Saturday, November 26, 2011

დამცირების ემოციონალური ზონა

დამცირება იმ უძლურების შეგრძნებაა, როდესაც ინდივიდი, კოლექტივი ან ერი გრძობს, რომ ის აღარ არის საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული პირობები სხვის მიერ არის ნაკარნახევი და თავსმოხვეული.

დამცირების ემოცია გარკვეულწილად ყველა საზოგადოებაში არსებობს და ზოგჯერ ის შესაძლებელია სტიმულადაც კი იქცეს სოციალური სტიმულირებისა და წარმატებისათვის - ”მე განახებ რისი გამკეთებელიც ვარ!”.

მიჩნეულია, რომ 70-ნი, 80-ნი წლების პირველი აზიური ეკონომიკური საოცრება იყო წარმატებული რეაქცია იმ ეროვნული დამცირების ემოციისა, რაც მაშინ სამხრეთ კორეასა და ტაივანს გააჩნდათ და სურდათ ყოფილი მჩაგვრელისათვის (იაპონია) ეჩვენებინათ, რომ მათაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა გლობალურ ეკონომიკურ არენაზე. არდანებების მსგავსი განცდა ასევე ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი გახლდათ დღევანდელი ჩინური რენესანსისა

დამცირების ემოცია, რომელიც აზიის რეგიონში იაპონიის დომინანტი როლის საპასუხოდ გავრცელდა, დღესაც მუშობს, როგორც მასტიმულირებელი და ენერგიის მიმცემი საშუალება. თავის მხრივ დამცირების ემოცია დღეს უკვე იაპონელებშიც არსებობს ჩინელების დაწინაურების გამო.

იმისათვის, რათა დამცირების ემოცია მასტიმულირებელ ფაქტორად იქცეს, აუცილებელია იმედის მარცვალის არსებობაც - იმედისმომცემი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც შესწევს უნარი უკეთესი მომავლის იმედის დროშის ქვეშ დარაზმოს საკუთარი ხალხი.

დამცირების ემოციას იმედის მარცვალის გარეშე მივყავართ სასოწარკვეთილებამდე და შურისძიებისაკენ, რაც შესაძლოა ნგრევის იმპულსად იქცეს. დღეს, ამ ფორმით დამცირების ემოცია დომინირებს  მეტწილად ახლო აღმოსავლეთის არაბულ ისლამურ სამყაროში. რაღა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ისლამურ სამყაროზე როგორც ერთ მონოლითურ ერთეულზე. ისლამური სამყარო მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ და კულტურულ ნაირსახეობებს: შიიტები სუნიტების წინააღმდეგ, ზომიერები რადიკალების წინააღმდეგ, ახლოაღმოსავლელები აზიელების წინააღმდეგ. რეგიონი გდაჭიმულია დასავლეთით მაროკოდან აღმოსავლეთით კი  პაკისტანსა და ავღანეთამდე. ისლამური სამყარო ექსტრემალურად დაყოფილი და განსხვავებულია. ირანელებს არანაირი კავშირი არა აქვთ არაბებთან და თურქებთან. თურქები თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობით უცილობლად ახლო აღმოსავლეთ მიეკუთვნება, მაგრამ თურქული ელიტა თავს ევროპელად თვლის და სურს ევროკავშირში გაერთიანება.

დამცირების ემოცია გავრცელებულია მუსულმანური საზოგადოების ყველა ფენაში - ღარიბებიდან დაწყებული დამთავრებული ყველაზე მდიდრებით და ვესტერნიზირებული ადამიანებით. ახალი მომძლავრებული და რადიკალიზებული ისლამური იდენტურობა სწრაფი ტემპით ვითარდება. ხშირად კითხულობენ რა არის წყარო და საზრისი ამ ახლადწარმოჩენილი ისლამური იდენტურობისა? - ის სათავეს იღებს ღრმა ისტორიიდან, ისლამი არის რელიგია, რომელიც მე-7 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა ბიზანტიისა და სასანიდების იმპერიის მიჯნაზე, რომლებიც მაშინ დომინირებდნენ დასავლურ სამყაროს. ამ ახალი რელიგიის სახელით არაბებმა დააარსეს ახალი იმპერია, ხალიფატი, რომელიც შუა აზიიდან ესპანეთამდე იყო გადაჭიმული. სულ მალე ამ იმპერიის ხელისუფლების ცენტრმა არაბეთის ნახევარკუნძულიდან მაროკოში გადაინაცვლა იქიდან კი ბაღდათში აბასიდების ბატონობის დროს. ამ მოვლენების პარალელურად არაბული ენა გავრცელდა და გადაიქცა კულტურის გავრცელების საშუალებად, რომელიც მუსულმანურ სამყაროს გასცდა. არაბული ენა გახდა ლათინურის ექვივალენტი, რომელიც იგივე როლს რომის იმპერიის დროს ასრულებდა, არაბული ენა იმ ეპოქაში თითქმის იგივე ფუნქციას ასრულებდა, რასაც თანამედროვე ეპოქაში ინგლისური ენა ასრულებს. არაბული იქცა უნივერსალურ ენად - Lingua Franca - რომელსაც იყენებდნენ მუსულმანებიც, ებრაელებიც და ქრისტიანებიც. მკვლევარები დღესაც კი ვერ საზღვრავენ დაბეჯითებით იმ პერიოდის ზოგიერთი მეცნიერული და ფილოსოფიურ ნაშრომთა ავტორების რელიგიურ მიკუთვნებულობას, რომლებიც წერდნენ და აზროვნებდნენ არაბულად. არაბულ ენაზე მოღვაწეობა არ ნიშნავდა ავტომატურად ავტორის მუსულმანობას. რამდენიმე წლის წინ კაიროში ისტორიული გამოფენაც კი მოეწყო სათაურით "როცა მეცნიერება ლაპარაკობდა არაბულად".

ოტომანთა ხანა მე-16-18 საუკუნეებში იყო ბოლო დიდი გამოვლინება ისლამური სამყაროს ბრწყინვალებისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს ხანა იყო დასაწყისი მუსულმანური სამყაროს დაკნინებისა და დაღმასვლის. ამ დროისათვის მუსულმანური ცივილიზაციის მმართველი ოჯახი ლაპარაკობდა უკვე თურქულად. ამ დროისათვის დასავლეთი უკვე მუსულმანურ სამყაროს მიმართ შეტევაზე ხოლო ოტომანები კი თავს დაცვაზე იყვნენ გადასულნი. მე-18 საუკუნეში დაწყებული ისლამის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური დაკნინება  დღესაც გრძელდება.

დღეისათვის მუსულმანი მოსახლეობის ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობაში შეიძლება იზრდება კიდეც, მაგრამ ისლამურ სამყაროში დომინირებს პოლიტიკური და კულტურული დამცირების განცდა, შესაბამისად გაძლიერებულია მოთხოვნა ღირსების აღდგენისა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურადაც. თაობიდან თაობაში ისლამური სამყაროს უმრავლესობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იცვლება - საკუთარი უპასუხისმგებლო ლიდერებით წახალისებულნი, იმის ნაცვლად, რომ შეეცადონ საკუთარი საზოგადოების თვითანალიზი და გამოსავალსაც  საკუთარ წიაღში მიეგნონ, ისინი იოლ გამოსავალს სჯერდებიან და განტევების ვაცს დასავლეთის, ამერიკისა და ისრაელის სახით აღმოაჩენენ ხოლმე. საკუთარი საზოგადოების წარუმატებლობა სხვას ბრალდება.

განა საქართველოშიც იგივე არ ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენც სხვას ვაბრალებთ ჩვენს უუნარობას?!

დამცირების ემოციის დომინირებას ისლამურ სამყაროში მრავალი წყარო აქვს, უმთავრესი მაინც ისტორიული დაკნინების განცდაა. ისლამისტური ფანტაზიების მთავარი გენერატორი დაკნინების შიშია - ემოცია, რომელიც უჩნდება ყველა ცივილიზაციას, იმპერიას, ერსა და საზოგადოებას სხვადასხვა ინტენსიურობითა და პერიოდულობით. ოსმალოები, მაგალითისათვის, ბოლო სამი საუკუნე შეპყრობილნი იყვნენ საკუთარი დაკნინების განცდით. მე-19 საუკუნის მანძილზე მათ ევროპის ჩლექიან კაცსაც კი ეძახდნენ -"Sick man of Europe".
ევროპელებიც კი ალაპარაკდნენ საკუთარ დაკნინებაზე პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისეთი მოაზროვნეების პირით, როგორებიც სპენგლერი და ტოინბი იყვნენ, "ჩვენ, ცივილიზაციებმა ვისწავლეთ, რომ ჩვენ ვართ მოკვდავნი" - 20-იან წლებში წერდა ფრანგი პოეტი და ფილოსოფოსი პოლ ვალერი.

