბათობა არსებობს, ის სადღაც აზიაში იქნება. გადავხედოთ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, სადაც ჩინეთი აცხადებს ტერიტორიულ მოთხოვნებს ამ წყლებში, ჯერ კი მხოლოდ 2011 წელია. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ჩინეთის სრული ძალა. დავუშვათ ჩინეთი შეუტევს მის ტრადიციულ გეოპოლიტიკურ მეტოქეს ვიეტნამს, როგორი იქნება ამაზე ამერიკის რეაქცია?

დიდი სახელმწიფონი არიან დიდნი მათი ექსპანსიური ბუნების გამო, ისინი სხვა ხალხების ტერიტორიების ექსპანსიასა და დაპყრობას აწარმოებენ და ამ ტერიტორიების ინკორპორირებას ახდენენ საკუთარ იმპერიაში. ამიტომაც არის, რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი იმპერიები გამოირჩევიან დიდი მრავალეთნიკურობით და მრავალეროვნულობით. ყველა მათგანს აქვს გავლენის სფეროები და აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიები. ეს კი, როგორც წესი კონფლიქტის პროვოცირების წყარო შეიძლება იყოს. ამიტომ, ჩვენ შევდივართ ძალიან საშიშ და არასტაბილურ ხანაში. დიდი სახლმწიფოების აღზევება-დაღმასვლაში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს და ასპარეზზე ახალი სუპერ სახელმწიფოების გამოჩენას ჩვეულებრივ, ომი მოსდევს ხოლმე, ასეთია ისტორიული რეალობა. ამიტომ დასავლეთის საერთაშორისო პოლიტიკა სწორედ ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს მიმართული. ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა წარიმართოს იქით, რომ მოხდეს დიდი სახელმწიფოების შემოყვანა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის სტრუქტურებში. ჩვენ უნდა გვსურდეს მათი ხილვა მოლაპარაკებების უმთავრეს მაგიდასთან, ე.წ G20 დიდ ოცელულში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ა.შ. რაღა თქმა უნდა ამის შემდეგ პრობლემა იქნება როგორ დაბალანსდეს საკუთარი ღირებულებები და უსაფრთხოების ინტერესები. საგარეო პოლიტიკა არის განუწყვეტელი ბალანსი რეალიზმსა და იდეალიზმს, ინტერესებსა და ღირებულებებს შორის, რომლებიც ძლიან იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.

ასეთ პირობებში ამერიკის პრობლემაა ის, თუ როგორ მართოს საკუთარი დაქვეითების და დაღმასვლის ურთულესი პროცესი. საერთაშორისო წესრიგის ყველაზე დიდმა ბურჯმა რყევა დაიწყო და დანარჩენი სამყარო საგონებელშია ამ დაქვეითების შესაძლო შედეგების გააზრებისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 5 წეილწადში, 2016 წელს ჩინეთი გაასწრებს ამერიკას ერთობლივი ეროვნული შემოსავლით, ანუ ჩინეთის ეკონომიკა 5 წელიწადში გადაასწრებს ამერიკის ეკონომიკას. მაგალითისათვის, ამერიკას სჭირდება 7  წელი იმისათვის, რომ ნიუ-იორკში მეტროს ახალი ხაზი გაიყვანოს, ხოლო ჩინეთი 1 წელიწადში აშენებს მეტროს მთელ სისტემას, ერთ ხაზს კი არა, 200 კმ სიგრძის ლიანდაგის მქონე სრულ სისტემას!