ისლამურმა წარმოდგენამ საკუთარ დაკნინებაზე, რომლიც დაიწყო მე-17 საუკუნის ბოლოდან, ახალ სიღრმესა და გაქანებას მიაღწია მე-20 საუკუნეში. მე-7 საუკუნეში არაბებმა შექმნეს ცივილიზაცია, სადაც სხვა ხალხებს იზიდავდნენ და რთავდნენ, მე-19 მე-20 საუკუნეებში კი ისინი თავად აღმოჩდნენ შესრუტული და ჩართულნი ახალ სამყაროში, სხვის ცივილიზაციაში, რომელიც დასავლითის მიერ შეიქმნა. არაბებმა თითქოს უკვე შეასრულეს საკუთარი მისია ძველი ბერძნული ნააზრევისა და ფილოსოფიის კაცობრიობისათვის შენარჩუნებით და ცივილიზაციის ესტაფეტა დასავლეთს გადასცეს. ამ კონტექსტში არაბების ცნობილი მარცხი 1967 წლის ე.წ. ექვსდღიან ომში ებრაელებთან მათ მიერ აღქმული იყო არა მხოლოდ როგორც სამხედრო მარცხი, არამედ როგორც უფრო საფუძვლიანი, ზნეობრივი მარცხი და დაკნინება. არაბებმა დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა და ეს იყო აღქმული როგორც მთავარი პრობლემა არაბული სამყაროსი. პრობლემა იყო უფრო მეტად კულტურული და მორალური ხასიათის, ვიდრე პოლიტიკური ან ეკონომიკური, ეს იყო ისტორიული შეურაცყოფა-დამცირება.

ძნელია ბოლომდე ჩაწვდე ისლამურ სამყაროში დაკნინების განცდის წარმოშობის ყველა მიზეზს. ის დრო, როდესაც ქრისტიანულმა დასავლეთმა დაიწყო საკუთარი რენესანსი ემთხვევა ისლამის დაქვეითების დაწყებას. გარდატეხის მომენტად ხშირად სახელდება 1683 წელი, როდესაც ოსმალოებმა ვერ შეძლეს ალყაშემორტყმული ვენის აღება. მათ გააცნობიერეს, რომ ისტორია - აქამდე მათ სასარგებლოდ წარმართული - უკვე მიმართულებას იცვლიდა. მათ სჯეროდათ, რომ კონსტანტინეპოლის აღებით 1453 წელს ისინი იტორიის რჩეულნი გახდნენ.  მაგრამ მათი უუნარობა შეენარჩუნებინათ უპირატესობა ქრისტიანულ ევროპაზე სამხედრო ტექნოლოგიისა და განსაკუთრებით კი თოფის წამლის და იარაღის კუთხით, აღმოჩნდა ძირითადი ფაქტორი ძალაუფლებისა და გავლენის ისლამური სამყაროდან დასავლეთისკენ გადასვლის საქმეში.

ისლამურ სამყაროში არსებულ დამცირების ემოციის უმთავრესი გამომწვევი მიზეზებია:

  • მათი ისტორიული დაქვეითების განცდა
  • მათი დაქვემდებარება დასავლური იმპერიალიზმისადმი
  • მათი ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობის გამო არსებული იმედების არგამართლება
  • ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მისი წარმატებები
  • ისლამური სამყაროს ლიდერების უუნარობა
  • გლობალიზაციის პროცესით გამოწვეული იმედგაცრუება
  • ნავთობის როგორც იარაღის ეფექტურად ვერგამოყენება

ისრაელის სახელმწიფოს არსებობა ისტორიული, კულტურული, დემოგრაფიული და რელიგიური მიზეზების გამო იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ისლამური სამყაროს დამცირების განცდის არსებობაში . ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება 1948 წელს იყო სიმბოლური შოკი არაბული სამყაროსათვის. ეს მათ თვალში იყო სრული მტკიცებულება საკუთარი უუნარობისა. დასავლეთში ზოგს ეს განცდა შეიძლება გადაჭრბებულადაც კი მოეჩვენოს, რადგან ისრაელი უზარმაზარ ისლამურ რეგიონში პატარა ტერიტორიას იკავებს, მაგრამ არაბებისათვის ამ შემთხვევაში, არა ტერიტორიის სიდიდე, არამედ ამ პატარა ტერიტორიის არსია მნიშვნელოვანი - იერუსალიმი ხომ ისლამის ერთ-ერთ წმინდა ადგილად ითვლება!

ეგვიპტე ალბათ ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად იყო შეურაცყოფილი და დამცირებული ისრაელის არსებობით. ექვს დღიანმა ომმა დაამსხვრია პრეზიდენტ ნასერის არაბული ნაციონალიზმის ამბიცია. იგი მანამდე, 1956 წელს წინ აღუდგა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ისრაელის ნეოიმპერიალისტურ საომარ ქმედებას და სუეცის არხის ნაციონალიზაცია და ექსპროპრიაცია მოახდინა, არხი მანამდე ბრიტანელების ხელში იყო. ნასერი ამ საქმეში ამირიკისა და საბჭოთა კავშირის დახმარებასაც კი ოსტატურად იყენებდა.მაგამ 1967 წელს 3 მილიონიანმა პატარა ქვეყანამ საჰერო უპირატესობის წყალობით სრულიად გააცამტვერა ნასერის სამხედრო ძალები. რაც ეგვიპტის  ჭრილობებს მარილს უმატებდა იყო ის, რომ ისრაელი იჩემებდა ეგვიპტის ყოფილი მონების სულიერ მემკვიდრეობას, იმ მონების, რომლებიც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა. როგორ მოხდა, რომ ამ მონებმა თავად დაამცირეს ფარაონ რამზეს მეორის მემკვიდრეები?

რაღა თქმა უნდა აქვე უნდა ითქვას, რომ ისრაელმა თავადაც შეუწყო ხელი ისლამურ სამყაროში დამცირების ემოციის დამკვიდრებას, მათი დასახლებების განუწყვეტელი გაფართოებით პალესტინის სიღრმეში. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული არაერთი დაპირების მიუხედავად, ისრაელელებმა აჩვენეს უგულისყურო დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა განაწილდეს პალესტინელებზეც, ებრაელებზეც, არაბ პოლიტიკურ ლიდერებზეც და საერთაშორისო საზოგადოებრიობაზეც.

მუსულმანები ხშირად დამცირების ემოციას მთელს მსოფლიოში ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოვლინებითა და ტერორიზმით  პასუხობენ. განსაკუთრებულად ამერიკას ადანაშაულებენ, ასევე მათი რისხვა და იმედგაცრუება მიმართულია საკუთარი კორუმპირებული მთავრობებისკენ, რომლებიც ამერიკის მოკავშირენი და კლიენტები არიან.

ისლამური სამყარო კარგად ხედავს თუ რაოდენ კარგად იყენებენ გლობალიზაციის პროცესს აზიური და დასავლური ქვეყნები თავიანთ სასარგებლოდ მაშინ როდესაც თავად ისლამური სამყარო ამას ვერ ახერხებს. ისინი უკიდურესად მცირე ინვესტიციებს დებენ განათლებასა და მეცნიერულ კვლევებში. ისლამურ სამყაროში ადამიანური განვითარების ინდექსის დაბალი დონეა, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის დეფიციტია, დემოკრატიის პროგრესის არქონაა, მზარდი დიფერენციაციაა ღარიბთა და მდიდართა შორის და ეს ფაქტორები კიდევ უფრო ამძლავრებს მათში დამცირების ემოციას.


იბადება კითხვა: ნუთუ ისლამი არათავსებადია თანამედროვეობასთან, კაპიტალიზმთან და დემოკრატიასთან? შესაძლებელია იქ ჭეშმარიტად დემოკრატიული საარჩევნო პროცესი? მაშინ, როდესაც არ არსებობს ზოგადად დემოკრატიული კულტურა და მძლავრი საშუალო ფენა, არჩევნებია გარდაუვლად დააწინაურებს არადემოკრატიულ ძალებს, როგორც პალესტინაში ჰამასის გამარჯვებამ ხოლო ირანში ე.წ. ზომიერების დამარცხებამ ნათლად გვიჩვენა.მაგრამ ამავე დროს ჩვენი მეზობელი თურქეთი არის ბრწყინვალე მაგალითი ამ წინააღმდეგობის დაძლევისა. მათი გზა გარკვეულწილად დასავლურისა და აზიურის ჰიბრიდია, რომელსაც ბოლომდე ჩამოყალიბებული მოდელის სახე ჯერ არც კი მიუღია.

უახლოესი ისტორია იმას გვიჩვენებს, რომ არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი მოდერნისტული და დემოკრატიული ისლამის გამოკვეთისა და აღმოცენების. ურთიერთობა ისლამსა და პოლიტიკას შორის ფუნდამენტალურად განსხვავდება ურთიერთობისაგან ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის. მაგრამ ეს ავრომატურად მაინც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დემოკრატია ისლამისათვის სრულიად მიუღებელია. დიდი რაოდენობა მეცნიერებისა და მოაზროვნეების ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, მალაიზია, ინდონეზია იკვლევენ თუ როგორ მოხერხდეს თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად გატარდეს ისლამის ორაგნულად ბუნებრივი ღირებულებები - პლურალიზმი, ტოლერანტობა და სამოქალაქო მონაწილეობა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი მკვლევარის აზრით პრობლემები თავად ისლამის რელიგიაშია. პირველი პრობლემა ისაა, რომ ამ მკვლევარების აზრით მუსულმანისათვის დამოკიდებულება ღმერთთან არის შიშზე აგებული და ნაკლებად სიყვარულზე. მეორე პრობლემა ისაა, რომ მათივე მტკიცებით, ისლამმა იცის ზნეობრიობის მხოლოდ ერთი წყარო - შეუცდომელი წინასწარმეტყველი მუჰამედი. მესამე პრობლემა ისაა, რომ ისლამში მძლავრად დომინირებს სექსუალური მორალი, რომელიც მომდინარეობს მუჰამედის დროინდელი არაბული ტომობრივი ღირებულებიდან, რომლებიც ამ მკვლევართა აზრით, შეუსაბამოა თანამედროვეობასთან. მათი აზრით სწორედ ეს ელემენტებია რაც განაპირობებს ისლამის ჩამორჩენას დასავლეთისგან და ახლა უკვე აზიისგანაც.