ამერიკის პოლიტიკური სისტემა პარალიზებულია, რაც ამერიკის მთავრობას არ აძლევს საშუალებას განახორციელოს ეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ახლა ამერიკის მმართველობა და იქ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად განჭვრეტადია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ამის გამო ამერიკაში დომინირებს შიშის ემოცია, ამიტომ ადამიანებს აღარ გააჩნიათ მკაფიო მოსაზრებები აქტუალური საკითხების ირგვლივ. მე მჯერა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამერიკა თავს დააღწევს ამ კრიზისსა და შეჭირვებას. მის პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ფიქრი ჩემი ინტერესის სფეროა, მაგრამ არა მგონია აქ ამ თემის გაშლის და დეტალებზე საუბრის აუცილებლიბა იყოს. გავიმეორებ მხოლოდ იმას, რომ ძველი წესრიგი, რომელიც დომინირებდა ამერიკისა და ევროპის მხრიდან, იცვლება წესრიგით, სადაც ძალაუფლება მძლავრად არის გაზიარებული არადასავლური მზარდი სახელმწიფოების მონაწილეობით. სახეზეა მარტივი სურათი:

ძველი წესრიგი - G7; ახალი წესრიგი - G20.

ამერიკა კვლავ რჩება ამ წესრიგის მთავარ ბურჯად და მისი დაღმასვლა, ჩემის აზრით დროებითია და მან უნდა შეძლოს მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ მისი შედარებითი გავლენა მაინც შემცირდება, რადგან არადასავლური სახელმწიფოები იზრდებიან და ვითარდებიან. ერთი მეტად ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ნურიელ რუბინის ფრთიანი გამონათქვამი მინდა გავიხსენო: ”ამერიკა დღეს არის ყველაზე მაღალი ლილიპუტი - სილამაზის კონკურსში ყველაზე ნაკლებად მახინჯი. ის არის ლიდერი არა იმიტომ, რომ ის საუკეთესოა, არამედ იმიტომ, რომ სხვები არიან ძალიან ცუდნი”.

ეს გამონათქვამი ცოტა ხნის წინათ არსებულ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას მაგონებს. მიშა იყო შედარებით მაღალრეიტინგული არა იმიტომ, რომ იგი მართლა მაგარია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია იყო მთლად წყალწაღებული და მის მიერვე დიდწილად მოსყიდული. დღეს კი საქართველოში სიტუაცია იცვლება. ცნობილი გამონათქვამის შესაბამისი განცდა მაქვს ”დრონი მეფობენ და არა მეფენი”.

შემდეგი სტატია იმედის ემოციის მქონე ქვეყნებზე გვექნება, ჩინეთი, ინდოეთი, ე.წ. ჩინდია!

Friday, November 11, 2011

გავლენისა და სიმდიდრის თანდათანობითი გადანაცვლება ჩრდილოატლანტიკური აუზიდან წყნარი ოკეანის აუზისაკენ

პირველად უახლეს ისტორიაში ჩვენი პლანეტის მომავალი აღარ იქნება განპირობებული მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.





მე სწორედ ამ მეგატრენდზე მსურს საუბარი, ანუ გავლენისა და სიმდიდრის დასავლეთიდან აზიისკენ გადანაწილებაზე, რასაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის მთელი რიგი შედეგები ექნება.

იმისათვის, რომ ეს გლობალური ცვლილება კარგად გავიაზროთ, უპრიანია ჯერ გლობალური ეკონომიკური განვითარების მოკლე ისტორია გავიხსენოთ.

ძალიან ბანალური იქნებოდა თქმა იმისა, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მათ მიერ გამოწვეული დესტაბილიზაციის ხანაში.  ეს საშიშროებანი ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში რეალურია. გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყოვლისმომცველია როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ევროზონის სახელმწიფო ვალის სიდიდე გლობალური ეკონომიკის ზრდას საფრთხეს უქმნის. გლობალური წესრიგიც ასევე გაურკვეველია. კეთილდღეობა და გავლენა იხრება ახალი გეოგრაფიული წერტილებისაკენ და ერებისაკენ. ძველი პოლიტიკური დოქტრინები და ერებს შორის ძალთა გადანაწილება შენარჩუნებადი აღარაა. ბუნებრივი გარემო, ტექნოლოგიები და მედია საშუალებები ჩვენს თვალწინ იცვლება, ეს კი, თავის მხრივ გამოიწვევს მთელ რიგ ცვლილებებს როგორც მთავრობებისა და ბიზნესებისათვის, ასევე ინდივიდუალური პიროვნებებისათვის.