დღეს სრულიად ნათელია, რომ ქალის, როგორც თანასწორის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების გარეშე ვერც-ერთი საზოგადოება ვერ მიაღწევს საკუთარი შესაძლებლობების სრულ გამოვლენას. გლობალური კონკურენციის პირობებში განა ძალუძთ მუსულმანურ ქვეყნებს კონკურენციაში შევიდნენ სხვასთან საკუთარი მოსახლეობის მხოლოდ ნახევარის პოტენციის გამოყენებით?

მზარდი რაოდენობა განათლებული ქალებისა ევროპაში, ამერიკასა და თავად ისლამურ სახელმწიფოებში იბრძვიან ქალთა უფლებებისათვის ისლამის შიგნით. ეს მოძრაობა შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რევოლუციად და ცვლილებების მომტანად ისლამურ სამყაროში. კულტურათა ურთიერთ გამდიდრება სწრაფად ვითარდება დარაღა თქმა უნდა დღეს, გლობალური კომუნიკაციების ქსელების ხანაში ვერც-ერთი კულტურა ვერ იქნება იზოლირებული სხვა კულტურების გავლენისაგან.

ასევე პოლიგამიის საკითხი არის ნათელი მაგალითი იმ უზარმაზარი სხვაობისა, რაც წარმოდგენებშია ტრადიციულ ისლამსა და დასავლეთს შორის. დასავლეთისთვის სრულიად მიუღებელია პოლიგამია, მრავალცოლიანობა. ხოლო მართლმორწმუნე მუსულმანისთვის, ეს ისლამური კანონისა და ადათის დიდი მიღწევაა. დასავლელების მიერ პოლიგამიის დაგმობა მუსულმანისათვის შეურაცყოფის მიყენებაა. მუსულმანები თანამედროვე დასავლური საერთაშორისო წესრიგისა და კანონის ქვეშ ცხოვრობენ და ამ დასავლურ თანამედროვეობასთან ისინი შეუსაბამობაში მოდიან. ამიტომაცაა, რომ ისლამურ სამყაროში თანამედროვე კულტურა ნაკელბად წახალისებულია და ხშირად იდევნება კიდეც. ასეთ პირობებში საშიშია იყო მოაზროვნე, ინტელექტუალი ან ხელოვანი, სადაც მმართველ დესპოტებსა და რელიგიურ ფუნდამენტალისტებს საერთო ინტერესები აქვს - ჩაახშონ და აკრძალონ კრეატიულობისა და შემოქმედების თავისუფალი გამოხატვა.

რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქვეყნებში მხოლოდ ღმერთია პასუხი მათ წარუმატებლობის დაძლევაზე. ეს კი არის გზა საბოლოო დამარცხებისა, რადგან ის არ სთავაზობს არანაირ აზრიან სტრატეგიას თანამედროვე პრობლემატიკის დასაძლევად. ღმერთი - როგორც ერთადერთი პასუხი წარუმატებლობიდან ამოსასვლელად - არის პასიურობის, უმოქმედობის, საკუთარი შინაგანი პოტენციის არგამოყენების, ფუნდამენტალიზმისა და უვიცობის გზა.

”ხელი გაანძრიე და ღმერთიც მაშინ გიშველისო!” - ქართველ კაცს უთქვამს და მეც ამ რჩევით ვამთავრებ ამ სტატიას.

Monday, November 21, 2011

იმედის ემოციონალური ზონის ქვეყნები, ჩინდია


როგორც წინა სტატიებში აღვნიშნავდით, იმედი გახლავთ გამოხატულება თვითრწმენის სიჭარბის, რომელიც ადამიანებს მომავლისაკენ უბიძგებს და სხვებთან ურთიერთობას უადვილებს. იმედის ძირითადი ზონა აზიის კონტინენტია. პირველად უახლოეს ისტორიაში თანამდეროვეობა და მოდერნიზაცია მხოლოდ ვესტერნიზაციას, ე.ი. მიბაძვასა და იმიტაციას აღარ უკავშირდება.  მოდერნიზაციის ახალი სკოლა ყალიბდება და მომდინარეობს უკვე აზიიდანაც.

ბოლო 30 წელზე მეტია, რაც ჩინეთი და ბოლო 20 წელია ინდოეთიც - ეს ორი აზიური გიგანტი - დაახლოებით 10%-იანი წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპით ხასიათდებიან და მსოფლიოს დომინანტ სახელმწიფოთა რიცხვში შედიან. ჩინდია, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, არის აზიის ორი სწრაფად განვითარებადი დემოგრაფიული გიგანტი.



ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული სახელმწიფოები არიან და ჩინეთი ეკონომიკურად 2-ჯერ მძლავრია ინდოეთზე. მაგრამ მათი საშუალო ფენის სტატუსს მიღწეული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია - 400 მილიონი ჩინეთში და 400 მილიონი ინდოეთში. მათი შეკრებით ვიღებთ 800 მილიონიან ერთეულს - მსოფლიო გიგანტს, რომელიც ცვლის საერთაშორისო ეკონომიკურ და სტრატეგიულ წესრიგს. მოსალოდნელია მიმდინარე დეკადის მანძილზე ამ რიცხვისათვის ახალი 1 მილიარდი საშუალო ფენის დამატება და ასეული მილიონობით ამ ქვეყნებში მცხოვრებ დანარჩენი მოსახლეობის ამოსვლა სიღატაკიდან.

ფართო გაგებით, რაღა თქმა უნდა ჩინდია გულისხმობს ორ ძლიერ განხვავებულ ცივილიზაციას და ორივე საკმარისი თვითრწმენითა და იმედიანობით აღსავსეა, რათა დანარჩენ სამყაროსთან ღია ურთიერთობებში შევიდეს როგორც ეკონომიკურად, ასევე კულტურულადაც. მხოლოდ შეშინებულ და საკუთარი თავისადმი ნაკლები რწმენის მქონე ერებს სჩვევიათ ჩაკეტვა, რათა თავიდან აიცილონ უცხოური ზეგავლენა. თვითრწმენა და კულტურული ჩაკეტილობის დაძლევა პირდაპირ დაკავშირებული ერთმანეთთან. მაგრამ, ამავე დროს, თვითრწმენა, რასაც ჩინდია განიცდის სპეციფიურია და ჩინეთის შემთხვევაში იგი არ ვრცელდება პოლიტიკურ სფეროზე. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩინეთის პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვთ მთლად სრული გაგება თავისუფლების და დემოკრატიის და წინააღმდეგობრივი ლოიალურობა ორივე სისტემის - კომუნიზმისა და კაპიტალიზმისადმი დიდხანს შენარჩუნებადი არ არის. პროგრესის განცდა მკვიდრდება ჩინეთის მილინობით ღატაკ ფენებშიც, სადაც შიმშილს, სიბრაზეს და სასოწარკვეთოლებას ასევე იმედის ემოცია შეცვლის.

იმედის ზონას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სხვა სახელმწიფოებიც განეკუთვნებიან: კამბოჯა, ბრუნეი, ლაოსი, ვიეტნამი, ტაილანდი, იდონეზია, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, სამხრეთ კორეა, ასევე სამხრეთ აფრიკა, თურქეთი ბრაზილია. მაგრამ იმედის ზონის ძირითადი ბინადარი მაინც ჩინეთი და ინდოეთია. მათი ეკონომიკური პროგრესი შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა, რომ მათ საზოგადოებაში ასევე შთამბეჭდავი ობიექტურად წარმოდგენილი პოტენციური სიძნელეები და წინააღმდეგობებია. ორივე ქვეყანა წარმოადგენს უნიკალურ და ამავე დროს განსხვავებულ მაგალითს. ჩინეთის მსოფლიო ავანსცენაზე ასეთი სისწრაფით დაბრუნება აჩენს უზარმაზარი სიამაყისა და თვითრწმენის განცდას. უკიდურესად ნათელია კონტრასტი 30 წლის წინანდელ და დღევანდელ ჩინეთს შორის.

ჩინეთი დედამიწაზე ყოველთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა იყო და აქედან გამომდინარე, მის მმართველებს გამუდმებით აწუხებდათ სოციალური და ეკონომიკური ქაოსის შიში. სწორედ ამის საპასუხოდ ჩამოყალიბდა ჩინეთში კულტურა და სისტემა, სადაც ინდივიდი ყოველთვის ექვემდებარებოდა კოლექტიურ ნებას და მის ლოგიკას. ჩინეთის ტერიტორიის ზომამ სხვა მნიშვნელოვანი კუთხითაც იმოქმედა ეროვნული ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. საკუთარ თავზე შექმნილი წარმოდგენა, როგორც დედამიწის ე.წ. ცენტრალური იმპერიისა - Middle Empire“ არ გულისხმობდა მხოლოდ მარტივ გეოგრაფიულ ცენტრს, არამედ ასევე რწმენას, რომ ჩინეთი გარკვეულწილად იყო სამყაროს მთავარი მიზიდულობის ცენტრი. მაგრამ, მაგალითისათვის, რუსეთისაგან განსხვავებით, ეს უზარმაზარი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იმპერია არ მოითხოვდა გაფართოებასა და ექსპანსიას იმისათვის, რომ ეარსება და განვითარებულიყო. ჩინეთის დიდი კედელი, პირიქით, ჩინეთის, როგორც გარკვეული თვალსაზრისით ნაკრძლის დამცავ ფუნქციას ასრულებდა. ჩინეთს ასევე არ სჭირდებოდა სხვა ხალხების დაპყრობა-დამორჩილება იმისათვის, რომ თავი განსაკუთრეულად და მნიშვნელოვნად ეგრძნო. რაღა თქმა უნდა ჩინეთი გაფართოვდა მაგრამ მისი ტერიტორიული ზრდა ხდებოდა არა იმდენად სამხედრო ძალის გამოყენებით რამდენადაც დემოგრაფიული ექსპანსიით. მაგალითად ჩინელების მასიური შედინება ტიბეტსა და ქსინჯუანის ანუ ჩინეთის თურქისტანის პროვონციაში.  აქტიური დემოგრაფიული ექსპანსია მიმდინარეობს ცენტრალურ აზიაშიც. მარტო ყაზახეთში ჩინელები თითქმის ნახევარი მილიონია. ასევე ციმბირში, თუმცა ისიც გასათვალისწინელებელია, რომ ჩინელთა რიცხვი თითქოს კლებულობს თავად ჩინეთში არსებული მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო.

წინა სტატიაში ჩინეთის ასეთი სწრაფი აღმასვლა  და მსოფლიო წესრიგის ხელახალი გადალაგება შევადარეთ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიის დაწინაურებას და აქვე ვთქვით, რომ ასეთი დიდი ცვლილება, ერთი დიდი დომინანტი ქვეყნის დაწინაურება და გლობალური გეოპოლიტიკური დაფის ცვლილება ისტორიულად ომის მიზეზი ხდებოდა ხოლმე.

დღეს მინდა ასევე დავძინო, რომ მრავალი მკვლევარის აზრით მეტოქეობა ჩინეთს, ინდოეთსა და იაპონიას შორის არ ჩამოაყალიბებს აზიის მომავალს ისე, როგორც ჩამოაყალიბა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს განლაგება მეტოქეობამ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს შორის.

განსხვავება მაშინდელ გერმანიასა და დღევანდელ ჩინეთს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება. ახლადგაერთიანებული გერმანია მაშინ იყო სუპერსახელმწიფო გამუდმებით სიჩქარის განცდაში იყო, განსაკუთრებით ბისმარკის წასვლის შემდეგ. გერმანია საკუთარ უსაფრთხებაში მთლად თვითდაჯერებული არ იყო. ჩინეთი კი, მისგან განსხვავებით აღმავალი სუპერსახელმწიფოა, რომლის დროის შეგრძნება გაცილებით ხანგრძლივ ვადიანია. მას არსად არ ეჩქარება, მან იცის, რომ გარკვეულწილად დრო მასსზე მუშაობს და ისტორია მის მხარესაა. იგი შორსაა თავის თავში ზედმეტად თავდაჯერებულობისაგან. იგი კარგად აცნობიერებს იმ უზარმაზარ წინააღმდეგობებს და მრავალჯერად პრობლემებს, რაც უნდა იქნეს მის მიერ დაძლეული შიდა განვითარების თვალსაზრისით. ჩინეთი უფრო მეტად ლუი ფილიპეს პრემიერ მინისტრის საფრანგეთს ჰგავს მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ხალხს რომ ეუბნეოდა ”გამდიდრდი და იყავი ჩუმად”. ეს ავტორიტარული კაპიტალიზმის მოდელია - ”ეკონომიკური კეთილდღეობა პოლიტიკური თავისუფლების სანაცვლოდ”. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ კი ეს კონტრაქტი დაიძლევა? ჩინელები კვლავაც გააგრძელებენ ჩუმად ყოფნას თუკი მათი გამდიდრების პროცესი შეწყდება?


ეკონომიკურად წარმატებული და არადემოკრატიული ქვეყნების - როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი - აღმასვლა არის ნიშანი ჩინეთისათვის იმისა, რომ ავტორიტარული მოდელი არის მყარი და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატიული გზა თანამედროვეობისა და მოდერნიზაციისკენ.


აქ დგება კითხვა: რამდენად შესაძლებელია შენარჩუნდეს ჩინეთის ეს ჰიბრიდული დამოკიდებულება, სადაც დასავლური კაპიტალიზმი და ინდივიდუალური ეკონომიკური ამბიცია თანაცხოვრობს აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმთან? მოკლევადიანად ამ მოდელმა ფაქტია, რომ იმუშავა, მაგრამ გრძელვადიანად, ვშიშობ, რომ ეს არ იქნება შენარჩუნებადი.


ინდივიდუალური თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ჩინეთის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის გზაზე. მაგრამ ჩინელების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ინდივიდუალური თავისუფლება გაცილებით დაბალი ღირებულებაა. ისინი ძირიტადად მოითხოვენ მატერიალურ პროგრესს, მისაღებ საცხოვრებელ პირობებს საზღვარგარეთ მოგზაურობის თავისუფლებას. ჩინელები დაიღალნენ ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე არსებული სიღარიბით, დეფიციტით, არეულობებით, რაც კიდევ უფრო გართულებული იყო ხისტი იდეოლოგიით. ჩინელების უმრავლესობა ახლა მიილტვის პოლიტიკური დაწყნარებისა და ამოსუნთქვის პერიოდისკენ. მაგრამ მათ ასევე სურთ და ელიან, რომ სახელმწიფომ ისინი დაიცვას კორუმპირებული და არაეფექტური ადგილობრივი მმართველებისაგან. ამ მოთხოვნებს გარდაუვლად პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. და მაინც, პოლიტიკური ცვლილებები მეტად ნელი ტემპით მიიზლაზნება, რაც ძირითადად მზარდი საშუალო კლასის მოთხოვნების ზრდით არის განპირობებული.


დღეს არსებული კომბინაცია ეკონომიკურ პროგრესსა და პოლიტიკურ სტაგნაციას შორის გაგრძელდება, რამდენადაც იმედის განცდა იქნება დომინანტი საზოგადოებაში. ჩინეთის ხელმძღვანელობა ძირითადად ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, რათა შეინარჩუნონ მათი მმართველობის ლეგიტიმაცია მოსახლეობაში და ამით კონტრაქტი ”ეკონომიკური კეთილდღეობა პოლიტიკური თავისუფლების სანაცვლოდ” ჩინური საზოგადოებისათვის მისაღები იქნება.


რაც შეეხება ჩინეთის საერთაშორისო პოლიტიკას. მოვლენების განვითარების მიხედვით მათ მალე მიეცემათ შანსი დიპლომატიურ ასპარეზზე დაიკავონ ცენტრალური ადგილი - ისევე, როგორც ამერიკა წარმოჩინდა და დაიკავა ცენტრალური ადგილი 1905 წელს, როცა ამერიკამ ორგანიზება გაუწია სან-ფრანცისკოს კონფერენციას, სადაც წერტილი დაესვა რუსეთ-იაპონიის ომი. ჩინეთი მოთმინებით მოელის ამის ჩინურ ექვივალენტს.


როგორც ჩანს ჩინეთის გავლენა გარდაუვლად გამოიწვევს ამერიკის გავლენის შემცირებას, განსაკუთრებით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.


ჩინეთის გავლენის ზრდის შეფერხებას ამერიკა ორი მიმართულებით შეეცდება. პირველია გათვლა იმაზე, რომ კაპიტალიზმი და ეკონომიკური ზრდა აიძულებს ჩინეთს იაროს დემოკრატიული ზომიერებისაკენ. მეორე კი ინდოეთის გავლენის გაფართოებაა.


მოდით ახლა ინდოეთისაკენ გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რამდენად რეალურია ამერიკელების გათვლა ინდოეთის პოზიტიური გავლენის თაობაზე აზიაში.


თუკი ჩინეთი უბრუნდება მსოფლო სცენას - სადაც მას ადრეც ეკავა ადგილი - ინდოეთის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ინდოეთის აღზევება ხდება პირველად ისტორიაში, ინდოეთი ამ ფორმით მხოლოდ უკანასკნელი 60 წელიწადია არსებობს. ინდოეთის შიდა წინააღმდეგობანი ისეთივე ღრმაა, როგორც ჩინეთის, მაგრამ ისინი განსხვავებული ხასიათისაა. ინდოეთის ლეგიტიმურ სიამაყეს - ”ყველაზე დიდი დემოკრატია მსოფლიოში”, მყარი ნიადაგი აქვს. ეს ისეთივე თეზად არის ქცეული ინდოეთში, როგორც ჩინენელების თეზა ”ყველაზე ძველი ცივილიზაცია მსოფლიოში”.