1750 წელს ადამიანების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ მსოფლიო ეკონომიკის კონფიგურაცია მუდმივია და ის აღარ შეიცვლება. ამის დასამტკიცებლად ფაქტები მათ გააჩნდათ - 1750 წლამდე ცვლილებები და ეკონომიკური ზრდა მრავალი საუკუნის მანძილზე ძალიან უმნიშვნელო იყო.

რასაკვირველია მსოფლიო არ იყო მთლად სტატიკურ მდგომარეობაში, აშკარა იყო მეცნიერული პროგრესი. ფლორენციამ წარმოშვა რენესანსი ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ფინანსებში, კომერციაში, საბანკო საქმიანობაში, მეცნიერებასა და ინჟინერიაში. არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ადამიანის აზროვნებაში ადგილი აქვს ასეთი მასშტაბის გარღვევას და ადამიანის მოღვაწეობის ფართო სფეროებში დიდმასშტაბური ინოვაციები რეალიზდება. და მაინც, ეს ფენომენი კვლავაც მისტერიად რჩება და ბოლომდე არ არის ახსნილი, რატომ ხდება ხოლმე პერიოდულად ასეთი რანგის მოვლენები.

თუ ჩვენ ეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილის ცხოვრება რენესანსის მიღწევების მიუხედავად მაინც არ შეცვლილა. ეკონომიკის ზრდა იყო ძლიან მცირე. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ღატაკი, მცირედი მდიდარი ელიტის გამოკლებით. მხოლოდ ზოგან იყო მცირე კომერციაზე ორიენტირებული საშუალო ფენაც.

მე-18 საუკუნის დაახლოებით 50-იან წლებში ინგლისმა დაიწყო ინდუსტრიული რევოლუციის ახალი კურსი. ამას წინ უძღოდა აგრარული რევოლუცია და საკვები პროდუქტის ნამატის წარმოება. დაიწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა. ეკონომიკური ზრდა გაფართოვდა და უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად გახდა მდგრადი და სტაბილური. ეს მოდელი მე-19 საუკუნეში სწრაფად გავრცელდა კონტინენტალურ ევროპაში, შემდგომ კი ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ეს ეკონომიკური ზრდა 200 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. თანდათან ზრდის ტენდენცია არასრული ფორმით ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყნასაც შეეხო. ზრდის ტემპები წლიურად მხოლოდ 1-2%-ის ფარგლებში მერყეობდა.  200 წლის მანძილზე არსებული ეკონომიკური ზრდა და მისი სამეცნიერო ტექნოლოგიური ბაზისი იყო უმთავრესი ფაქტორი, რამაც გამოიწვია კეთილდღეობაში უზარმაზარი განსხვავება დასავლურ, ინდუსტრიალურ მოწინავე ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

200 წლიანი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის აქტიური დანერგვით წარმოებაში, ლოჯისტიკასა და კომუნიკაციებში, მენეჯმენტსა და ინსტიტუციონალურ ინოვაციაში, ქვეყნის მმართველობაში. ზრდა ასევე განაპირობა იმ მოდელებმა, რომლითაც პოლიტიკა და მთავრობა ურთიერთობდა ეკონომიკასთან.

ეკონომიკური ზრდის ეს სიკეთე პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეეხებოდა. 1950 წლისათვის საშუალო შემოსავალი ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 20-ჯერ გაიზარდა (დაახლოებით 500 დოლარიდან 10 000 დოლარამდე), მრავალ, უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში კი გაცილებით მეტადაც. მსოფლიო მოსახლეობის დანარჩენი 85% განიცდიდა მცირე ან სრულიად ნულოვან გაუმჯობესებას, ხოლო ზოგან მდგომარეობა კიდე უფრო გაუარესდა. ხალხთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებული იყო ნატურალური მეურნეობით და ცხოვრობდა სოფლად.