მაგრამ ინდოელების ეს საამაყო თეზა ცხოვრობს ინდოელების საკუთარი პოლიტიკური კლასის კორუფციულობასა და არაკომპეტენტურობით გამოწვეულ იმედგაცრუებასთან და ხელჩაქნილობასთან ერთად. მრავალი ინდოელი ინტელექტუალის მოსაზრებების თანახმად, ინდოეთის პოლიტიკური კლასი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესთაგანი. რაღა თქმა უნდა თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და თავისუფალი პრესა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაგრამ ეს უპირატესობები ფერმკრთალდება კორუფციის ეროზიული ბუნებით. დემოკრატიის აზრი განა წარმოდგენს რამეს კანონის უზენაესობის გარეშე? სხვა დიდი სისუსტე ინდოეთის დემოკრატიისაა ასევე მისი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კასტური სისტემაა. მდიდარი ინდოელები ვერც კი ამჩნევენ და თავს არ იწუხებენ მილიონობით ადამიანზე ფიქრით, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრობენ, მათთვის ეკონომიკური ზრდა არის ყველაფერი და სოციალური სამართლიანობა - უმნიშვნელო.


ინდოეთში ნათლად ჩანს, რომ მოდერნიზაცია არ იწვევს ავტომატურად თანასწორობას. მაგრამ გასაოცარია ის, თუ რას მიაღწია ინდოეთმა დროის ესოდენ მოკლე მონაკვეთში.


შედარებისათვის, რთული მულტიეთნიკურობა პრულარისტული ინდოეთისა იყოს ერთი ძირითადი მიზეზი მისი დემოკრატიის არსებობის და სტაბილურობის. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის ცენტრალიზებული ხასიათი განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფესა და ეფექტურობას და ამავე დროს იგი ჩინეთს ქაოსის სწრაფად გავრცელების საფრთხის ქვეშაც აყენებს, თუკი პოლიტიკური არასტაბილურობა წარმოიქმნება.


მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთი და ინდოეთი - იმედის ეს ორი იმპერია უჩვეულოდ მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან. ორივე ქვეყანამ უნდა გამოიყვანოს ასეულ მილიონობით ადამიანი უკიდურესი სიღატაკიდან, შეაჩეროს პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა, აღმოფხვრას შიდსისა და სხვა გადამდებ დაავადებათა ეპიდემია, შეამციროს სხვაობა პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის (რომელიც მომწიფებულ დასავლურ დემოკრატიასაც კი უჭირს). ამ სხაობის შემცირება ინდოეთის არაორგანიზებული დემოკრატიისათვის და ადამიანის თავსუფლების დამრთგუნველი ჩინური ავტოკრატიისათვის შეიძლება გადაულახავ პრობლემად იქცეს.


იმედის კულტურა, რომელიც მილიონობით ჩინელსა და ინდოელს მომავლისადმი ოპტიმიზმითა და თვითრწმენით სჭვალავს, უმეტესწილად არსებობს არა მათი პოლიტიკური სისტემებისა და ხელმძღვანელების დამსახურებით, არამედ მათგან დამოუკიდებლად.


როგორც კი ჩინეთი და ინდოეთი მძლავრად გამოვლენ მსოფლიო ავანსცენაზე, ორივეს წინაშე დადგება უზარმაზარი კითხვა მათ შორის მომავალი ურთიერთობებისა და ასევე სხვა სუპერსახელმწიფოებთან მათი დამოკიდებულებების თაობაზე. ორივესთვის მტავარი სირთულე იქნება იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება მათი ამერიკასთან, როგორც ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ზესახელმწიფოსთან ურთიერთობის პარამეტრები.


ინდოეთისა და ჩინეთის საერთაშორისო როლის ევოლუცია პირდაპირ არის დამოკიდებული მათ შიდა განვითარებასა და რეფურმების უნარზე. შეძლებს კი ჩინეთი დარჩეს გლობალური ეკონომიკის ზრდის მთავარი გენერატორის როლში, იყოს მსოფლიოს ყველაზე დიდი მოვაჭრე ქვეყანა თავისი შიგა პოლიტიკური სისტემის ევოლუციის გარეშე? რამდენი ხანი შეძლებს ინდოეთი იყოს მიმზიდველი მიმწოდებელი დასავლეთისთვის საქონლისა და მომსახურების კერძო და სამთავრობო კორუფციის აღმოფხვრის გარეშე?


როცა ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებად ყალიბდებიან, მათ უნდა იკისრონ გაზრდილი პასუხისმგებლობაც, რაც გაზრდილი ძლაუფლების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში საერთაშორისო წესებისა და ნორმების პატივისცემა არის აუცილებელი პირობა ამ გაზრდილი ძალისა და პასუხისმგებლობის.


მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე აზია გადაიქცა გაჭირვებისა და ომის კონტინენტიდან იმედის კონტინენტად. თუმც კი უნდა ვაღიაროთ, რომ იმედის ეს ფორმა ჯერ კიდევ მოკრძალებულია, იგი არ ეფუძნება დიდ, ამაღლებულ ხედვასა და ოცნებას მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების შესახებ. იმედის ეს ფორმა ჯერ მხოლოდ უბრალო ხედვაა მატერიალური კეთილდღეობის თანმიმდევრული გაუმჯობესების. მსოფლიოს მილიარდობით მშიერი მოსახლეობისათვის ეს მოკრძალებული ხედვა ცალსახად მიმზიდველია. მაგრამ იქნება კი ასეთი ვიწრო ხედვა საკმარისი გრძელვადიანად? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვათაგანი, რომელზეც 21-მა საუკუნემ უნდა გასცეს პასუხი.

Sunday, November 13, 2011

გავლენისა და სიმდიდრის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადასვლა (გაგრძელება)

ჩვენ ვაგრძელებთ თემას მსოფლიოში დღეისათვის არსებული ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მეგატრენდის შესახებ, რაც სიმდიდრისა და გავლენის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაადგილებაში გამოიხატება.


ვთქვით, რომ ძირითადად სამი ემოციური ზონაა მსოფლიოში: იმედი, შიში,  დამცირება.


ვთქვით ისიც, რომ იმედის ძირითადი ჰებითატი აზია გახლავთ, სადაც სოციალური და  კონომიკური გაუმჯობესების მაღალი ტემპია გაბატონებული. დიდი უმრავლესობა აზიის საშუალო ფენისა, არამარტო იღწვის იქით, რომ დაეწიოს დასავლეთს, არამედ სრულად არიან დარწმუნებულნი, რომ ეს მალე მოხდება. იმედი ეფუძნება იმას, რომ შენ აწმყოში აუმჯობესებ შენს მდგომარეობას და არა მხოლოდ რწმენას იმისას, რომ ოდესღაც მომავალში უკეთესად იქნება საქმე, ანუ იმედი არის არსებული რეალობა აწმყოში, ამ წუთას, აქ შენს გარემოში უკვე  განხორციელებული უკეთესობა. ამგვარად, აზიური სამყარო არა მხოლოდ თანმიმდევრულად სცილდება უკეთესი მომავლისადმი რწმენას, არამედ ამყარებს პირდაპირ და ცოცხალ იმედს  მატერიალურ პროგრესსა და გაუმჯობესებაზე, რომელსაც  ხედავენ, ესმით, ისმენენ, გრძნობენ, სინჯავენ და განიცდიან მათ ირგვლივ სწრაფად ცვალებადი სამყაროს პირობებში.

აღმშენებლობის პროცესი იქ უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ის რაც ამერიკაში ერთ წელზე მეტ ხანს მოითხოვს, ჩინეთში ერთ კვირაში მთავრდება. ყველაზე საწყენი ისაა, რომ თითქოს ამერიკელები შეეჩვივნენ კიდეც აზრს, რომ ამერიკის საუკეთესო ხანა წარსულში იყო და ჩინეთისა  მომავალშია. ეს განცდა მეტად გავრცელებულია მთელ ამერიკაში, პოპულარული აზრია, რომ თუკი მე-19 საუკუნე ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს, მეოცე - ამერიკას, 21-ე იქნება ჩინეთის.

მომდევნო გადაცემებში ამას გამოვკვეთავთ, მაგრამ ამ აზრის დასაბუთებისათვის მრავალი ემპირიული მონაცემი არსებობს. თუმც კი, მე მჯერა ამერიკული საზოგადოების შემომქმედი და გამომგონებლური ბუნების, მისი უზომო ნიჭის, მისი მოქნილი ეკონომიკის, მისი შრომის კულტურისა და ინოვაციური სულისკვეთების. ეს ყველაფერი არის წამყვანი ფაქტორები იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს წარმატებული ამ ცვლილებებით აღსავსე სამყაროში, მაგრამ დღეს სახეზეა ამერიკა, ქვეყანა ამოუწურავი შესაძლებლობებისა და პოტენციისა, რომელიც იმედგაცრუების, პოლიტიკური პარალიზებისა და ქაოსის მდგომარეობაშია და მომავლისადმი სკეპტიკური განცდითაა.

250 წლის მანძილზე პირველად  დასავლეთი უკვე ერთპიროვნულად ვეღარ წყვეტს კაცობრიობის ბედსა და პრიორიტეტებს. ცენტრალური როლის შეფარდებითი დაკარგვის ეს განცდა, დასავლეთში შიშის გამომწვევ გარკვეულ იდენტურობის კრიზისს იწვევს. ეს განცდა აერთიანებს დასავლური ცივილიზაციის ორ ტოტს - ამერიკულსა და ევროპულს. როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს მათში, ეს ორივე შტო ერთი და იგივე გამოწვევის წინაშეა - გლობალიზაცია ექსკლუზიურად მათ უკვე   აღარ ეკუთვნით.  განცდა რეალობისა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი საკუთარი მომავლისა არის შიშის მთავარი წყარო, რომელსაც დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა იზიარებს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დასავლური პოლიტიკური პროცესის პარალიზება, შემოსავლებს შორის არნახული დიფერენციაცია, სიმდიდრის უსამართლოდ და დაუმსახურებლად არათანაბარი განაწილება მოქალაქეებს დასავლეთის ორივე შტოს წარმომადგენელ ქვეყნებში უქმნის თავიანთი დემოკრატიული მოდელის, დემოკრატიული იდეალების გაუფასურების განცდას. ეს მოზღვავებული შიშის განცდა და კულტურა ამცირებს იმ ხარისხობრივ უპირატესობას, რაც ერთ დროს დემოკრატიულ რეჟიმებს ჰქონდათ არადემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებაში.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ევროპა  პრობლემის გადაჭრის  წყაროს ნაცვლად თავად ხდება პრობლემის წყარო. არადა სულ ცოტა ხნის წინად 1989 წლის ბერლინის კედლის დაცემა იყო სიმბოლური კულმინაცია ევროპის იმედის განცდისა და კულტურისა, როდესაც ევროპის მთელს კონტინენტზე ზეიმობდნენ იმ კედლის დაცემას, რომელიც ევროპას ყოფდა ორად. დღეს კი, სამწუხაროდ იქმნება იმის განცდა,  რომ ევროპელებს კვლავაც სურთ კედლის აღდგენა, რომელიც მათ დაიცავდა დანარჩენი სამყაროსგან,  დაიცავდა ევროპას გარე სამყაროსთან კონკურენციისაგან, სამხრეთული ქვეყნებიდან იმიგრაციისაგან, ისლამური ტერორიზმისაგან და ა.შ. მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპას კვლავაც აქვს ნიშური ბრწყინვალების სფეროები, ეკონომიკური სიძლიერის არეები, როგორიცაა: ფუფუნებისა და მაღალხარისხიანი საგნების ინდუსტრია; ატომური ენერგეტიკა საფრანგეთში; ზუსტი ხელსაწყოების, დანადგარების და მანქანათმშენებლობა გერმანიაში; საერთაშორისო მაღალი ფინანსები ლონდონში; საოჯახო ბიზნესის დინამიზმი იტალიაში. საკითხავია, თუ იქნება ეს საკმარისი ევროპული კონტინენტის ეკონომიკური დაკნინებისაგან დასაცავად? რომც მოახერხონ ევროპელებმა მეორე დიდი დეპრესიის თავიდან არიდება, მომავალი თანმიმდევრული დაღმასვლა თითქმის გარდაუვალია.  მე სულ ერთი კვირაა რაც ლონდონიდან დავბრუნდი და გამიჩნდა განცდა იმისა, რომ არის სრული გაურკვევლობა და შეშფოთება იმაზე, თუ რას ემსგავსება ევროპა. იქ არის შიში განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებიდან, ჩრდილო აფრიკიდან მომავალი ღარიბი მასების ემიგრაციისა.

მრავალი ევროპელის გონებაში ბარბაროსები არამარტო მოადგნენ ევროპის კარებს, არამედ უკვე ციხესიმაგრის კედლებზეც გადაცოცდნენ, კალიებივით შემოესივნენ და სამარადისოდ ცვლიან ევროპულ საზოგადოებას. როცა მე აღვწერ ამერიკული შიშისა და კულტურის განცდას, გათვალისწინებულია ჩემი პიროვნული მიდგომა ამერიკასთან. მე იქ მივიღე განათლება და ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. ამერიკა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ვიდრე მხოლოდ განათლების წყარო და ადგილი, რადგან ამერიკამ პოლიტიკურ ლტოლვილობაში ყოფნისას მაჩუქა სიცოცხლე, მომცა იმედი, სასოება, ოჯახი და შვილები, ოცნებების აღსრულება. ჩემი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის წლებმა  ჩემი ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალა. ჩემდა სამწუხაროდ,  2001-2008 წლების ამერიკა არ ჰგავს 90-იანი წლების დასაწყისის ამერიკას, რომელმაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. ამიტომ ამერიკის შემთხვევაში არ ვარ ნეიტრალური დამკვირვებელი და მაინც ვიტყვი, რომ ამერიკაც ევროპასთან ერთად არის დაეჭვებული და შიშით აღსავსე. იქ ხშირად კითხულობენ: დავკარგეთ ჩვენი მორალური უპირატესობა? დავკარგეთ ჩვენი უნიკლური ეროვნული მისია და ჩვენი ადგილი მსოფლიოში? დაიწყო ჩვენი დაღმასვლა? ისინი უკვე ეჭვის ქვეშ აყენებენ თავიანთი მოდელისა და სისტემის უნივერსალისზმსა და ეფექტურობას. ტრადიციულად ამერიკული ოპტიმიზმი, იდეალიზმი, ინდივიდუალიზმი, გამომგონებლობა, პროფესიონალიზმის კულტი, რწმენა საკუთარი უნიკალურობისა და ამერიკული ოცნებისა, წარმოადგენდა ამერიკული წარმატების სტრატეგიის მთავარ შემადგენელს. ახლა ამერიკელების ნაწილი ამ ამერიკული ღირებულებების უნიკალლურობაში ბზარს ხედავს. ამასთანავე ობიექტურად  ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული დინამიზმი, ბრწყინვალების კულტი, სიტუაციის გამოსწორების დიდი ტრადიცია, სოციალური და ეკონომიკური სიძნელეებიდან თავის დაღწევის უნარი, გაცილებით ძლიერია ვიდრე ევროპაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, ამერიკის დაქვეითების  რეალობა ნათელია.

ამერიკის ძალაუფლება და სიძლიერე აქამდე მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელის მიმზიდველობაში იყო. თუ კი ეს მოდელი აღარ არის ძველებურად მიმზიდველი და მას ყავლი გაუვიდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მაშინ მსოფლიოს ლიბერალური დემოკრატიის პოზიცია ნათელი აღარ არის. ამერიკა განიცდის თანდათანობით შედარებით დაღმასვლას, ჩვენ ვიმყოფებით ხანგრძლივ პერიოდში პოსტდასავლური მსოფლიოსაკენ. ეს არის მსოფლიო, სადაც დასავლური დიდი სახელმწიფოები ერთპიროვნულად უკვე ვეღარ მართავენ მსოფლიოს, ერთპიროვნულად ვეღარ აყალიბებენ მსოფლიო პროცესებს. ეს არ ნიშნავს მარტივ წარმოდგენას ამერიკული სამყაროს დასასრულის და მისი ჩინური საუკუნით ჩანაცვლებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება მსოფლიო, სადაც განსხვავებული ინტერესების მქონე მეგა სახელმწიფოებიიქნებიან ერთმანეთთან კონკურენციულ დაპირისპირებაში. აზიაში ჩინეთი შეეცდება ჰეგემონის როლის შეძენას და ეს იქნება ამერიკის პირდაპირი გამოწვევა. ამ შემთხვევაში გაჩნდება შეკითხვა - დაუშვებს თუ არა ამერიკა ჩინეთის ჰეგემონის როლს აზიაში? და თუ შეიარაღებული კონფლიქტის აუცილებლობის ალბათობა არსებობს, ის სადღაც აზიაში იქნება. გადავხედოთ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, სადაც ჩინეთი აცხადებს ტერიტორიულ მოთხოვნებს ამ წყლებში, ჯერ კი მხოლოდ 2011 წელია. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ჩინეთის სრული ძალა. დავუშვათ ჩინეთი შეუტევს მის ტრადიციულ გეოპოლიტიკურ მეტოქეს ვიეტნამს, როგორი იქნება ამაზე ამერიკის რეაქცია?

დიდი სახელმწიფონი არიან დიდნი მათი ექსპანსიური ბუნების გამო, ისინი სხვა ხალხების ტერიტორიების ექსპანსიასა და დაპყრობას აწარმოებენ და ამ ტერიტორიების ინკორპორირებას ახდენენ საკუთარ იმპერიაში. ამიტომაც არის, რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი იმპერიები გამოირჩევიან დიდი მრავალეთნიკურობით და მრავალეროვნულობით. ყველა მათგანს აქვს გავლენის სფეროები და აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიები. ეს კი, როგორც წესი კონფლიქტის პროვოცირების წყარო შეიძლება იყოს. ამიტომ, ჩვენ შევდივართ ძალიან საშიშ და არასტაბილურ ხანაში. დიდი სახლმწიფოების აღზევება-დაღმასვლაში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს და ასპარეზზე ახალი სუპერ სახელმწიფოების გამოჩენას ჩვეულებრივ, ომი მოსდევს ხოლმე, ასეთია ისტორიული რეალობა. ამიტომ დასავლეთის საერთაშორისო პოლიტიკა სწორედ ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს მიმართული. ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა წარიმართოს იქით, რომ მოხდეს დიდი სახელმწიფოების შემოყვანა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის სტრუქტურებში. ჩვენ უნდა გვსურდეს მათი ხილვა მოლაპარაკებების უმთავრეს მაგიდასთან, ე.წ G20 დიდ ოცელულში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ა.შ. რაღა თქმა უნდა ამის შემდეგ პრობლემა იქნება როგორ დაბალანსდეს საკუთარი ღირებულებები და უსაფრთხოების ინტერესები. საგარეო პოლიტიკა არის განუწყვეტელი ბალანსი რეალიზმსა და იდეალიზმს, ინტერესებსა და ღირებულებებს შორის, რომლებიც ძლიან იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.