1750 წლამდე, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 100% იყო იგივე მდგომარეობაში, როგორშიც მსოფლიო მოსახლეობის 85% 1950 წლისათვის. ისინი იყვნენ ღარიბნი და ცხოვრობდნენ გარემოში, რომელიც იყო ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ჩამორჩენილი და სტაგნაციაში მყოფი. რა თქმა უნდა არსებობდა მცირე ჯგუფი მდიდრებისა, რომელთაც ეკუთვნოდათ მიწა და ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლება. 1750 წლამდე ქვეყნებს შორის განსხვავებაც იყო მცირე. კონტინენტური ევროპა და ჩინეთი ეკონომიკური ნიშნით დიდად არ განსხვავდებიდნენ ერთმანეთისაგან, უფრო მეტიც, მინგ დინასტიის დროს (დაახლოებით 1600 წლები) მკვლევართა აზრით ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მცირედით მეტი იყო ვიდრე ევროპელი მოსახლისა.

1950 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის სურათი იყო დასავლეთის 200 წლიანი უპრეცედენტო ეკონომიკური ისტორიის შედეგი.  740 მილიონო ადამიანი ცხოვრობდა ინდუსტრიულ ქვეყნებში და 4 მილიარდზე მეტი მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობისა - ჩამორჩენილობასა და სიდუხჭირეში. მსოფლიოს მანამდე არ ახსოვს ასეთი კონტრასტი და განსხვავება.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან კი ტენდენცია შეიცვალა, თუმცა კი მაშინ ძნელი იყო მისთვის მეგატრენდი გეწოდებინა. განვითარებული ქვეყნების მსგავსად დანარჩენმა სამყარომ, ანუ განვითარებადმა ქვეყნებმაც დაიწყეს ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ამ ქვეყნების რაოდენობა იყო მცირე და ადგილი ჰქონდა ზრდის მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებს. მოგვიანებით კი ზრდის ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა და დაჩქარდა. დასავლეთელ მეცნიერთა აზრით ამით დაიწყო ერთ საუკუნოვანი სვლა გლობალური ეკონომიკისადმი, რომლის ბოლო წერტილი და დანიშნულების ადგილიც ალბათ უნდა იყოს 2050 წლისათვის ის მსოფლიო, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 75% იცხოვრებს განვითარებულ ქვეყნებში აქედან გამომდინარე ყველა შედეგით: შემოსავლების გაზრდილი დონე, ენერგიისა და მოხმარების ზრდა, ბუნებასა და ეკოლოგიურ რესურსებზე გაზრდილი პრესინგი და საშიშროება. ეკონომიკური ზრდის მრავალ ქვეყანაზე გავრცელებას ასევე თან ახლავს უჩვეულო სისწრაფე. მაღალი ეკონომიკური ზრდის განვითარებადი ქვეყნები ახერხებენ 25-30 წლიან ზრდის პერიოდს, სადაც წლიურად 7%-ს და უფრო მეტ ზრდას აქვს ადგილი. ეს შევადაროთ დასავლური ქვეყნების 200 წლიან ზრდას - წლიურად 1,5-2%, ზოგჯერ 2,5%.

1750 წელს ევროპელისათვის რომ გვეთქვა, რომ 200 წლის შემდეგ ევროპას ექნებოდა შემოსავალი დაახლოებით 40-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აზიასო, ჩვენ ალბათ შეურაცხად ადამიანებად მიგვიჩნევდნენ. იგივე ლოგიკით, 1950 წელს რომ გეთქვათ რომ 100 წელიწადში შემოსავლები აზიასა და დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში გაუთანაბრდება დასავლური ქვეყნების შემოსავლების დონესო, ამ შემთხვევაშიც აბუჩად აგდება არ აგვცდებოდა. დღეს კი ფაქტია, რომ მოძრაობა სწორედ ამ ტრაექტორიაზე ხდება და მანძილის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. მიმდინარე პერიოდში წარმოიშობა კითხვები, რომელთა კანონზომიერ პასუხებზეც იქნება დამოკიდებული პროცესის ეფექტურობა. ასეთ კითხვათა რიგს განეკუთვნებიან:

  • რამ განაპირობა მსოფლიოს მოსახლეობის დამატებით 60%-ის კეთილდღეობის გზაზე დაყენების პროცესის დაწყება?
  • როგორ არის შესაძლებელი 10%-იანი ზრდის ტემპი, როდესაც წინა განვითარების ტემპი 2%-ს არ გასცილებია?
  • რა დრო სჭირდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას სრული გარდაქმნისა და მოწინავე ქვეყნის სტატუსში გადასვლისათვის?
  • არსებობს ბუნებრივი მუხრუჭები, რომლებიც გარდაუვლად შეაფერხებენ ამ პროცესს, ან მთლიანად შეაჩერებენ მას?
  • რა განაპირობებს ზრდას მოწინავე ქვეყნებში და იმუშავებს თუ არა იგივე ფაქტორები განვითარებად ქვეყნებშიც?
  • არის თუ არა დღევანდელი ფინანსური და გლობალური ეკონომიკური კრიზისი წინამორბედი იმ დესტრუქციული არასტაბილურობისა, რომელიც ჩემს მიერ დახატულ ტენდენციას შეაფერხებს ან მთლიანად დაამსხვრევს?
  • რა დაემართება ჩვენს ბუნებას და შეძლებს თუ არა ჩვენი ეკოსისტემა გაუძლოს 4-ჯერ გაზრდილ პრესინგს მსოფლიოს გამდიდრებული მოსახლეობის მხრიდან?
  • შევძლებთ კი საჭირო საკვებისა და ენერგიის წარმოებას, რაც დააკმაყოფილებს მდიდარი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას?
  • ის მენეჯმენტი და მმართველობა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის, რაც დღესაა ეფექტური იქნება მომავალშიც თუ საჭირო გახდება მისი ფუნდამენტური ცვლილება?



ჩემი მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარების დინამიკა და სტრატეგია უფრო გასაგები გავხადო ჩვენი მკითხველისათვის. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დღესაც გრძელდება თითქმის მეორე დიდ დეპრესიაში გადაიზარდა, მხოლოდ მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების ეფექტურმა ჩარევამ განაპირობა ამ კატასტროფის არდაშვება.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკამ დაძლია ეს კრიზისი მართლაც განსაცვიფრებელი სისწრაფით, ვიდრე დასავლეთის მოწინავე ეკონომიკებმა. დღეისათვის სწორედ ისინი წარმოადგენენ გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი გენერატორს. დასავლეთის მოწინავე ქვეყნები კი შედარებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უმუშევრობის მაღალი დონით და დაბალი ეკონომიკური ზრდით. მათ მაღალი სახელმწიფო სესხი და ბიუჯეტის უკონტროლო დეფიციტი აქვთ. ამ რთულ გარემოში მოწინავე ერები ცდილობენ შეთანხმებული კოლექტიური ქმედებებით შეძლონ გლობალური ეკონომიკის დაბალანსება-სტაბილიზირება, რათა დაუბრუნდნენ იმ პირობებს, სადაც კვლავ მიეცემათ ეკონომიკური ზრდის  საშუალება.

ამ კრიზისამდე საერთაშორისო კოოპერირების პრიორიტეტებს სახავდა დიდი შვიდეული ე.წ. G7, რომლებიც მოწინავე ქვეყნებს წარმოადგენდნენ. კრიზისის შემდეგ კი პრიორიტეტებს უკვე ე.წ. G20 აყალიბებს. აქ უკვე შედიან ზოგიერთი დიდი სახელმწიფო და ასევე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნები.

მთავარი შეკითხვა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგება შემდეგია:

შეძლებს თუ არა ”დიდი ოცეული” შეინარჩუნოს გლობალური ეკონომიკის ღია ხასიათი, საფინანსო სისტემის ეფექტურ რეგულირებას, თავიდან აიცილოს დამანგრეველი დეფლაციური ციკლი, შექმნას ეფექტური საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ და შეამსუბუქებენ  მომავალ შოკებს.

ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად შეძლებს G20 ამ ამოცანების გადაჭრას. ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ პირველად ისტორიაში, თანამშრომლობის  ატმოსფეროში ერთობლივ მუშაობას მოწინავე და სწრაფად განვითარებადი ქვეყნები.