ასეთ პირობებში ამერიკის პრობლემაა ის, თუ როგორ მართოს საკუთარი დაქვეითების და დაღმასვლის ურთულესი პროცესი. საერთაშორისო წესრიგის ყველაზე დიდმა ბურჯმა რყევა დაიწყო და დანარჩენი სამყარო საგონებელშია ამ დაქვეითების შესაძლო შედეგების გააზრებისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 5 წეილწადში, 2016 წელს ჩინეთი გაასწრებს ამერიკას ერთობლივი ეროვნული შემოსავლით, ანუ ჩინეთის ეკონომიკა 5 წელიწადში გადაასწრებს ამერიკის ეკონომიკას. მაგალითისათვის, ამერიკას სჭირდება 7  წელი იმისათვის, რომ ნიუ-იორკში მეტროს ახალი ხაზი გაიყვანოს, ხოლო ჩინეთი 1 წელიწადში აშენებს მეტროს მთელ სისტემას, ერთ ხაზს კი არა, 200 კმ სიგრძის ლიანდაგის მქონე სრულ სისტემას!

ამერიკის პოლიტიკური სისტემა პარალიზებულია, რაც ამერიკის მთავრობას არ აძლევს საშუალებას განახორციელოს ეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ახლა ამერიკის მმართველობა და იქ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად განჭვრეტადია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ამის გამო ამერიკაში დომინირებს შიშის ემოცია, ამიტომ ადამიანებს აღარ გააჩნიათ მკაფიო მოსაზრებები აქტუალური საკითხების ირგვლივ. მე მჯერა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამერიკა თავს დააღწევს ამ კრიზისსა და შეჭირვებას. მის პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ფიქრი ჩემი ინტერესის სფეროა, მაგრამ არა მგონია აქ ამ თემის გაშლის და დეტალებზე საუბრის აუცილებლიბა იყოს. გავიმეორებ მხოლოდ იმას, რომ ძველი წესრიგი, რომელიც დომინირებდა ამერიკისა და ევროპის მხრიდან, იცვლება წესრიგით, სადაც ძალაუფლება მძლავრად არის გაზიარებული არადასავლური მზარდი სახელმწიფოების მონაწილეობით. სახეზეა მარტივი სურათი:

ძველი წესრიგი - G7; ახალი წესრიგი - G20.

ამერიკა კვლავ რჩება ამ წესრიგის მთავარ ბურჯად და მისი დაღმასვლა, ჩემის აზრით დროებითია და მან უნდა შეძლოს მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ მისი შედარებითი გავლენა მაინც შემცირდება, რადგან არადასავლური სახელმწიფოები იზრდებიან და ვითარდებიან. ერთი მეტად ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ნურიელ რუბინის ფრთიანი გამონათქვამი მინდა გავიხსენო: ”ამერიკა დღეს არის ყველაზე მაღალი ლილიპუტი - სილამაზის კონკურსში ყველაზე ნაკლებად მახინჯი. ის არის ლიდერი არა იმიტომ, რომ ის საუკეთესოა, არამედ იმიტომ, რომ სხვები არიან ძალიან ცუდნი”.

ეს გამონათქვამი ცოტა ხნის წინათ არსებულ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას მაგონებს. მიშა იყო შედარებით მაღალრეიტინგული არა იმიტომ, რომ იგი მართლა მაგარია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია იყო მთლად წყალწაღებული და მის მიერვე დიდწილად მოსყიდული. დღეს კი საქართველოში სიტუაცია იცვლება. ცნობილი გამონათქვამის შესაბამისი განცდა მაქვს ”დრონი მეფობენ და არა მეფენი”.

შემდეგი სტატია იმედის ემოციის მქონე ქვეყნებზე გვექნება, ჩინეთი, ინდოეთი, ე.წ. ჩინდია!

Friday, November 11, 2011

გავლენისა და სიმდიდრის თანდათანობითი გადანაცვლება ჩრდილოატლანტიკური აუზიდან წყნარი ოკეანის აუზისაკენ

პირველად უახლეს ისტორიაში ჩვენი პლანეტის მომავალი აღარ იქნება განპირობებული მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.





მე სწორედ ამ მეგატრენდზე მსურს საუბარი, ანუ გავლენისა და სიმდიდრის დასავლეთიდან აზიისკენ გადანაწილებაზე, რასაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის მთელი რიგი შედეგები ექნება.

იმისათვის, რომ ეს გლობალური ცვლილება კარგად გავიაზროთ, უპრიანია ჯერ გლობალური ეკონომიკური განვითარების მოკლე ისტორია გავიხსენოთ.

ძალიან ბანალური იქნებოდა თქმა იმისა, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მათ მიერ გამოწვეული დესტაბილიზაციის ხანაშიეს საშიშროებანი ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში რეალურია. გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყოვლისმომცველია როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ევროზონის სახელმწიფო ვალის სიდიდე გლობალური ეკონომიკის ზრდას საფრთხეს უქმნის. გლობალური წესრიგიც ასევე გაურკვეველია. კეთილდღეობა და გავლენა იხრება ახალი გეოგრაფიული წერტილებისაკენ და ერებისაკენ. ძველი პოლიტიკური დოქტრინები და ერებს შორის ძალთა გადანაწილება შენარჩუნებადი აღარაა. ბუნებრივი გარემო, ტექნოლოგიები და მედია საშუალებები ჩვენს თვალწინ იცვლება, ეს კი, თავის მხრივ გამოიწვევს მთელ რიგ ცვლილებებს როგორც მთავრობებისა და ბიზნესებისათვის, ასევე ინდივიდუალური პიროვნებებისათვის.

1750 წელს ადამიანების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ მსოფლიო ეკონომიკის კონფიგურაცია მუდმივია და ის აღარ შეიცვლება. ამის დასამტკიცებლად ფაქტები მათ გააჩნდათ - 1750 წლამდე ცვლილებები და ეკონომიკური ზრდა მრავალი საუკუნის მანძილზე ძალიან უმნიშვნელო იყო.

რასაკვირველია მსოფლიო არ იყო მთლად სტატიკურ მდგომარეობაში, აშკარა იყო მეცნიერული პროგრესი. ფლორენციამ წარმოშვა რენესანსი ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ფინანსებში, კომერციაში, საბანკო საქმიანობაში, მეცნიერებასა და ინჟინერიაში. არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ადამიანის აზროვნებაში ადგილი აქვს ასეთი მასშტაბის გარღვევას და ადამიანის მოღვაწეობის ფართო სფეროებში დიდმასშტაბური ინოვაციები რეალიზდება. და მაინც, ეს ფენომენი კვლავაც მისტერიად რჩება და ბოლომდე არ არის ახსნილი, რატომ ხდება ხოლმე პერიოდულად ასეთი რანგის მოვლენები.

თუ ჩვენ ეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილის ცხოვრება რენესანსის მიღწევების მიუხედავად მაინც არ შეცვლილა. ეკონომიკის ზრდა იყო ძლიან მცირე. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ღატაკი, მცირედი მდიდარი ელიტის გამოკლებით. მხოლოდ ზოგან იყო მცირე კომერციაზე ორიენტირებული საშუალო ფენაც.

მე-18 საუკუნის დაახლოებით 50-იან წლებში ინგლისმა დაიწყო ინდუსტრიული რევოლუციის ახალი კურსი. ამას წინ უძღოდა აგრარული რევოლუცია და საკვები პროდუქტის ნამატის წარმოება. დაიწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა. ეკონომიკური ზრდა გაფართოვდა და უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად გახდა მდგრადი და სტაბილური. ეს მოდელი მე-19 საუკუნეში სწრაფად გავრცელდა კონტინენტალურ ევროპაში, შემდგომ კი ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ეს ეკონომიკური ზრდა 200 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. თანდათან ზრდის ტენდენცია არასრული ფორმით ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყნასაც შეეხო. ზრდის ტემპები წლიურად მხოლოდ 1-2%-ის ფარგლებში მერყეობდა.  200 წლის მანძილზე არსებული ეკონომიკური ზრდა და მისი სამეცნიერო ტექნოლოგიური ბაზისი იყო უმთავრესი ფაქტორი, რამაც გამოიწვია კეთილდღეობაში უზარმაზარი განსხვავება დასავლურ, ინდუსტრიალურ მოწინავე ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

200 წლიანი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის აქტიური დანერგვით წარმოებაში, ლოჯისტიკასა და კომუნიკაციებში, მენეჯმენტსა და ინსტიტუციონალურ ინოვაციაში, ქვეყნის მმართველობაში. ზრდა ასევე განაპირობა იმ მოდელებმა, რომლითაც პოლიტიკა და მთავრობა ურთიერთობდა ეკონომიკასთან.

ეკონომიკური ზრდის ეს სიკეთე პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 15%- შეეხებოდა. 1950 წლისათვის საშუალო შემოსავალი ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 20-ჯერ გაიზარდა (დაახლოებით 500 დოლარიდან 10 000 დოლარამდე), მრავალ, უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში კი გაცილებით მეტადაც. მსოფლიო მოსახლეობის დანარჩენი 85% განიცდიდა მცირე ან სრულიად ნულოვან გაუმჯობესებას, ხოლო ზოგან მდგომარეობა კიდე უფრო გაუარესდა. ხალხთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებული იყო ნატურალური მეურნეობით და ცხოვრობდა სოფლად.

1750 წლამდე, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 100% იყო იგივე მდგომარეობაში, როგორშიც მსოფლიო მოსახლეობის 85% 1950 წლისათვის. ისინი იყვნენ ღარიბნი და ცხოვრობდნენ გარემოში, რომელიც იყო ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ჩამორჩენილი და სტაგნაციაში მყოფი. რა თქმა უნდა არსებობდა მცირე ჯგუფი მდიდრებისა, რომელთაც ეკუთვნოდათ მიწა და ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლება. 1750 წლამდე ქვეყნებს შორის განსხვავებაც იყო მცირე. კონტინენტური ევროპა და ჩინეთი ეკონომიკური ნიშნით დიდად არ განსხვავდებიდნენ ერთმანეთისაგან, უფრო მეტიც, მინგ დინასტიის დროს (დაახლოებით 1600 წლები) მკვლევართა აზრით ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მცირედით მეტი იყო ვიდრე ევროპელი მოსახლისა.

1950 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის სურათი იყო დასავლეთის 200 წლიანი უპრეცედენტო ეკონომიკური ისტორიის შედეგი.  740 მილიონო ადამიანი ცხოვრობდა ინდუსტრიულ ქვეყნებში და 4 მილიარდზე მეტი მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობისა - ჩამორჩენილობასა და სიდუხჭირეში. მსოფლიოს მანამდე არ ახსოვს ასეთი კონტრასტი და განსხვავება.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან კი ტენდენცია შეიცვალა, თუმცა კი მაშინ ძნელი იყო მისთვის მეგატრენდი გეწოდებინა. განვითარებული ქვეყნების მსგავსად დანარჩენმა სამყარომ, ანუ განვითარებადმა ქვეყნებმაც დაიწყეს ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ამ ქვეყნების რაოდენობა იყო მცირე და ადგილი ჰქონდა ზრდის მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებს. მოგვიანებით კი ზრდის ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა და დაჩქარდა. დასავლეთელ მეცნიერთა აზრით ამით დაიწყო ერთ საუკუნოვანი სვლა გლობალური ეკონომიკისადმი, რომლის ბოლო წერტილი და დანიშნულების ადგილიც ალბათ უნდა იყოს 2050 წლისათვის ის მსოფლიო, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 75% იცხოვრებს განვითარებულ ქვეყნებში აქედან გამომდინარე ყველა შედეგით: შემოსავლების გაზრდილი დონე, ენერგიისა და მოხმარების ზრდა, ბუნებასა და ეკოლოგიურ რესურსებზე გაზრდილი პრესინგი და საშიშროება. ეკონომიკური ზრდის მრავალ ქვეყანაზე გავრცელებას ასევე თან ახლავს უჩვეულო სისწრაფე. მაღალი ეკონომიკური ზრდის განვითარებადი ქვეყნები ახერხებენ 25-30 წლიან ზრდის პერიოდს, სადაც წლიურად 7%- და უფრო მეტ ზრდას აქვს ადგილი. ეს შევადაროთ დასავლური ქვეყნების 200 წლიან ზრდას - წლიურად 1,5-2%, ზოგჯერ 2,5%.

1750 წელს ევროპელისათვის რომ გვეთქვა, რომ 200 წლის შემდეგ ევროპას ექნებოდა შემოსავალი დაახლოებით 40-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აზიასო, ჩვენ ალბათ შეურაცხად ადამიანებად მიგვიჩნევდნენ. იგივე ლოგიკით, 1950 წელს რომ გეთქვათ რომ 100 წელიწადში შემოსავლები აზიასა და დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში გაუთანაბრდება დასავლური ქვეყნების შემოსავლების დონესო, ამ შემთხვევაშიც აბუჩად აგდება არ აგვცდებოდა. დღეს კი ფაქტია, რომ მოძრაობა სწორედ ამ ტრაექტორიაზე ხდება და მანძილის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. მიმდინარე პერიოდში წარმოიშობა კითხვები, რომელთა კანონზომიერ პასუხებზეც იქნება დამოკიდებული პროცესის ეფექტურობაასეთ კითხვათა რიგს განეკუთვნებიან:

  • რამ განაპირობა მსოფლიოს მოსახლეობის დამატებით 60%-ის კეთილდღეობის გზაზე დაყენების პროცესის დაწყება?
  • როგორ არის შესაძლებელი 10%-იანი ზრდის ტემპი, როდესაც წინა განვითარების ტემპი 2%- არ გასცილებია?
  • რა დრო სჭირდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას სრული გარდაქმნისა და მოწინავე ქვეყნის სტატუსში გადასვლისათვის?
  • არსებობს ბუნებრივი მუხრუჭები, რომლებიც გარდაუვლად შეაფერხებენ ამ პროცესს, ან მთლიანად შეაჩერებენ მას?
  • რა განაპირობებს ზრდას მოწინავე ქვეყნებში და იმუშავებს თუ არა იგივე ფაქტორები განვითარებად ქვეყნებშიც?
  • არის თუ არა დღევანდელი ფინანსური და გლობალური ეკონომიკური კრიზისი წინამორბედი იმ დესტრუქციული არასტაბილურობისა, რომელიც ჩემს მიერ დახატულ ტენდენციას შეაფერხებს ან მთლიანად დაამსხვრევს?
  • რა დაემართება ჩვენს ბუნებას და შეძლებს თუ არა ჩვენი ეკოსისტემა გაუძლოს 4-ჯერ გაზრდილ პრესინგს მსოფლიოს გამდიდრებული მოსახლეობის მხრიდან?
  • შევძლებთ კი საჭირო საკვებისა და ენერგიის წარმოებას, რაც დააკმაყოფილებს მდიდარი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას?
  • ის მენეჯმენტი და მმართველობა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის, რაც დღესაა ეფექტური იქნება მომავალშიც თუ საჭირო გახდება მისი ფუნდამენტური ცვლილება?



ჩემი მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარების დინამიკა და სტრატეგია უფრო გასაგები გავხადო ჩვენი მკითხველისათვის. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დღესაც გრძელდება თითქმის მეორე დიდ დეპრესიაში გადაიზარდა, მხოლოდ მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების ეფექტურმა ჩარევამ განაპირობა ამ კატასტროფის არდაშვება.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკამ დაძლია ეს კრიზისი მართლაც განსაცვიფრებელი სისწრაფით, ვიდრე დასავლეთის მოწინავე ეკონომიკებმა. დღეისათვის სწორედ ისინი წარმოადგენენ გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი გენერატორს. დასავლეთის მოწინავე ქვეყნები კი შედარებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უმუშევრობის მაღალი დონით და დაბალი ეკონომიკური ზრდით. მათ მაღალი სახელმწიფო სესხი და ბიუჯეტის უკონტროლო დეფიციტი აქვთ. ამ რთულ გარემოში მოწინავე ერები ცდილობენ შეთანხმებული კოლექტიური ქმედებებით შეძლონ გლობალური ეკონომიკის დაბალანსება-სტაბილიზირება, რათა დაუბრუნდნენ იმ პირობებს, სადაც კვლავ მიეცემათ ეკონომიკური ზრდის  საშუალება.

ამ კრიზისამდე საერთაშორისო კოოპერირების პრიორიტეტებს სახავდა დიდი შვიდეული .. G7, რომლებიც მოწინავე ქვეყნებს წარმოადგენდნენ. კრიზისის შემდეგ კი პრიორიტეტებს უკვე .. G20 აყალიბებს. აქ უკვე შედიან ზოგიერთი დიდი სახელმწიფო და ასევე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნები.

მთავარი შეკითხვა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგება შემდეგია:

შეძლებს თუ არადიდი ოცეულიშეინარჩუნოს გლობალური ეკონომიკის ღია ხასიათი, საფინანსო სისტემის ეფექტურ რეგულირებას, თავიდან აიცილოს დამანგრეველი დეფლაციური ციკლი, შექმნას ეფექტური საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ და შეამსუბუქებენ  მომავალ შოკებს.

ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად შეძლებს G20 ამ ამოცანების გადაჭრას. ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ პირველად ისტორიაში, თანამშრომლობის  ატმოსფეროში ერთობლივ მუშაობას მოწინავე და სწრაფად განვითარებადი ქვეყნები.